კანადაში, მანიტობაში, ერთმანეთს შეეჯახა სატვირთო მანქანა და ავტობუსი, რომელიც ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის პირთა გადასაყვანად გამოიყენებოდა, ავარიას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი - დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ეს დღე მანიტობაში და მთელ კანადაში გვემახსოვრება, როგორც ტრაგედიის და წარმოუდგენელი მწუხარების დღე. ვერც კი წარმომიდგენია, რა რთულია იმის არცოდნა, დაბრუნდებიან თუ არა დღეს სახლში მათი საყვარელი ადამიანები. ძალიან ვწუხვარ, რომ უფრო სწრაფად ვერ გაძლევთ საბოლოო პასუხს", - თქვა ოფიცერმა რობ ჰილმა პრესკონფერენციაზე.
ავტოკატასტროფას იძიებს კანადის პოლიცია. მედიის ცნობით, ორივე მანქანის მძღოლი გადარჩა და ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან.
ტრაგედიას გამოეხმაურა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო:
"მანიტობაში მომხდარი ამბავი საშინლად ტრაგიკულია. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მათ მიმართ, ვინც დღეს საყვარელი ადამიანი დაკარგა. ვერც კი წარმომიდგენია ის ტკივილი, რომელსაც დაშავებულები განიცდიან, მაგრამ გახსოვდეთ, მთელი კანადა თქვენთანაა".
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა