უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან და ეროვნული დროშის დღესასწაულთან დაკავშირებით World Vision საქართველომ 23 აგვისტოს უკრაინელი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ღონისძიება გამართა. ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღსანიშნავად, ორგანიზაციის ოფისში გამოიფინა ეროვნული დროშის და დამოუკიდებლობის თემაზე შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ბავშვებმა წინასწარ მოამზადეს World Vision-ის საგანმანათლებლო-განმავითარებელ ცენტრში Happy Space. ღონისძიებას ასევე დაესწრო უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი ტატიანა კოლოტილოვა, რომელმაც უკრაინის მოქალაქეებთან და ოფისის თანამშრომლებთან ერთად შეასრულა უკრაინის ჰიმნი და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მთელი კვირეულის მანძილზე Happy Space-ის სივრცეში ბავშვებს ასევე უტარდებოდათ სხვადასხვა შემეცნებითი და სახალისო აქტივობა, სადაც მათ უკრაინულ ენაზე ისწავლეს ლექსები და დროშის სიმბოლიკისა და უკრაინის კულტურის შესახებ მეტი შეიტყვეს.
უკრაინის საელჩოს პირველმა მდივანმა პოზიტიურად შეაფასა ორგანიზაციის საქმიანობა და ინიციატივები უკრაინის მოქალაქეების მხარდასაჭერად.
"დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად, უკრაინის დროშა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ქვეყნის მთავარი სიმბოლოა. მსურს მადლობა გადავუხადო World Vision-ს უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, ორგანიზაციის მიერ დაარსებული სივრცეში Happy Space, უკრაინელ ბავშვებს და ოჯახებს ხვდებათ მყუდრო და მშვიდი გარემო, სადაც მათ შეუძლიათ სხვა და სხვა სერვისით სარგებლობა, როგორიცაა ფსიქოლოგთან სესიები, რაც მათ ახალ გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული პროგრამა კიდევ გაგრძელდება“, - აღნიშნა მან.
World Vision-მა უკრაინელი ხალხის დახმარება ომის პირველივე დღიდან დაიწყო. დაზარალებული და დევნილი ოჯახების დასახმარებლად კრიზისზე რეაგირების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციამ ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო უკრაინაში, რუმინეთში, მოლდოვაში და მათ შორის საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ფინანსური დახმარების გარდა, საქართველოში ორგანიზაცია უკრაინელ ბავშვებს და მათ ოჯახებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს, როგორიცაა ფსიქოსოციალური დახმარება, კონსულტაციები, რეფერირება ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო სერვისებზე, საგანმანათლებლოც რესურსებით უზრუნველყოფა, ბავშვებზე და მშობლებზე ორიენტირებული განმავითარებელი ტრენინგები, რაც მათ ახალ გარემოში ადაპტაციაში და სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. World Vision-ის საგანმანათლებლო-განმავითარებელი ცენტრები Happy Space აქტიურად ფუნქციონირებს თბილისსა და ბათუმში. ცენტრებში ტარდება სახალისო-შემეცნებითი არაფორმალური წრეები; უკრაინული, ინგლისური და ქართული ენის გაკვეთილები და ქალთა კლუბის შეხვედრები, სადაც უკრაინელ ქალებს უტარდებათ ლექციები მეწარმეობაზე, ადგილობრივ კულტურასა და მათთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე. ხოლო UNHCR- თან ერთობლივად დაარსებული მულტისერვისული ცენტრი უკრაინის მოქალაქეებს თავშესაფრის პოვნაში და დასაქმებაში ეხმარება.
ერთ-ერთმა უკრაინელმა ბენეფიციარი ჰანამ, რომელიც სარგებლობს ორგანიზაციის მომსახურებებით და ღონისძიებას ესწრებოდა, გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება.
"უკვე ერთი წელია რაც საქართველოში ვცხოვრებ ჩემს შვილთან ერთად. როდესაც World Vision-ის და უკრაინელების მხარდამჭერი პროექტის შესახებ გავიგე, დავინტერესდი და მივმართე მათ. ჩემი შვილი ორგანიზაციის ცენტრში ინგლისურის უფასო გაკვეთილებს ესწრება და ასევე ბევრ სხვადასხვა წრეში იღებს მონაწილეობას, როგორიცაა მუსიკალური თერაპია, რაც ბავშვებს განვითარებაში ეხმარება. ორგანიზაციის ცენტრში ასევე ყოველ კვირა ეწყობა ქალთა კლუბი, სადაც უკრაინელი ქალებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე უტარდებათ შეხვედრები. World Vision-ის მიერ აღმოჩენილი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და განსაკუთრებით ისეთი ოჯახებისთვის, ვინც საქართველოში ხელცარიელი ჩამოვიდა“, - აღნიშნა მან.
World Vision-ის პროგრამის მენეჯერმა ეკატერინე თოდრიამ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უკრაინელებს და მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ქვეყანაში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უწყვეტი დახმარების გასაწევად.
"ჩვენი გუნდი უკვე პროგრამის მეორე ფაზას ახორციელებს, სადაც მატერიალური და ფინანსური დახმარების გარდა, უკრაინელი ბავშვების განათლების ხელშეწყობის და მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, მრავალფეროვან მომსახურებებს ვთავაზობთ ომის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. ჩვენი ცენტრის და შეხვედრების მთავარი მიზანია აქ მყოფ უკრაინელებს შევუქმნათ კომფორტული და შინაური გარემო, სადაც ისინი თავს იგრძნობენ ბედნიერად და უსაფრთხოდ ”, - ამბობს ეკა თოდრია.
World Vision განაგრძობს უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერას Aktion Deutschland Hilft (ADH)-ისა და UNHCR-ის ფინანსური მხარდაჭერით და ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროგრამის ფარგლებში 9950-მა ბენეფიციარმა მიიღო სხვადასხვა სახის ფინანსური და მატერიალური დახმარება; 1700-ზე მეტმა უკრაინელმა, მათ შორის ბავშვებმა მიიღო ფსიქოსოციალური სერვისი; ხოლო საგანმანათლებლო რესურსებითა და გაკვეთილებით 1000-ზე მეტმა ბავშვმა და ზრდასრულმა ისარგებლა. ჯამში პროექტმა სხვადასხვა სახის დახმარებით 24000-ზე მეტი უკრაინელი მოიცვა საქართველოში.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, World Vision საქართველოს გუნდი უერთდება უკრაინის საელჩოს ღონისძიებას, რომელიც ომში დაღუპული მეომრებისთვის პატივის მისაგებად იმართება. 26 აგვისტოს, 11:00 საათზე, ლისზე, ჩატარდება სიმბოლური მარათონი, სადაც World Vision საბავშვო სივრცეს მოაწყობს და უკრაინელ ბავშვებს საინტერესო თამაშებს და მხიარულ აქტივობებს შესთავაზებს.