თურქეთში, სირიის საზღვართან დღეს დილით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. თურქი სეისმოლოგების შეფასებით კი მიწისძვრის სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისქვეშა ბიძგებმა ნგრევა გამოიწვია როგორც თურქეთის, ისე სირიის ტერიტორიაზე. ბოლო ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობამ 1300-ს გადააჭარბა. დაშავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ გაზიანთეფში იყო.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 10 ქალაქი დაზარალდა. მისი თქმით, დაზარალდა ქალაქები - გაზიანთეფი, ქაჰრამანმარაში, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და ქილისი.
სრული სოლიდარობა ჩვენს მოკავშირე თურქეთს ამ საშინელი მიწისძვრის შემდეგ. ნატო-ს მოკავშირეები ახლა მხარდაჭერის მობილიზებას ახდენენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას გამოეხმაურა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკი მზადაა დასახმარებლად.
"ამ დილით თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მრავალი ადამიანი დაშავდა. ჩვენი ფიქრები თურქ და სირიელ ხალხთანაა. ევროკავშირი მზად არის დახმარების გასაწევად“, - აღნიშნა ბორელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო უღრმესი მწუხარება გამოხატა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბევრი ოჯახის გამო, რომლებიც მიწისძვრას შეეწირნენ და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გამოხატავს თქვენს მიმართ", - დაწერა მან "ტვიტერზე“.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის მხარდაჭერა "უკვე გზაშია“.
"ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქ და სირიელ ხალხს. ვგლოვობთ დაღუპულთა ოჯახებთან ერთად. ევროპის მხარდაჭერა უკვე გზაშია და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ დახმარება, როგორც შეგვიძლია“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა "ტვიტერში“.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და დახმარება შესთავაზა. "ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით ამ რთულ დროს. მზად ვართ გავუწიოთ საჭირო დახმარება კატასტროფის შედეგების დასაძლევად", - განაცხადა ზელენსკიმ.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ასევე იხილეთ:
შეწყვიტეთ თბილისში კორპუსების გამალებული მშენებლობა, თორემ აქ თუ ერთი დაიძახა, ამბავი მოხდება- თურქეთის ეს მიწისძვრა მონაგონი იქნება!
ღამე არ დამეძინება