უკვე 19 დღეა, რაც ჟურნალისტი, "ბათუმელებისა“ და“ნეტგაზეთის თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი შიმშილობს.
ის11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის.
2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.
15 იანვარს მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. უკვე პოლიციის განყოფილებაში კი რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს მისი შეკავება და ოთახიდან გაყვანა.
მზია ამაღლობელი აღნიშნავს, რომ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და განაგრძობდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი შესვლისას კი მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. მისივე ბრძანების შესაბამისად, ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.
"პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დაკავებულ ქალს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება...
მრავლისმეტყველია, რომ დაკავებული ჟურნალისტი სასამართლო პროცესზე მარია რესას წიგნით - "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ წარსდგა. ნობელიანტი ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა და პლატფორმა X-ზე გააზიარა პოსტები, რომელსაც დართული აქვს მზიას სასამართლო პროცესის ფოტოები. ”საპროტესტო აქციების 47 დღის შემდეგ… ეს წარმოუდგენელია #თავისუფლება საქართველოს“ - წერს მარია რესა.
ჟურნალისტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები ყოველდღე იმართება თბილისსა და ბათუმში.
მიუხედავად არა ერთი მხრიდან თხოვნისა, მზია მტკიცედ დგას და პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას არ წყვეტს, რაც მის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
"დემოკრატია არ არის საჩუქარი, ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ამბობს მზია. "იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის!“ - შემოთვალა საკანში გამომწყვდეულმა ჟურნალისტმა, რომელიც რამდენიმე დღეა, რაც ქვეყნის დემოკრატიისთვის ბრძოლის და სიტყვის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
მანანა ამაღლობელი, მზიას ძმისშვილი:
"მზია ჩემი მამიდა და მამიდაზე ბევრად მეტია. მას დიდი როლი აქვს ჩემი დედმამიშვილების აღზრდა-განათლებაში და ადამიანებად ჩამოყალიბებაში. 1992 წელს 6 წლის ვიყავი, როცა მამა, მზიას 28 წლის ძმა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. მზია დედმამიშვილებში ყველაზე პატარაა, მაშინ ის პირველი კურსის სტუდენტი იყო. დედა, ბებო და მზია დარჩნენ 4 პატარა ბავშვით სოფელ ჭვანაში (შუახევის რაიონის სოფელი), საშუალო სკოლა იქ დავამთავრეთ. მამიდა და-ძმებს მზრუნველობდა და მფარველობდა, მზია იყო ჩვენი დედაც, მამაც და ყველაფერი. არ არსებობდა შაბათ-კვირა, ჩვენთან არ ამოსულიყო. როცა სკოლა დავამთავრეთ, ბათუმში წავედით სასწავლებლად და მზიასთან ვიზრდებოდით. ის ყველანაირად გვერდში გვედგა - მორალურად, ფინანსურად, რაც კი შეიძლება ადამიანს დადებითი გააჩნდეს, მზიასგან გვაქვს. მისი დამსახურებაა დღეს ვინც ვარ...
მზიას ჯანმრთელობა (არ დავაკონკრეტებ, რა აწუხებს) არ უწყობს ხელს, ყველა მისი დაავადება სტრესითაა გამოწვეული - ჯერ ძმა (მამაჩემი) გარდაეცვალა, 4 წელიწადში მამა. თავიდან აპირებდა, საერთოდ შეეწყვიტა სწავლა და სოფელში დარჩენილიყო, დედაჩემს დახმარებოდა. არ დაუშვეს, ვინაიდან ყველაზე მეტად მის გარდაცვლილ ძმას ეწყინებოდა. მამას დიდი სურვილი იყო მზიას ესწავლა. მზიამ დედას უთხრა, ბავშვებმა სკოლა დაასრულონ და მერე მე მივხედავო, ასეც მოიქცა, სიტყვა შეასრულა. მერე მოხდა ისე, რომ მეორე ძმის შვილი გარდაეცვალა, 24 წლის თეო, მზიას შვილივით გაზრდილი გოგონა... ჩათვალეთ, რომ მზიას შვილი მოუკვდა. ამ სტრესების ფონზე მას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. ახლა, ამ შიმშილობის ფონზე, არ ვიცი, რა იქნება, ძალიან ვნერვიულობთ. მზიამ გუშინწინ დაგვირეკა, პირველად გავიგონე მისი ხმა. ხომ ვიცნობ და ვიცი, როგორი ხმის ტემბრი და თავდაჯერებული საუბარი აქვს. ის ძალიან მშვიდად და ხმადაბლა გვესაუბრა, თითქოს ცდილობდა არ დაღლილიყო, თითქოს თავს ძალას ატანდა. გვითხრა, კარგად ვარ, არ ინერვიულოთო, - კიდევ იქეთ გვამშვიდებდა, მომიყევით, ბავშვები როგორ არიან, სამსახურებში თუ დადიხართო. ვეცადე დამერწმუნებინა, რაღაცნაირად შიმშილობის ფორმა შეეცვალა, ამაზე არ გამიგრძელა საუბარი და მითხრა, - ეს ჩემი არჩევანია და სხვა თემაზე მელაპარაკეთო. მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რასაც აკეთებს, აქვს უსამართლობის განცდა...
მზია, ზოგადად, ძალიან პრინციპული ადამიანია და აქვს მტკიცე ხასიათი, ამიტომ ძალიან მეშინია, ვთხოვე, არ დაუშვას, რამე დაემართოს და თუ რამე სიმპტომი ექნება, არ მოითმინოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზია ბევრჯერ ყოფილა ძალიან ცუდად, მაგრამ ამაზე კრინტი არ დასცდენია, არ ვიცი, თავს იმდენად აკონტროლებდა, თუ ინტელექტი არ აძლევდა ამის საშუალებას, სიმპტომები გამოემჟღავნებინა. ძალიან უბრალო და ძლიერი სულის ადამიანია, რომელიც თავზე არასდროს ფიქრობს, სულ სხვაზე ზრუნავს. ახლაც კი, საკნიდან ბავშვებზე და ჩვენზე ზრუნავს, ბავშვებს მიხედეთ, ჩემზე არ იდარდოთ, არ მინდა, რომ ტელევიზორში გხედავდეთ, ამას ძალიან განვიცდიო (საპროტესტო აქციებზე რომ გავდივართ, მგონი, ამას საკანში ტელევიზიით უყურებს). ძალიან ვნერვიულობ მზიას ჯანმრთელობაზე, უამრავი პრობლემა აქვს, რაც თეოს სიკვდილის მერე დაეწყო. ისიც არ ვიცი, აწვდიან თუ არა წამლებს.
ძალიან მეშინია, არ დაეწყოს ჯანმრთელობის შეუქცევადი პროცესები, რაც სიცოცხლისთვის საშიში იქნება, არ წამოვიდეს ორგანოების უკმარისობა იმიტომ, რომ საუბარში შევატყვე, ძალიან ნელა საუბრობდა და იყო დაღლილი. ამბობს, - არ ვიცი, საიდან მაქვს ძალა, მაგრამ კარგად ვარ, არ ინერვიულოთო. მე ხომ ვიცი, ეს რატომ თქვა - ჩვენ რომ არ ვინერვიულოთ. მისი თავისუფლება, პირველ რიგში, ხალხზეა დამოკიდებული. ცოტა არ იყოს, მაოცებს ზოგიერთების გულგრილობა. მზია სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ თორემ, იმდენად პრინციპულია, შეიძლება თავი შესწიროს ამ უსამართლობას და ქვეყანას. მზია იმდენად პატრიოტია, ამას ვერ აგიხსნით, მთელი ცხოვრება მუშაობს და რასაც აკეთებდა, ყველაფერი მისი ქვეყნის და ქალაქის კეთილდღეობას ეძღვნებოდა. მეტყოდა ხოლმე, ვერც კი წარმოიდგენენ, რამდენი რამ მაქვს გაკეთებული ქვეყნისთვისო. მის სამსახურზე ვერაფერს ვიტყვი, არ ვარ კომპეტენტური და ჩახედული, მაგრამ მას კარგად ვიცნობ, ჩათვალეთ, ჩემს დედაზე გესაუბრებით. ვიცი, რომ არ გაუხარდება ხელი ჩავიქნიოთ, ჩვენი საქმიანობა არ გავაგრძელოთ, დავითრგუნოთ, მაგრამ ძალიან გვიჭირს... ექიმი ვარ, სამსახურში დღეში რამდენიმე პაციენტს ვიღებ, ვცდილობ, არაფერი შევიმჩნიო, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენ ხანს გასტანს, არ ვიცი. რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი, თორემ დღითი დღე პანიკური შიშები მიპყრობს, ცუდად არ დამთავრდეს ეს ამბავი“.
ეთერ თურაძე, ონლაინგამოცემების - "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი:
"ჩვენი არჩევანი არასდროს ყოფილა რეჟიმებთან ბრძოლა, ჩვენი არჩევანი იყო ადამიანებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ისე მოხდა, რომ ხშირად დიდი აგრესიის მსხვერპლი ვიყავით. ჯერ ასლანის პერიოდში გავხდით ძირითადი სამიზნე, რადგან რეგიონში ფაქტობრივად არ არსებობდა სხვა კრიტიკული გამოცემა. მაშინ "ბათუმელები“ ბეჭდური გამოცემა იყო, კვირაში ერთხელ გამოდიოდა და არც თუ დიდი ტირაჟით. ამის მიუხედავად რეჟიმი მართალ სიტყვას არ გვპატიობდა, სულ მოღალატეებსა და "სოროსისტებს" გვიძახდნენ, არ გვიშვებდნენ საჯარო სივრცეებში, მოკლედ, ჩვენს მიმართ ყველა ტიპის ძალადობა იყო გამოყენებული და ბევრჯერ გავხდით თავდასხმის ობიექტი - იყო როგორც ფიზიკური თავდასხმები, ასევე ტექნიკის განადგურება. მახსოვს ის დღეები, როცა ოფისთან ავტომატებით შეიარაღებული პირები მოცვივდნენ და ჰაერში ისროდნენ. მრავალგზის დაგვილეწეს ტექნიკა, აპარატები, ყველა ჩვენი თანამშრომელი ნაცემი იყო, მუდმივად ვიდევნებოდით. ჩვენი ერთი თანამშრომელი გაიტაცეს და მერე სასტიკად ნაცემი სადღაც ჭაობში იპოვეს უგონო მდგომარეობაში.
იყო ასეთი ინციდენტიც: სტამბაში მივიტანეთ ნომერი და გაზეთის დაბეჭდვას ველოდებოდით მე და მზია, ღამენათევები და მშივრები ვსხედვართ მანქანაში, პოლიციელები მოვიდნენ და გვეუბნებიან, თქვენს შესახებ ინფორმაცია გვაქვს, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ხართ და უნდა დაგაკავოთო. მართლა წაგვიყვანეს, გზაში გავუშვით ზარი ტელეფონზე მეგობარ ჟურნალისტებთან, დიპკორპუსის წარმომადგენლებთან, ისინი ყველაფერს ისმენდნენ. როდესაც პოლიციაში მიგვიყვანეს, დაკითხვა დაგვიწყეს (ნარკოტიკების გასაღებაზე იყო საუბარი, ასე მახსოვს), რა თქმა უნდა, ბრალს უარვყოფდით და ვუთხარით, რომ გაზეთის დაბეჭდვას ველოდებოდით. ნახევარ საათში გაგვიშვეს. როცა გამოვდიოდით, კარში უამრავი ჟურნალისტი დაგვხვდა და მათ ყველაფერი მოვუყევით. აჭარის იმჟამინდელმა შს მინისტრმა განცხადება გააკეთა და თქვა, ისინი არ დაგვიკავებია, ჩვენთან ინტერვიუზე იყვნენო.
სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, "ვარდების რევოლუციის“ მერე, "ბათუმელები“ მათთვის სასურველი მედია ვიყავით იმიტომ, რომ ასლანის პირობებში მათ მოკავშირედ განვიხილებოდით, ბუნებრივია. მალევე დავიწყეთ იმ რეჟიმის კრიტიკაც, რაც მათთვის მოულოდნელი იყო, გვეუბნებოდნენ, რომ ამ ფორმატში არ უნდა გვემუშავა. მახსოვს, საშინელი რეაქცია ჰქონდათ იმაზე, როცა დავწერეთ, რომ ასლანის მანქანები ისე გაიყვანეს, აღრიცხული არ იყო. ვსვამდით კითხვებს, სად წაიყვანეს ისინი, ვისი ცოლი მოძრაობდა აბაშიძის ადმინისტრაციის მანქანით და ა.შ. ეს იმით დაიწყო, როცა ერთ-ერთი თანამდებობის პირის ცოლი მანქანის საჭესთან აღმოჩნდა. იქ მერე რაღაც ფონდი შეიქმნა, რომელშიც აბაშიძის რეჟიმის დაკავებული მაღალი თანამდებობის პირებს ქონებებს ართმევდნენ და ფულს იმ ფონდში რიცხავდნენ. ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებს მოპარული ფული ხალხისთვის უნდა დაებრუნებინათ, მაგრამ არა იმ ფორმით. ამის სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობდა და ვინ რას და როგორ განკარგავდა, გაუგებარი იყო. ეს ფონდი განიხილებოდა როგორც შავი ხვრელი და ამაზე ბევრს ვწერდით.
წინა ხელისუფლებასთან კონფლიქტი დაიწყო და საჯარო სივრცეებში არ გვიშვებდნენ, ინფორმაციას არ გვაწვდიდნენ და ა.შ. კულმინაცია ის იყო, რომ 2009 წელს, კუდ-ი ცდილობდა ჩვენი თანამშრომლის გატაცებას, ის გამოექცა მათ, მერე ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ. იმ ნომერზე გადავრეკეთ და აღმოჩნდა კუდ-ელის ნომერი. დაგვიბარეს კუდ-ში, ჩვენი თანამშრომელი მარტო უნდა აეყვანათ შენობაში, ჩვენ არ გვიშვებდნენ, მაგრამ მზიამ ეს არ დაუშვა და მისი დაჟინებით შევედით. აღმოჩნდა, რომ ჩვენს იმ თანამშრომელს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებდნენ. მოვახერხე და ყველაფერი ჩავიწერე, მერე გამოძიებას წარვუდგინე.
ბევრი ვიბრძოლეთ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი რედაქციით თურქეთის და რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ დაინტერესებული. მოკლედ, ეს საქმე სახელმწიფომ არ გამოიძია, ჩვენ ვიცოდით მხოლოდ ამ ადამიანების სახელები, ერთ-ერთი იყო უფროსი, ვინმე დავითი. ბოლოს იქედან გამოვაღწიეთ, გადავრჩით და ჩანაწერიც გამოვიყოლეთ. დავკარგეთ იმედი, რომ მათ კვალს მივაგნებდით, თუმცა მზია ამაღლობელი ამ ადამიანს პირადად ეძებდა და იპოვა - ის აღმოჩნდა დავით დევნოზაშვილი - დეპარტამენტის იმჟამინდელი ხელმძღვანელი კუდ-ში. მზია მას სახლში დაადგა კონსტიტუციით ხელში და უხსნიდა, რომ კონსტიტუცია დაარღვია და ამისთვის პასუხს აგებდა. მზიამ პატრულიც გამოიძახა, უამრავი მანქანა კი მივიდა, თუმცა არც არავინ დაუკავებიათ, არავითარი რეაგირება არ მომხდარა. ეს იყო ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი სააკაშვილის პერიოდში, როცა რეჟიმმა ფეხქვეშ გათელა ჩვენი უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ გვითვალთვალებდნენ და გვემუქრებოდნენ, იმ რეჟიმმა არ და ვერ გაბედა, გონიერების ჩარჩოში დარჩა და ჟურნალისტი არ დაუკავებიათ.
ორივე ონლაინგამოცემის საშუალებით ასევე კრიტიკულად ვმუშაობდით ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე. 2010 წლიდან გაჩნდა უკვე "ნეტგაზეთიც“, მისი დაფუძნების საფუძველი გახდა პრესის საერთაშორისო პრიზი - აღმოსავლეთ ევროპაში დაგვასახელეს ერთ-ერთ საუკეთესო მედიაგამოცემად. ამ ხელისუფლების პირობებში გარდამტეხი იყო რუსული კანონი, როდესაც გვითხრეს, აგენტებად უნდა დარეგისტრირდეთო. ჩვენ პირველი მედია ვიყავით, ვინც ღიად თქვა, რომ ამ კანონს არ დავემორჩილებით, ვებგვერდებზე გამოვაქვეყნეთ და თვეების განმავლობაში იდო ეს განცხადება. ამას არ დავემორჩილებოდით იმიტომ, რომ არ ვართ უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, მის დემოკარტიულ განვითარებას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. ჩვენ გავხდით ამათი სამიზნე და რაც ახლა მზიას თავს ხდება არის ამის გაგრძელება. მათ, ფაქტობრივად, მოქმედებაში მოიყვანეს ეს კანონი. მზია არის ჩვენი გამოცემების ხერხემალი, მთავარი ძალა და მისი იზოლირებით ცდილობენ ჩაკლან, გააჩერონ ჩვენი მედიაგამოცემები, სხვა მედიებისთვის ეს არის სიგნალი, კრიტიკული აზრის პირდაპირი დევნა და როგორმე იმის შეჩერება, რაც ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში ხდება.
მზია ბუნებით ძალიან მშვიდი და წყნარია, როგორც დამფუძნებელი, არსად ფიგურირებდა, საჯაროდ არ პოზიციონირებდა. მიუხედავად სიმშვიდისა, მზია არის მტკიცე ხასიათის ადამიანი და მას აქვს ძალიან მაღალი ღირებულებები, არ მგონია, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება. მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, ექიმები ამბობენ, რომ ის ინფორმირებულია საფრთხეებზე, მაგრამ ურყევია მის გადაწყვეტილებაში. იმედი მაქვს, დაწესებულების ექიმები მართავენ ამ პროცესს. მინდა მზიამ შეძლოს თავის პროფესიაში დაბრუნება და იმ საქმის კეთება, რასაც ამდენი წლის განმავლობაში აკეთებდა. მზიას არა ერთი სოციალური პროექტი აქვს გაკეთებული, მან ბევრი ბავშვისა და ქალის ცხოვრება შეცვალა, შექმნა უნიკალური პროექტი - მოძრავი ბიბლიოთეკა, რისი მეშვეობითაც მთელი აჭარის სოფლებში მიიტანა წიგნები და მოახერხა, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მას არაერთი ისეთი პროექტი აქვს განხორციელებული, რომელიც ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა“.
მერაბ მეტრეველი, TV პალიტრანიუსი, "ბათუმელების“ ყოფილი ჟურნალისტი:
"რადგან ბათუმელი ვარ, ჩემი პროფესიული კარიერაც იქ დავიწყე. დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, მზია და ეთერიც ახალბედები იყვნენ ჟურნალისტიკაში და როგორც კოლეგები, ისე გავიცანი. ერთ დღესაც მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჰქონდათ იდეა დააფუძნონ ახალი დამოუკიდებელი გაზეთი და თანამშრომლობა შემომთავაზეს. 2001 წელია, ასლან აბაშიძის პერიოდი, თავიდან სკეპტიკურად კი შევხედე, მაგრამ მზია და ეთერი ისეთი მონდომებულები იყვნენ, დამარწმუნეს, რომ შეძლებდნენ. ასე დავიწყეთ... თავიდან ვუშვებდით გაზეთს, მზია იყო დამფუძნებელი, ეთერი - მთავარი რედაქტორი, მეც რაღაცის რედაქტორი ვიყავი, ჟურალისტიც, ერთი სიტყვით, ყველაფერი ჩვენ ვიყავით. სადღაც 1 წელი ვიმუშავე გაზეთ "ბათუმელებში“ და ბუნებრივია, ასლანის პირობებში ეს არ იყო მარტივი. მერე მე თბილისში გადმოვედი, მზიამ და ეთერმა კი არა თუ შეინარჩუნეს ეს დამოუკიდებელი გაზეთი, განავითარეს და გაუძლეს ასლანის რეჟიმს, რომელიც გამუდმებით ებრძოდა "ბათუმელებს“. მოგეხსენებათ, რეგიონში დამოუკიდებელი მედია, ძირითადად დამოკიდებულია საერთაშორისო ფონდებზე და დონორებზე, სწორედ ისინი უზრუნველყოფდნენ არა მარტო "ბათუმელების“, არამედ სხვა რეგიონებში არსებული დამოუკიდებელი მედიების არსებობასაც. ამ "რუსულმა კანონმა" სწორედ რეგიონულ დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიებს დაარტყა. ამ მედიამ გაუძლო როგორც ასლანის, ისე სააკაშვილის რეჟიმებს, რომლებიც ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ, იყო ბევრი სკანდალი...
მათ შემდგომ თბილისშიც დააფუძნეს "ნეტგაზეთი“ და შეძლეს შეენარჩუნებინათ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი, არ გამხდარიყვნენ მდარე, სკანდალებზე და ვიღაცეების პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული მედია. ამას უზრუნველყოფდა სწორედ დასავლური გრანტები. დროთა განმავლობაში "ბათუმელებიც“ და "ნეტგაზეთიც“ იქცა ერთ-ერთ ყველაზე სტანდარტულ მედიაგამოცემად საქართველოში. ისინი არც ერთ ხელისუფლებას არ მოსწონდა, რადგან იყო დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალება. დარწმუნებული ვარ, ისინი გაუძლებენ ივანიშვილის რეჟიმსაც.
აჭარაში ეს გამოცემა ყველა მთავრობის ხელში ხელისუფლებასაც და პოლიციასაც მუდმივად ნერვებს უშლიდა, ვინაიდან მათ კორუფციულ სქემებს, მათ დანაშაულებს, ადამიანის უფლებების დარღვევებს ამხელდნენ. ვინაიდან რეგიონებში მედია ძირითადად გრანტებზეა დამოკიდებული, რუსულმა კანონმა პირდაპირ დაარტყა ამ მედიას, ხელისუფლებამ და "რუსულმა კანონმა" მათ პირდაპირ მოსთხოვა და ისინი ან აგენტებად უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, ან უნდა გაკოტრებულიყვნენ. მზიაც და ეთერიც ყოველთვის ერიდებოდნენ, ჟურნალისტის ამპლუიდან გამოსულიყვნენ და აქტივისტებად გადაქცეულიყვნენ. თუ გახსოვთ, როცა ამ კანონის ფაგლებში ბათუმში პაპუაშვილი ჩავიდა, მას ეთერ თურაძემ საკმაოდ მწვავე სიტყვით მიმართა და უთხრა, თქვენ ხართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც გვაიძულებს, ჟურნალისტის როლიდან გამოვსულიყავით და აქტივისტები გავმხდარიყავით, პირდაპირ აგენტებად გვაცხადებთ, რადგან გრანტებს ვიღებთო. შესაბამისად, ამ კანონით მოხდა ის, რომ ეს ხალხი რედაქციიდან ქუჩაში გამოვიდა. ახლა პაპუაშვილი გამოვიდა და ამბობს, ნახეთ, დასავლური ფულით დაფინანსებული მედია რას ნიშნავს, ისინი დამოუკიდებელი მედია კი არა, დამოკიდებული აქტივისტები გახდნენო. არადა, რამდენიმე დღის წინ უთხრა მზიამ, თქვენ გვაიძულეთ აქტივისტები გავმხდარიყავითო. პაპუაშვილმა პირიქით შეატრიალა, ამ პოლიტიკოსს, სამწუხაროდ, შუბლის ძარღვი არ აქვს.
როგორც ჩანს, დგებუაძემ მზიას ისეთი რაღაც უთხრა, რამაც ქალი აიძულა, მისთვის სილა გაეწნა. უკანონობას პოლიცია სჩადიოდა და ეს იყო პასუხი ამაზე. სილა ხმამაღალი ნათქვამია, მას ოდნავ შეეხო ხელი. როგორც იურისტები ამბობენ, ეს ხელის მოქნევა შეიძლებოდა სულ სხვა მუხლით დაკვალიფიცირებულიყო, მაგრამ ესენი ადგნენ და ყველაზე მძიმე მუხლი წაუყენეს, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვინმე იტყვის, რომ ეს სამართლიანია? ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ამბობენ, პოლიციელისთვის ხელის მოქნევა არ შეიძლებაო, უკაცრავად, მაგრამ ამ პოლიციელებმა ცხვირ-პირი ჩაულეწეს ასობით ადამიანს, კამერების წინ სცემეს ხალხი, "ფორმულას“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში თავი გაუტეხეს და გურამ როგავა დღემდე კისრის დამჭერით დადის, ძლივს გადარჩა, "ტვ პირველის“ ჟურნალისტს და ოპერატორს რა უქნეს? ესენი გვეუბნებიან, სამართალი და კანონი მარტო ჩვენთვის არის, რასაც გვინდა იმას გიზამთ, გვინდა წიხლებით შეგდგებითო. ისეთები უქნეს აქციის დაკავებულ მონაწილეებს, სახალხო დამცველიც კი იძულებული გახდა ეთქვა, პოლიციელების მხრიდან ადამიანების წამებას ჰქონდა ადგილიო. მათი მხრიდან 100-ზე მეტი ადამიანია ნაწამები და ხელისუფლებამ ერთიც არ დასაჯა, ხელის მოქნევაზე კი მზიას უმკაცრეს სასჯელს უსჯიან.
მუხლს თავი დავანებოთ, წინასწარი პატიმრობა რა აუცილებელი იყო, რომელი რეციდივისტი მზია ამაღლობელია, რას იზამდა გარეთ რომ დალოდებოდა სასამართლოს? საჩვენებლად და მკაცრად უნდათ მისი დასჯა მისი საქმიანობის გამო და მეორე - ხელისუფლებამ პოლიციას ერთგულება უნდა დაუმტკიცოს, რადგან ამ ეტაპზე ის პოლიციაზე დგას - აი, თქვენს გვერდით ვართ და ვისაც რა გინდათ, ის უქენით, ბოლომდე გავწირავთ იმ ადამიანს, ვინც თქვენ ოდნავ შეგეხებათ, თქვენს ერთგულებაზე ვდგავართო. ხომ გახსოვთ სააკაშვილის რეჟიმის სასტიკი პოლიციელი მეგის ქარდავა, აი, სილის გაწვნა ის იყო, მას რომ მაკა სახურიამ დამართა, იმასთან შედარებით მზიას საქციელი ხელის მოთათუნება იყო. სააკაშვილის რეჟიმმაც კი არ დაიჭირა ქალი, რომელმაც პოლიციის მაღალჩინოსანს დაარტყა ხელი. ამ დგებუაძემ სპეციალურად ისეთი ჩვენება მისცა, რომ მზიას ბრალი დამძიმებოდა - ტკივილი ვიგრძენი და სახე გამიწითლდაო. რომელ კაცობაზე უნდა ელაპარკო ამას?
ამათ ისე აქვთ თვალზე ლიბრი გადაკრული, არ მჯერა, ადამიანობას თუ გამოიჩენენ. ერთი, რაზეც ფიქრობენ, ესაა პოლიციის გზით ძალაუფლების შენარჩუნება და ამ შემთხვევაში ისინი პოლიციას უმტკიცებენ ლოიალობას.
ჩვენ არ გავჩერდებით, მოვითხოვთ მზიას თავისუფლებას. მარტო თავისუფლებაზეც არაა საქმე, მისი სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ. მზია შიმშილობს და არ არის ის ადამიანი, რომელიც მარტივად დაიხევს უკან. ბევრჯერ მივმართე კოლეგებს სახელისუფლებო არხებიდან, არ ვიცი, მათ რა გული უძლებთ, რომ მხარდაჭერას არ უცხადებენ კოლეგას. იმას ხომ არ მოვუწოდებ, აქციაზე ჩვენთან ერთად დადგნენ, მაგრამ რაღაც განცხადება მაინც დაწერონ, ხელი მოაწერონ და მათი კოლეგის წინასწარი პაატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვონ. მათ ეს შეუძლიათ და ამასაც არ აკეთებენ. ჩემამდე არ დადის, რაც უნდა სხვა აზრზე იყოს, როგორ შეიძლება ასეთ დროს შენს კოლეგას თანადგომა არ გამოუცხადო?!"
წერილი ციხიდან:
"ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ, მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა. ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“, - მზია ამაღლობელი (2025 წლის, 15 იანვარი)