ავტორი:

"დედისერთა ვარ, მშობლები ძალიან მიწყობდნენ ხელს... ჩემი ცხოვრება სწორი გზით წავიდა" - როგორ მოხვდა გიორგი ამილახვარი "კომფორტის ზონიდან პოლიტიკურ ქარცეხლში": ინტერვიუ ოჯახსა და წარსულზე

"დედისერთა ვარ, მშობლები ძალიან მიწყობდნენ ხელს... ჩემი ცხოვრება სწორი გზით წავიდა" - როგორ მოხვდა გიორგი ამილახვარი "კომფორტის ზონიდან პოლიტიკურ ქარცეხლში": ინტერვიუ ოჯახსა და წარსულზე

ბავშვობა და სტუდენტობაც თბილისის ცენტრალურ უბანში - ვერაზე გაატარა, სადაც მის ოჯახს თავისი პატარა საამილახორო ჰქონდა. მიუხედავად ბნელი 90-იანებისა, როგორც ამბობს, "სწორ და ნათელ გზას" დაადგა - წარჩინებით დაამთავრა სკოლაც, უნივერსიტეტიც და სამართლის დოქტორი გახდა. გერმანიის ქალაქ ჰამბურგის მაქსპლანკის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, ბიზნესში სცადა ბედი, დაგროვილი კაპიტალი მამის დაარსებულ ღია უნივერსიტეტს მოახმარა და მისი რექტორიც გახდა. მერე მეგობრების თხოვნას დაჰყვა და პოლიტიკაში მოვიდა- როგორც თავად ამბობს, "კომფორტის ზონიდან პირდაპირ ქარცეცხლში გადაეშვა".

"მომეცა შესაძლებლობა და მივიღე რთული გადაწყვეტილება. ჩემი ოჯახის წევრები, შესაძლოა, არც ეთანხმებოდნენ ჩემს ამ ნაბიჯს, მაგრამ არასდროს ვუშინდებოდი გამოწვევებს, პირიქით, მიმაჩნია, რომ გამოწვევებთან ღირსეული გამკლავება სწორედ წარმატების საწინდარია“. სჯერა, რომ გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რაც განათლების სფეროში გვაქვს და "ამ სისტემის განვთარებაში ერთ აგურს" ისიც დადებს.

"ქართული ოცნების“ თავადური წარმოშობის წარმომადგენელი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი AMBEBI.GE-სთან მის ცხოვრებაზე საუბარს ბავშვობის მოგონებებით იწყებს:

ბავშვობა

- დავიბადე და მთელი ბავშვობა ვერაზე გავატარე. ვსწავლობდი 51-ე სკოლაში, სადაც დედა - რუსუდანი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. რთული პერიოდი იყო, 90-იანები - უშუქობა, ქუჩაშიც არასახარბიელო სიტუაცია იყო და ასეთ ვითარებაში ყოველთვის ვახერხებდი, სწავლისთვის არ მეღალატა. დედისერთა ვარ და მშობლები ძალიან მიწყობდნენ ხელს. მამა სამართლის დოქტორია და მაშინაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ვერ ვიტყვი, მათამამებდნენ, მაგრამ ვერც იმას - იმ გაჭირვების ჟამს რამეს მაკლებდნენ.

აქედან გამომდინარე, სწორი გზით წავიდა ჩემი ცხოვრება. როცა და სადაც საჭირო იყო იმ რთულ პერიოდში, არაფერს ვაკლდებოდი, რასაც სწავლაში ხელი არ შეუშლია და სკოლა ფრიადებზეც დავამთავრე. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, მყავს დიდი სამეგობრო წრე. ჩემი ყველა მეგობარი წარმატებული გამოდგა თავის სფეროში, კარგი ოჯახიშვილები იყვნენ, რამაც ხელი შეგვიწყო ერთმანეთის განვითარებაში, ამან აგვაცილა მაშინდელი ქუჩის ე.წ შავ სამყაროს. სკოლის დამთავრებამდე კალათბურთს ვთამაშობდი. მეათე კლასში სწავლა გავაგრძელე ამერიკაში. იყო ასეთი პროგრამა - "აკადემიური წელი ამერიკაში“ და ერთი წელი ტეხასის შტატის ქალაქ დალასში, ჰაისქულში ვისწავლე. იქაც სკოლის კალათბურთის გუნდის ხუთეულში ვიყავი. ისე კარგად ვთამაშობდი, სკოლამ ამის გამო ფინანსური შეღავათებიც გამიკეთა...

სტუდენტობა

ამერიკიდან ჩამოვედი და მე-11 კლასში იურიდიული ფაკულტეტისთვის მზადება დავიწყე. ჩემი პროფესიის არჩევანი, მეტწილად, მამის ფაქტორმა განაპირობა. მახსოვს, იმხანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ძალიან დიდი კონკურსი იყო, ყველაზე მაღალი ქულით ჩავირიცხე და ისიც წარჩინებით დავამთავრე. ვერაზე ყაზბეგის ქუჩაზე ვცხოვრობდი, სკოლაც და უნივერსიტეტიც იქ მქონდა და, ფაქტობრივად, ჩემმა ბავშვობამაც და სტუდენტობამაც თბილისის ამ ცენტრალურ უბანში გაიარა. იმხანად თუ რამე საუკეთესო ქალაქური ამბები ხდებოდა, სამეგობრო სულ მის ეპიცენტრში ვიყავით. ამ კუთხით ლაღი, ხალისიანი და ნათელი ახალგაზრდობა მაქვს გატარებული, მიუხედავად რთული პერიოდებისა ქვეყანაში.

შემდეგ ჩავაბარე სადოქტოროზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, მოვიპოვე გრანტი და სწავლა განვაგრძე გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში მაქსპლანკის კერძო და შედარებითი სამართლის კვლევით ინსტიტუტში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი კვლევითი ინსტიტუტი მთელს ევროპაში. ჩემი დისერტაციაც იქ დავწერე ინგლისურ ენაზე, ჩამოვედი და დისერტაცია დავიცავი გაუ-ში, იქაც უმაღლესი შეფასება მქონდა და მომენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი. ყოველთვის მქონდა მისწრაფება ბიზნესისკენ და, შესაბამისად, ბიზნესის მიმართულებითაც მივიღე განათლება.

როგორ დავიწყე ბიზნეს-საქმიანობა

როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ერთი წელი ვიმუშავე სახელმწიფო მინისტრის აპარატში მთავარ სპეციალისტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კონკრეტულად, ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი მაინც კერძო სექტორი იყო და გადავედი ერთ-ერთი ბალტიისპირული საინვესტიციო კომპანიის მთავარ იურისტად. ცოტა მოგვიანებით, მათი საინვესტიციო პროექტების წარმომადგენელი, ანუ ქართველი დირექტორი გავხდი და, ფაქტობრივად, აქედან იწყება ჩემი ბიზნეს-საქმიანობა. შემდგომ მქონდა არა ერთი წარმატებული ბიზნეს-პროექტი, ავაწყეთ სუპერმარკეტების ყველაზე დიდი ქსელი თბილისიში და წარმატებულად გავყიდეთ, რამაც საკმაოდ ადრეულ ასაკში დიდი კაპიტალი მომიტანა. ამის შემდგომ, მეგობრებთან ერთად დავაფუძნე სწრაფი კვების ქართული რესტორნების ქსელი „დეგუსტო“, და ჩემი წილი დაფუძნებიდან 2 წელიწადში ასევე წარმატებულად გავყიდე; ანუ ბიზნესების აწყობის და განვითარების დიდი გამოცდილება დამიგროვდა და საკმაოდ წარმატებული ქეისებიც;

გიორგი ამილახვარი მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად

ბიზნესს ვანვითარებდი და შემდგომ ინვესტორებზე ვყიდდი, ასე ვაგროვებდი კაპიტალს. მინდოდა დაგროვილი კაპიტალი კარგ საქმეში ჩამედო. ყოველთვის მაინტერესებდა განათლების სფერო, მიმაჩნდა და მგონია, მის გარეშე ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. შესაბამისად, მთელი დაგროვილი კაპიტალი, საკმაოდ სოლიდური თანხა მამას დაფუძნებულ თბილისის ღია უნივერსიტეტში ჩავდე, რომელიც მაშინ განვითარებას და ახალ-თანამედროვე კამპუსს ითხოვდა. დისერტაცია უკვე დაცული მქონდა, ავაშენე თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული და თანამედროვე სასწავლო ინფრასტურქტურა უნივერსიტეტის ქუჩაზე და 2016 წლიდან გადავედი უნივერსიტეტში, თავად დავიწყე მისი მართვა, გავხდი უნივერსიტეტის რექტორი. ეს ბიზნესიც განვავითარე და პოლიტიკაში წასვლამდე გავასხვისე. 5 წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ მოთხოვნადობის თვალსაზრისით, თბილისის ღია უნივერსიტეტი ხუთეულში შევიდა. ეს საქმიანობა ჩემთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ბიზნესი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები გავაკეთეთ. ახალმა მფლობელებმა უნივერსიტეტს სახელი გადაარქვეს და ახლა მას „ალტე“ ჰქვია. უნივერსიტეტის გასხვისება ჩემს პოლიტიკაში წასვლას არ უკავშირდებოდა, უბრალოდ, ამას დაემთხვა...

როგორ მოვედი პოლიტიკაში

როდესაც 20/20-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მიდიოდა და "ოცნება“ ახალი კადრების მოზიდვაზე მუშაობდა, ჩემმა ნაცნობ-მეგობრებმა „ქართული ოცნებიდან“, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შემომთავაზეს - მითხრეს, განათლების სფეროში გამოცდილი ახალგაზრდა ადამიანი სჭირდებათ და ხომ არ დაინტერესდებიო. ჩემი შეხედულებები, სამეგობრო წრე და კონტაქტებიც ისედაც „ქართულ ოცნებასთან“ მოდიოდა თანხვედრაში, კონსულტაციის შემდეგ მათ დავთანხმდი და სიის წარდგენაზე პირველი ოცეულის მეთორმეტე ნომრად დამასახელეს. მერე ამ არჩევნებს, მოგეხსენებათ, მოჰყვა პოლიტიკური კრიზისი, ბოიკოტები... მოკლედ,ერთ დიდ ქარცეცხლში ვიყავით.. პირველი, რაც ავირჩიე, ეს იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი. როდესაც შალვა პაპუაშვილი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე და ეს პოზიცია ვაკანტური გახდა (მანამდე კომიტეტში მისი პირველი მოადგილე ვიყავი), პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომიტეტის თავმჯდომარეობა შემომთავაზა რაც დიდი პატივი და იმავდროულად დიდი პასუხისმგლებობაც არის.

კომფორტის ზონიდან - პირდაპირ ქარცეცხლში

მთავარი მოტივაცია, რატომაც პოლიტიკაში შემოსვლას დავთანხმდი, იყო ის, რომ სრულად შემდგარი ადამიანი ვიყავი იმ სოციუმში, სადაც ვმოღვაწეობდი, როგორც რეპუტაციული და კარიერული კუთხით, ისე - მატერიალურადაც. ვიცოდი, რამდენი პრობლემა იყო განათლებაში და მინდოდა კარგი საქმის კეთების ბერკეტი და შესაძლებლობა მომცემოდა. ძალიან მინდოდა ერთი აგური მეც დამედო, განსაკუთრებით განათლების სისტემის განვითარებაში, ვინაიდან, მთავარი განძი, რაც ჩვენ შეიძლება გვქონდეს, ეს ჩვენი გონება, ჩვენი ცოდნაა. ცოდნასაც დაგროვება და შექმნა სჭირდება, ის თავისით არ მოდის. როცა გაჩნდა შესაძლებლობა, მივიღე რთული გადაწყვეტილება და კომფორტის ზონიდან პირდაპირ ქარცეცხლში გადავეშვი. ჩემი ოჯახის წევრები, შესაძლოა, არც ეთანხმებოდნენ ჩემს ამ ნაბიჯს, მაგრამ არასდროს ვუშინდებოდი გამოწვევებს, პირიქით, მიმაჩნია, რომ გამოწვევებთან ღირსეული გამკლავება სწორედ წარმატების საწინდარია.

რაღაც რომ შემეცვალა, ხელში ბერკეტი მქონოდა, სხვისთვის არ მეყურებინა და მესაყვედურებინა, რატომ არაფერს აკეთებდა, მინდოდა, თავად ამეღო პასუხისმგებლობა, ეს იყო ჩემი პოლიტიკაში აღმოჩენის მთავარი მოტივატორი. ვფიქრობ, დღეს ჩემს ადგილას ვარ და სწორ საქმეს ვაკეთებ. ასევე, ზუსტად ვიცი, რომ ეს ცხოვრების ბოლომდე, უსასრულოდ არ გაგრძელდება, მუდმივად პოლიტიკაში არ ვიქნები და თავს აუცილებლად ისევ კერძო სექტორში და განათლებაში მოვიაზრებ. კერძო სექტორის გამოცდილებას ემატება უდიდესი სახელმწიფოებრივი გამოცდილება, რაც მინდა, ისევ უკან დავუბრუნო განათლების სექტორს. არის ეტაპები, როცა თავს ამოწურავ, უნდა გახვიდე და სხვას დაუთმო ადგილი. ვიცი, აუცილებლად დავბრუნდები განათლების სექტორში და ვეცდები, ჩემი ცოდნა-გამოცდილება ისევ უკან დავაბრუნო.

"მეუღლე გვარიშვილობით არ შემირჩევია“

ჩემი მეუღლე - ნინო წერეთელი საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორია, ლექციებს კითხულობს რამდენიმე უნივერსიტეტში. ნინო ჩემი ახლო მეგობრის ჯგუფელი იყო და ერთმანეთი პირველ კურსზე გავიცანით, უნივერსიტეტში.. ამილახვარს წერეთელი გვარის მიხედვით ნამდვილად არ შემირჩევია (იცინის). ამის მერე მთელი სტუდენტობა ერთად გავატარეთ, მოკლედ, მე და ნინო ერთად ვიზრდებოდით... უნივერსიტეტი დავამთავრეთ და იმავე წელს ვიქორწინეთ, 2006-ში. მალე ნიცა გვეყოლა, რომელიც ახლა 15 წლისაა. გვყავს ასევე მეორე, 8 წლის გოგონა - ანა-მია ამილახვარი. სურვილი მქონდა, შვილები ჩემს 51-ე სკოლაში შემეყვანა, მის მიმართ სხვა დამოკიდებულება მაქვს, ცოტა - სუბიექტურიც. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბავშვები სხვა სკოლაში დადიან და საკმაოდ კარგადაც სწავლობენ. ნიცაც და მიაც ხატვით არიან გატაცებული.

"გამიჭირდა კალათბურთის გარეშე ცხოვრება“

მართალია, კალათბურთის თამაშს თავი დავანებე, მაგრამ საყვარელ სპორტთან კონტაქტი არ გამიწყვეტია _ კალათბურთის ფედერაციიის გამგეობის წევრი გახლავართ, რომლის პრეზიდენტიც ჩვენი კოლეგა და უდიდესი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძეა. ამერიკიდან როცა ჩამოვედი, არჩევანის წინაშე დავდექი - ან სწავლა უნდა ამერჩია, ან სპორტს გავყოლოდი, დაბოლოს, პირველი ავირჩიე. პირველ ეტაპზე გამიჭირდა კალათბურთის გარეშე ცხოვრება, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ კარგად მოვიქეცი. უმაღლესისთვის მომზადებას დიდი დრო მიჰქონდა და აღარ გამოდიოდა... ბანალური ვიქნები, მაგრამ ჩემი საყვარელი კალათბურთელი მაინც მაიკლ ჯორდანია. ჩემი აზრით, ეს ადამიანი არა მარტო მაღალი კლასის კალათბურთელია, არამედ, როგორც პიროვნება, ბიზნესმენი და ქველმოქმედი, მისაბაძი ადამიანი და ჩემპიონია ცხოვრებაშიც. ჩვენი თაობა მისი გუნდის - „ჩიკაგო ბულზის“ თამაშებზე გავიზარდეთ და, შესაბამისად, მისი აქტიური ქომაგი ვიყავი.

"მეუბნებოდნენ, პარლამენტში შენი გამოსვლები ლექციას ჰგავსო"

თავიდან, პოლიტიკაში როცა მოვედი, სულ მეუბნებოდნენ, შენი გამოსვლები ლექციას ჰგავსო. აკადემიური სტილი თავისთავად მომყვებოდა იქიდან, საიდანაც მოვედი. პოლიტიკამ მაინც თავისი ქნა და უკეთესი სპიკერი გამხადა. როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ოპონენტის ბრალდება, მაინც ყოველთვის ვცდილობ, ემოციები მოვთოკო და აგრესიას აგრესიით კი არ ვუპასუხო. ვცდილობ, არგუმენტებით ველაპარაკო ხალხს. საბოლოო ჯამში, მაინც ხალხია მსაჯული და კარგად ესმის ტყუილ-მართალი, ამიტომ საჯარო გამოსვლებში, თუ შეხვედრებზე ვცდილობ, ეს ბალანსი დავიცვა და გამოდის ის, რაც გამოდის. კრიტიკას ადეკვატურად ვხვდები, თუ კი ის ჯანსაღია და ტყუილისა და ცილისწამების ელემენტებს არ შეიცავს.

"ეს ჩვენი თაობის ვალია და ამას აუცილებლად მივაღწევთ“

ჩვენთვის უალტერნატივოა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. ეს არ არის რაღაც იდეაფიქსი, ევროპა ჩვენი ისტორიული ადგილია, ამასთან, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი. რომ გვეკითხებიან, რატომ? - იმიტომ, რომ ყველაზე სწორი მმართველობითი ფორმა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, ხარისხიანი განათლების სისტემა და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა - ეს ყველაფერი აქვს შექმნილი დასავლურ ცივილიზაციას, რაც ჩვენს სარწმუნოებასთან, ისტორიასთან, ჩვენს განვითარებასთან ახლოსაა და თანხვედრაშია. ჩვენი წინაპრები ისტორიულად დასავლეთისკენ ილტვოდნენ და ეს ყველაფერი ქართველებს გენეტიკურადაც ჩამოგვიყალიბდა. დიახ, ჩვენი ადგილი სწორედ ევროპაშია. ევროპა გვინდა იმისთვის, რომ ჩვენს ხალხს უკეთესი ცხოვრება ჰქონდეს, არ არსებობდეს არანაირი საზღვრები და რაც მთავარია, ამხელა ჩრდილოელი მტერი გვყავს და ამიტომ უსაფრთხოების გარანტიები და დაცულობა ჰაერივით გვჭირდება. საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროატლანტიკური სივრცე და უალტერნატივოა ის გზა, საითაც მივდივართ. ეს ჩვენი თაობის ვალია და ამას აუცილებლად მივაღწევთ.