5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დემოკრატი კამალა ჰარისი დაამარცხა.
ფაქტობრივად, ამერიკის რიგით 47-ე პრეზიდენტმა რესპუბლიკელების "ისტორიული" გამარჯვების შესახებ უკვე გამოაცხადა - მან მხარდამჭერებს ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ პალმ ბიჩიდან მიმართა და თავისი გამარჯვების გარდა, სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვება აცნობა. დონალდ ტრამპმა თავის წარმატებას ამერიკელი ხალხის "შესანიშნავი გამარჯვება და სიგიჟე“ უწოდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი მეორედ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. პირველად ის პრეზიდენტად ამერიკელმა ხალხმა 2016 წელს აირჩია.
5 ნოემბერს აშშ-ში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრებისა და სენატის წევრთა მესამედის არჩევნებიც ჩატარდა. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარებული კონგრესის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ზედა პალატაში, სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებს ექნებათ. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები იუწყებიან კენჭისყრის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით. წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკურ პარტიას 100-წევრიან სენატში 51 წარმომადგენელი ეყოლება. 435-წევრიანი წარმომადგენელთა პალატის არჩევნების წინასწარი შედეგებითაც, რესპუბლიკელები ლიდერობენ. უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 218 მანდატია საჭირო.
დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიულოცა.
დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტებაზე და მსოფლიო წესრიგის კონტექსტში მოსალოდნელ ცვლილებებზე AMBEBI.GE პოლიტოლოგ თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
- თქვენი აზრით, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტებას?
- პირველ რიგში, ამ არჩევნებს უნდა შევხედოთ ამერიკის და ამერიკელი ხალხის კუთხიდან იმიტომ, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის საგარეო პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია სხვა საკითხები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, მიგრაციის საკითხებს და ა.შ. რაშიც ამერიკელი ამომრჩევლისთვის ტრამპის მიერ წარმოდგენილი ხედვა გაცილებით უფრო მისაღები იყო, ვიდრე ჰარისის. გარდა ამისა, კამალა ჰარისს ნაკლებად ჰქონდა იმის დრო, სრულმასშტაბიანი საპრეზიდენტო კამპანია ეწარმოებინა, რადგანაც ის გვიან ჩაერთო ამ რბოლაში. კიდევ იყო ის ფაქტორი, რომ ტრამპს ეს გზა უკვე გავლილი აქვს და მასზე უფრო მეტად გამოცდილია. ასე რომ, გასაკვირი იმაში, რატომ აირჩიეს ტრამპი, არაფერია.
იმავე ეგზიტპოლების შედეგებს თუ დავაკვირდებით (იქ განსხვავებულად ტარდება ეგზიტპოლები, კითხულობენ არა მარტო იმას, ვის მისცეს ხმა, არამედ რატომ და მისი პროგრამის რომელი ნაწილი მოსწონთ), ჩვენ ვნახავთ, რომ ის საკითხები, რაც ტრამპს წინ ჰქონდა წამოწეული, რაც დაკავშირებული იყო, როგორც გითხარით, სოციალურ, ეკონომიკურ და მიგრაციის და რიგითი ამერიკელის ყოველდღიურობაში მდგარ სხვა აქტუალურ საკითხებთან, აქ მისი მესიჯები, მისი ხედვა გაცილებით ახლო იყო ამერიკელი ამომრჩევლის უმრავლესობასთან, ვიდრე კონკურენტის ხედვა.
ასე რომ, ვიმეორებ, ამ არჩევნებს უნდა შევხედოთ ამერიკელი ამომრჩევლის თვალით, რომლისთვისაც საგარეო პოლიტიკაზე მეტად აქტუალურია ის საკითხები, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება.
ასე რომ, ტრამპის გამარჯვებაში საკვირველი არაფერია.
- საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ბევრი პროგნოზირებს, რომ ტრამპი იზოლაციონიზმში გადავა. მსოფლიო წესრიგის კონტექსტში, რა პოლიტიკას გაატარებს ტრამპი, რას უნდა ელოდოს მისგან დანარჩენი მსოფლიო, როგორია მისი ხედვა ამ თვალსაზრისით?
- ტრამპთან დაკავშირებით არსებობს ბევრი სტერეოტიპი, რომელთაგან ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს, მათ შორის მის იზოლაციონისტობასთან დაკავშირებით. მეტიც, მე მის პოლიტიკას უფრო პროტექციონიზმს დავარქმევდი, ვიდრე იზოლაციონიზმს. მოდით, გავიხსენოთ მისი პირველი პრეზიდენტობა - ტრამპი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელსაც იგი წინა საპრეზიდენტო კამპანიაში აკეთებდა (და სხვათა შორის, პრეზიდენტობის პირველ პერიოდშიც), გააძლიერა ამერიკის სამხედროების ყოფნა მსოფლიოში (ეს დაკავშირებული იყო ავღანეთში მიმდინარე ოპერაციასთან, ახლო აღმოსავლეთთან, სადაც მან პირიქით, მეტი ძალა გამოაჩინა, ვიდრე ეს ხდებოდა დემოკრატების პერიოდში), ტრამპი იყო ის პრეზიდენტი, რომლის პერიოდშიც მოხდა ნატოს გაფართოება.
მან პირველმა მიაწოდა მნიშვნელოვანი შეიარაღება უკრაინას (საუბარი მაქვს 2014 წლის ყირიმის ანექსიის და იმ ომის მერე, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში დაიწყო), ასე რომ, მე ამას ცალსახად არ შევხედავდი, რომ ტრამპი იზოლაციონიზმში გადავა. მას აქვს თავისი ხედვა მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით, აქვს თავისი ხედვა ამერიკის ინტერესებთან დაკავშირებით და ის მნიშვნელოვნად შეეცდება ამ ინტერესების დაცვას. დიდი მნიშვნელობა ექნება იმასაც, ვინ იქნება ახალი პრეზიდენტის გუნდში. ჯერჯერობით, ერთ-ერთი გამოკვეთილი სახე, ვინც ჩვენთვის კარგად ნაცნობია, ეს არის მაიკ პომპეო, რომელიც აუცილებლად იქნება ტრამპის გუნდში და დიდი ალბათობით, შეიძლება გახდეს თავდაცვის მდივანი, ან რომელიმე მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო პოსტი ჩაიბაროს. მსოფლიო წესრიგის კონტექსტში რასაც ველოდები, ეს იქნება ძალიან გამწვავებული ძიება ახალი წონასწორობის იმიტომ, რომ მსოფლიო ახალი წონასწორობის ძიებაშია და ეს თემები აქტუალურად იქნება წამოწეული.
- რას უნდა ველოდოთ ტრამპისგან ახლო აღმოსავლეთთან და ისრაელთან, ასევე, იმავე უკრაინასთან მიმართებაში? წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის დამთავრება შეუძლია. კონტექსტი როგორ გავიგოთ, ომის რა ფორმით დამთავრებას გულისხმობდა?
- ტრამპის ხედვები ამ მხრივ ცნობილია და ის კიდევ უფრო მეტად ხისტია, ვიდრე თავის დროზე ბაიდენის ადმინისტრაცია, ანუ მეტი დახმარება ექნება ისრაელს ამ კონტექსტში. რაც შეეხება უკრაინას, ომის დამთავრება არ ნიშნავს იმას, რომ ის რუსეთს უკრაინაში გავლენის სფეროებს უტოვებს.
ტრამპს თავისი ხედვა აქვს, რომელსაც ის წარმოადგენს ფართოდ და ყველასთვის გასაგებად. იცით, რომ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა შედგა, რაზედაც ზელენსკიმ თქვა, ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დამრჩაო. ტრამპმა ძალიან კარგად იცის რა რესურსები აქვს ამერიკას ჩადებული უკრაინაში და ის შეეცდება, რომ ის პოლიტიკური ინვესტიციები, რაც განხორციელებული აქვს ამერიკას, ანუ ამერიკის აქტივები მაქსიმალურად იყოს დაცული.
როგორც პირველი პრეზიდენტობის დროს, ის ყოველთვის აცხადებდა, რომ ამერიკა იყო first (პირველი), ახლაც იქნება America first. თავისთავად ცხადია, რომ რაღაცები შეიცვლება, რაღაცებში იქნება ხისტი მიდგომები, სავარაუდოდ, უფრო გააქტიურდება იმავე ნატოში ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დაკავშირებულია თავდაცვის ბიუჯეტის ზრდასთან და ა.შ.
რუსეთთან ურთიერთობაში, ვნახოთ, როგორ პოზიციას დაიკავებს. ის არ არის რბილი მოსაუბრე, საკმაოდ ხისტია და ხშირად საკმაოდ უხეშიც. რუსეთთან ურთიერთობის თემა იმდენად კომპლექსური თემაა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას აშშ-ში მარტო პრეზიდენტი არ იღებს. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, დაველოდოთ გუნდის ჩამოყალიბებას, ვნახოთ, ვინ იქნება სახელმწიფო მდივანი, ტრამპის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, შევხედოთ, ამ კონფიგურაციას...
მნიშვნელოვანია, როგორ ჩამოყალიბდება უსაფრთხოების და საგარეო ურთიერთობების გუნდი და აქედან გამომდინარე შეგვეძლება ვილაპარაკოთ. პლუს ამას, როდესაც ამ ტიპის ურთიერთობებზე და სტრატეგიულ საკითხებზეა ლაპარაკი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონგრესსაც და სენატსაც. ასე რომ, ეს არ არის ცალსახად ერთი ადამიანის გადასაწყვეტი, თუმცა მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ტრამპი ყველანაირად შეეცდება ამერიკის ინტერესების დაცვას.
- რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან მიმართებაში რა იცვლება?
- ჩვენთვის არაფერი იცვლება, სამწუხაროდ, და არც არაფერი შეიცვლება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენდა საუბედუროდ, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობათა ობიექტის როლი მოვირგეთ და არც ვცდილობთ იმას, რომ გავხდეთ სუბიექტები. ჩვენთან მიმართებაში ბევრი არაფერი შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ რადარებზე ქვემოთ ვართ, არც ვხვდებით ამ რადარებზე, ვართ უფრო განხილვის ობიექტი, ვიდრე სუბიექტი.
ჩვენ თუ ანტიამერიკულ ქვეყნებთან და ანტიამერიკულ ალიანსებთან ფლირტაობას გავაგრძელებთ, ტრამპისგან შეიძლება უფრო მძიმე პასუხიც მივიღოთ, ვიდრე ეს დემოკრატების შემთხვევაში მოხდებოდა.
მხედველობაში მაქვს ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა თუნდაც იმავე ჩინეთის მიმართულებით - ზუსტად ტრამპის ადმინისტრაცია იყო, რომელიც საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან ერთად ღიად აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი არ უნდა იყოს ჩინური და კიდევ სხვა საკითხებია, სადაც მას აქვს თავისი ხედვა მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით. ამიტომ ვამბობ, რომ მას აქვს ხედვა ამერიკის ინტერესების ასე ვთქვათ, "ჩელენჯერების"- ამერიკისგან განსხვავებული ინტერესების მატარებელი ქვეყნების მიმართ. მისი ადმინისტრაცია ძალიან მგრძნობიარეა ამერიკისგან განსხვავებული ინტერესების მატარებელი ქვეყნების მიმართ ფლირტაობასთან დაკავშირებით.
ამიტომ ძალიან სერიოზული წინდახედულობა და დაფიქრება გვმართებს იმ ვალდებულებებზე, რაც უკვე აღებული გვაქვს. ამიტომაც ვამბობ, ჩვენთვის დიდად არაფერი იცვლება ამ შემთხვევაში.
- თუმცა ზოგიერთებს აქვთ ცვლილების მოლოდინი, მაგ. მმართველ გუნდს. გაუმჯობესდება თუ არა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და როგორც ამბობთ, "გამოჩნდება თუ არა საქართველო რადარებზე და ვიქცევით თუ არა განხილვის სუბიექტად“?
- თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ ამ რეგიონში ამერიკული ინტერესების რაიმე სახით დაზიანებას ტრამპის ადმინისტრაცია გაგებით შეხვდება, ცდება, მას ექნება რეაქცია. ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი იმ ვითარებაში და იმ პოლიტიკით, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ნამდვილად ამ მაქვს. ხელისუფლებას რისი იმედი აქვს, ნამდვილად არ ვიცი, მათ ჰკითხეთ.
კიდევ ერთი, ჩვენ ძირითადად ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებზე ვლაპარაკობთ და გვავიწყდება ის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ყველაფერი მოიგო - იგებს სენატსაც და კონგრესსაც და იმავე "მეგობარი აქტის“ და სხვა საკითხების უკან, რამაც წამოიწია ამერიკის სენატში, მათ შორის გულისხმობს გარკვეულ ნაბიჯებს და სანქციებსაც, ამ ინიციატივებში აქტიურობენ სწორედ ის რესპუბლიკელები, რომლებიც არიან ტრამპის გუნდში და ტრამპის მხარდამჭერები, რომლებმაც კიდევ უფრო გაიმყარეს საკუთარი პოზიცია სენატში და კონგრესშიც. ასე რომ, არ ვიცი, რაზეა დაფუძნებული იმის იმედი, რომ უცებ ყველაფერი გაუმჯობესდება. მე ასე ოპტიმისტურად ვერ შევხედავდი დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.
იხილეთ ასევე: