სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის პირად გვერდზე წერს.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ 2 პირს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 2 700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავა ერთ პირი.