თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბავშვთა ქალაქ "მზიურში“ მდებარე კაფეს მომავალშიც იგივე სტატუსი ექნება, რაც აქამდე ჰქონდა.
ამის შესახებ მან კაფე "მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და კაფე, კანონის შესაბამისად, აუქციონის წესით გასხვისდება.
"ამოიწურა ხელშეკრულების ვადა. კაფეს გასხვისება მოხდება იგივე, სოციალური სტატუსით. რა თქმა უნდა, იგივე პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა. რამდენჯერმე მოხდა ამ კონკრეტული კაფეს ერთ ადამიანზე, პირდაპირი წესით გადაცემა, რაშიც მადანაშაულებდნენ. რა თქმა უნდა, არ მინდა ეს თემა გახდეს სალაპარაკო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაფეს სტატუსი ექნება იგივე, შეუცვლელი. ალბათ არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ სურვილი, მსგავსი პროექტები განახორციელონ. ამიტომ, რომ არ იყოს რაიმე ჩემს ან მერიის წინააღმდეგ, გამოცხადდება აუქციონი და ვისაც სურვილი ექნება, მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, კაფე "მზიურის“ სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომლის თანახმად, კაფემ მიიღო წერილი ქონების მართვის სააგენტოსგან: "კაფეს მზიურს“ აღარ უგრძელებენ ხელშეკრულებას.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გახსნის დღიდან, კაფე სოციალური საწარმოს პრინციპით მუშაობს, რაც გულისხმობს მოგების სრულ რეინვესტირებას სოციალურ პროექტებში.
"წელს, ჩვენი თავდაუღალავი შრომის 8 წლის თავზე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, აუქციონზე გაიტანოს კაფეს შენობა და მზიურის კაფე აქციოს "ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალებად“.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება კაფეს მენეჯმენტში. ეს სივრცე არ არის მხოლოდ კონკრეტული საკადასტრო კოდი - ის იქცა ქალაქის მნიშვნელოვან ინკლუზიურ ადგილად.
მზიურის კაფეს ყველა მეგობარს და გულშემატკივარს გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდში და მივაწვდინოთ ხმა ქალაქის მერიას - შეუნარჩუნეთ კაფე მზიურს სოციალური სივრცის ფუნქცია!“, - წერია განცხადებაში.
ასევე იხილეთ: