"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა ეხმიანება სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური და შესაბამის პირებს გამოსავლის პოვნისკენ მოუწოდებს.
"ქართველ ჟურნალისტზე მოხტუნავემ ანწუხელიძეზე მოხტუნავეს სისასტიკე გამახსენა. მაგრამ ის ხომ რუსი სამხედრო იყო. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ ხალხო.
ერთხელაც ვერ მოვზომავთ ამ დარტყმა და რაღაცების სროლას, მოკვდება ვინმე და... გამოფხიზლდით ყველა, მოიფიქრეთ გამოსავალი", - წერს სასულიერო პირი.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს. სწორედ ამ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება აჩერებს ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლამდე. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქციები იმართება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. აქციები ხშირად სრულდება სპეცრაზმის მიერ დარბევით. ამ დროის განმავლობაში დააკავეს ათობით ადამიანი, ასევე ნაცემია ათობით მოქალაქე. ნიღბიანი, უცნობი პირები 7 დეკემბერს თავს დაესხნენ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.