რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და კრემლის სხვა მაღალჩინოსნები უკვე არაერთ მინიშნებას აკეთებენ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე. დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინის მუქარის უგულებელყოფა არ შეიძლება.
რუსეთი უკრაინაში თავის პოზიციებს კარგავს, პარალელურად კი, მედიაში სულ უფრო მეტჯერ გვესმის ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობაზე. გაჩნდა კითხვები, როგორ უნდა მოიქცეთ ბირთვული აფეთქების დროს იმისთვის, რომ გადარჩეთ.
ვნახოთ, რა არის ის პირველი, რაც მსგავს სიტუაციაში უნდა გაითვალისწინოთ. რჩევები, რომლებსაც ახლა წაიკითხავთ გამოქვეყნებულია აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ready.gov.
აფეთქება ყველაზე საშიშია დეტონაციის შემდეგ პირველ რამდენიმე საათში, რადგანაც სწორედ ამ დროსაა რადიაციის უმაღლესი დონე. აფეთქებიდან დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება რადიაციის გაბნევას და ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ რადიაციული ზემოქმედება ნაწილობრივ მაინც აირიდოთ თავიდან შემდეგი მარტივი ნაბიჯების გადადგმით:
რადიაციის თავიდან ასარიდებლად საუკეთესოა ბეტონის, ან აგურის შენობა. გაიხადეთ და მოიშორეთ დაბინძურებული სამოსი, რომელიც გარეთ ყოფნის დროს გეცვათ, აუცილებლად გაიწმინდეთ და ჩამოიბანეთ სხეულის ის ნაწილები, რომელიც გიჩანდათ გარეთ კოფნის დროს და ერთგვარად დაუცველი იყო, ასევე აუცილებლად დაიბანეთ, თუ აფეთქების შემდეგ ნალექის მოსვლის დროს, გარეთ აღმოჩნდით.
ხელის სადეზინფექციო საშუალება არ დაგიცავთ. მოერიდეთ თვალებზე, პირზე ცხვირზე შეხებას თუ შესაძლებელია. არ გამოიყენოთ სადეზინფექციო ხელსაწმენდი, მისი შეხება კანზე ასეთ დროს არ შეიძლება.
გადადით სარდაფში, ან შენობის შუა ნაწილში. მოერიდეთ გარე კედლებთან, ფანჯრებთან ყოფნას. შეეცადეთ შეინარჩუნოთ დისტანცია იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც არ ცხოვრობთ. თუ თავშესაფარში ხართ, ატარეთ ნიღაბი.
დარჩით შენობაში მინიმუმ 24 საათის განმავლობაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება სხვაგვარ მითითებას არ მოგცემთ. განაგრძეთ სოციალური დისტანციის დაცვა, ნიღბის ტარება. დაიცავით იმ ადამიანებთან დისტანცია ვისთან ერთადაც არ ცხოვრობთ, მინიმუმ ორი მეტრის მანძილზე. გარეთ არ გაუშვათ ცხოველები.
მიადევნეთ თვალი ბოლო ცნობებს - როდის არის უსაფრთხო გარეთ გასვლა, აკონტროლეთ ადგილები, რომელიც უფრო საშიშია და ნაკლებ საშიში. ამ ყველაფერს ახალი ამბებიდან გაიგებთ და შეიტყობთ, რამდენად უსაფრთხოა გარეთ გასვლა. გაითვალისწინეთ, რომ ბირთვული აფეთქების შემდეგ, რადიო (ბატარეაზე მომუშავე) იმუშავებს. მობილური ტელეფონის, ტელევიზიის მუშაობა, ასევე ინტერნეტ სერვისები შესაძლოა, შეფერხდეს, ან მიუწვდომელი იყოს.
მოახდინეთ იდენტიფიცირება იმ ადგილების, რომელიც შეიძლება თავშესაფრად გამოგადგეთ. უკეთესია, რომ ეს იყოს მიწისქვეშა თავშესაფარი, ან შენობის შუა ნაწილი. თავშესაფარში მინიმუმ 24 საათი მოგიწევთ ყოფნა, ამიტომაც დაგჭირდებათ შესაბამისი მარაგი მედიკამენტების, სამოსის, საკვების და წყლის. არ დაგავიწყდეთ რადიო, რათა მიიღოთ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ან ინტერნეტის გათიშვის შემდეგ. რეკომენდებულია, რომ სამი დღის მარაგი მაინც შეინახოთ.
მოიმარაგეთ ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები, საპონი, გაითვალისწინეთ თითოეული ადამიანის სპეციფიკური საჭიროებები. მედიკამენტების ჩათვლით. ნუ დაივიწყებთ შინაური ცხოველების საჭიროებებსაც. გქონდეთ ე.წ. ფაუერბანკები.ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემთ, თავიდან აირიდოთ გარეთ გასვლა იმ დროს, როცა ყველაზე მეტად საშიშია.
თუ გაფრთხილებენ გარდაუვალი თავდასხმის საფრთხეზე, დაუყოვნებლივ შედით თავშესაფარში, მოშორდით ფანჯრებს. ეს დაგიცავთ აფეთქების დროს დასხივების, ან დამწვრობის მიღებისგან. თუ ევაკუირებული ხართ, არ დაბრუნდეთ, სანამ კონკრეტულ მითითებას არ მოგცემენ და არ გეტყვიან, რომ დაბრუნება უსაფრთხოა.
უსაფრთხოა იმ საკვების ჭამა, სასმელის დალევა, რომელიც შეფუთულ მდგომარეობაში შენობაში იყო. არ მიიღოთ საკვები, რომელიც ღია ცის ქვეშ იყო აფეთქების დროს.
აფეთქების კაშკაშა სინათლემ შეიძლება გამოიწვიოს დაბრმავება. აფეთქების ტალღამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი, დაზიანება, დამწვრობა აფეთქებიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც.
რადიაციამ შეიძლება დააზიანოს სხეულის უჯრედები, დიდმა ზემოქმედებამ კი გამოიწვიოს რადიაციული დაავადება.
აფეთქებას, გარკვეული წუთების შემდეგ, თან ახლავს ჭუჭყის, "ნამსხვრევების წვიმა“ აფეთქების ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, რამაც შეიძლება დააზიანოს ადამიანი, რომელიც ამ დროს გარეთ იმყოფება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით (CDC), კალიუმის იოდიდი, ეს არის მნიშვნელოვანი ქიმიური ნივთიერება, რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოებისას. ჩვენი ორგანიზმი საჭირო იოდს იღებს საკვებიდან. კალიუმის იოდიდი არსებობს წამლის სახითაც.
CDC-ის ცნობით, როცა რადიოლოგიური, ან ბირთვული მოვლენის შემდეგ, ჰაერში რადიოაქტიური იოდი გამოიყოფა, ის შეიძლება ფილტვებში მოხვდეს. უმეტეს შემთხვევაში, რადიოაქტიურ იოდს ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ფარისებრი ჯირკვალი სწრაფად შთანთქავს. ფარისებრ ჯირკვალში შეწოვის შემდეგ, რადიოაქტიურმა იოდმა შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება. იმის გამო, რომ კალიუმის იოდიდი ფარისებრ ჯირკვალში რადიოაქტიური იოდის შესვლას ბლოკავს, მას შეუძლია დაიცვას ჯირკვალი დაზიანებისგან.
ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რისი გაკეთება არ შეუძლია კალიუმის იოდიდს - ფარისებრი ჯირკვლის გარდა, მას არ შეუძლია დაიცვას სხეულის სხვა ნაწილები რადიოაქტიური იოდისგან. ასევე, კალიუმის იოდიდი, გარდა რადიოაქტიური იოდისა, სხვა რადიოაქტიური ელემენტებისგან ორგანიზმს ვერ იცავს. შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლება დამცავად.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კალიუმის იოდიდი არ იცავს ადამიანს 100%-ით რადიოაქტიური იოდისგანაც. რამდენად კარგად დაბლოკავს ის რადიოაქტიურ იოდს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
1. რა დროა გასული რადიოაქტიური იოდით დაბინძურებასა და კალიუმის იოდის მიღებას შორის (რაც უფრო ადრე მიიღებს მას ადამიანი ზემოქმედებამდე, მით უკეთესი).
2. რამდენად სწრაფად შეიწოვება სისხლში.
3. კალიუმის იოდიდის ერთჯერადი დოზა იცავს ფარისებრ ჯირკვალს 24 საათის განმავლობაში. კალიუმის იოდიდის უფრო მეტი დოზით მიღება არ იძლევა მეტ დაცვას და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ავადმყოფობა, ან სიკვდილი.
კალიუმის იოდიდის მიღება არ შეიძლება, თუ ალერგიული ხართ იოდზე (თუ დარწმუნებული არ ხართ ამაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს), ასევე, მისი მიღება არ შეიძლება, თუ გაქვთ კანზე გარკვეული დარღვევები, როგორებიცაა ატოპიური დერმატიტი, ვასკულიტი.
შეერთებულ შტატებში არსებობს პროტოკოლი, რომ რადიოლოგიური, ან ბირთვული საფრთხის შემთხვევაში საზოგადოება უნდა დაელოდოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლთა მითითებას იოდიდის მიღებასთან დაკავშირებით. უნდა იმოქმედოთ სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით, რომელსაც ასეთ დროს ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები გასცემენ.
ნახეთ ასევე:
რა იოდი და რის ზელიონკა, ვრეკავთ პირდაპირ "ჰერმესში", თუ ცოცხალი დარჩა იქ ვინმე!!!! ვიღაცამ ეკოლოგიაზე დაიწყო ფიქრი, ვახ რა ეშველება ამ ხალხს!!!!
თუ წაუცდა კოტიტა თითი მერე რამდენი დაიხოცება იმით უნდა განისაზღვროს ზარალი. წინასწარ არავინ იცის.