რუსეთის სამხედრო სასამართლომ ლიპეცკის (ადმინისტრაციული ოლქი რუსეთში) მღვდლის იგორ აშეულოვის სამ ვაჟს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალი ედებოდათ უკრაინაში ჩასვლასა და იქაური "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონში გაწევრიანების მცდელობაში.
სასამართლომ ძმები დამნაშავედ ცნო სამშობლოს ღალატის მცდელობაში, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში, ასევე ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მცდელობაში.
ლიპეცკის მღვდლის იგორ აშჩეულოვის სამი ვაჟი 2023 წლის 24 ივლისს კურსკის ოლქში უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.
პროკურატურის თქმით, ძმებმა აშჩეულოვებმა 2022-2023 წლის ზამთარში გადაწყვიტეს, ლეგიონს "თავისუფლება რუსეთს" შეერთებოდნენ. ლეგიონი უკრაინის ჯარის მხარეს იბრძვის და რუსეთში აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად.
ოთხშაბათს სასამართლოში სამივე ძმამ დაადასტურა, რომ საქმის მასალებში არსებული გარემოებები სწორად იყო დაფიქსირებული, თუმცა მათ ბრალი არ აღიარეს.
"დანაშაული სუბიექტური ცნებაა, რომელიც შინაგანი მდგომარეობის ნაწილია. ვერ ვიტყვი, რომ თავს დამნაშავედ ვცნობ, მაგრამ ვაღიარებ ყველაფერს, რაც ბრალად მედება“, - განაცხადა მანამდე იოანე აშჩეულოვმა სასამართლოში.
ოთხშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე ძმები განხილვაში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ბოლო სიტყვა ყველა მათგანმა თქვა. ძმებიდან უფროსმა იოანემ ყველაზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა.
პროკურორმა განაცხადა, რომ შემამსუბუქებელ გარემოებებში შედის ის ფაქტი, რომ ძმებმა აშჩეულოვებმა "აქტიური წვლილი შეიტანეს გამოძიებაში", ასევე მათი დედის მძიმე ავადმყოფობა.
როგორც SotaVision აღნიშნავს, ძმები აშეულოვების სასამართლო პროცესი ღია იყო პრესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ღალატის საქმეები, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა განიხილება და სასამართლომ განაჩენი სამ დღეში მიიღო.
მღვდელი იგორ აშჩეულოვი სოფელ ოზერკიდან 2014 წელს მოექცა ფედერალური მედიის ყურადღების ცენტრში, როდესაც მეურვეობის ორგანოებმა 17 წლამდე ასაკის ცხრა შვილი წაართვეს სახლის არ ქონის გამო. ორი კვირის შემდეგ ყველა ბავშვი დაუბრუნეს ოჯახს და გამოუყვეს საცხოვრებელი ფართი, სანამ ძველი სახლი გარემონტდებოდა.