“ის სკანდალური მხილებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან აშშ-ს საგარეო დახმარების არაჯეროვნად გამოყენებასთან დაკავშირებით ვხედავთ, არის ჩვენთვის სიგნალი იმისა, რომ ჩვენს კანონმდებლობას ჩავხედოთ და ვიყოთ მზად იმისთვის, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავის დაცვა გარე ჩარევებისგან შეძლოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც “ქართული ოცნების“ მიერ მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა.
მისივე მტკიცებით, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში.
“დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში, ამისთვის ისინი სხვადასხვა ორგანიზაციებს ადგილზე იყენებდნენ, რომელიც მათ შორის, ფუძნდებოდა ზუსტად ამ მიზნით, რომ მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას, იქნებოდა ეს არაკომერციული ორგანიზაციები, თუ მედიასაშუალებები. თქვენ ნახეთ, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ცნობილი მედიასაშუალებებიც კი აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან ყოფილა დაფინანსებული და აქედანაც ირკვევა, რომ მაგალითად: “პოლიტიკო“ ან სხვა გამოცემა, რომელიც მიკერძოებულად აშუქებდნენ ამა თუ იმ მოვლენებს და პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდათ ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების მხარდასაჭერად, თუ სხვა ლიდერების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამიტომ ამ სკანდალურმა მხილებებმა, რა თქმა უნდა, გვიბიძგა, რომ ამაზე უფრო მეტი ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემდეგი ორი თვის განმავლობაში ამ იდეებზე ვიმუშავებთ, უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ კანონპროექტებს და ამის საჯარო განხილვა გვექნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
“რაც შეეხება “ფარას“, თქვენ ნახეთ, რომ ბევრი შეეცადა, რომ “გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ბუნდოვანი გარემო შეექმნათ. მათ შორის, თარგმანში დაეკარგათ უცხოელები იმისთვის, რომ დისკრედიტაცია გამჭვირვალობის იდეის მოეხდინათ. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ - აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატები, არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი მოწყობა, კანონმდებლობა, სისტემა შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. აგერ არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა “ფარასთან“ დაკავშირებით, სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ. თუ კი რაიმე კითხვა გაქვთ კანონთან დაკავშირებით, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს ამერიკაში და ა.შ.“, - განაცხადა პაპუაშვილმა და საუბარში აღნიშნა, რომ “მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა“.
“მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა. ამ სკანდალური მხილებებიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ თურმე აშშ-ს ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციების საშუალებებით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, გავლენა ამა თუ იმ ქვეყანასა თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. აქაც ვნახეთ მხილებები თუ როგორ იჯდა დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია იმისთვის, რომ ზუსტად ის პროპაგანდა გაეტარებინა, რომელიც დამფინანსებელს სურდა. მეორე, ჩვენ ვსაუბრობთ "FAKE ნიუსებზე", როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს FAKE ნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ ხშირად. ასე, რომ "FAKE ნიუსებთან" ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა უნდა, ვებრძოლოთ. ამიტომ, არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს - ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ. რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? - მიმართეთ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. ან თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.