საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, "საპატიო სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა“.
სომხეთის პრემიერის დახვედრის ცერემონიაში ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მონაწილეობდა.
ის უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრისას მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის.
"პრემიერებმა შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს. რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ერთობლივი სწრაფვით, სომხეთმა და საქართველომ მოილაპარაკეს სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკა.
განსახილველ საკითხთა შორის იყო სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კავშირების გასაძლიერებლად.
გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჩამოვიდა,რომ რუსეთის მიერ დაანონსებული,აფხაზეთის გავლით სომხეთთან რკინიგზის ხაზი აღდგენაზე დაგვითანხმოს ...
ღარიბაშვილი,თავიდან კი იყო უარზე,მაგრამ ვნახოთ,დრო გვაჩვენებს...
მე მიყვარს სომხები. ლამაზი გოგოები ჰყავთ.