30 დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მიუხედავად ამისა, რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებულ ომს დონბასის გათავისუფლების სპეცოპერაციას უწოდებენ.
რუსულ მედიაში კი მკაცრად აკრიტიკებენ იმ მომღერლებს, რომლებმაც ომი გააპროტესტეს და საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს ამ ჯოჯოხეთის დასრულებისკენ მოუწოდეს.
"ვალერი მელაძე, ვერა აბრეჟნევა და მაქსიმ გალკინი რუსეთში ცისფერი ეკრანებიდან გაქრებიან" - წერენ რუსი ჟურნალისტები, მაგრამ აქვე დასძენენ, რომ ეს სია ძალიან გრძელი იქნება.
ვარსკვლავების პროტესტს ისინი ემოციურ განცხადებებს უწოდებენ და ამბობენ, რომ მოულოდნელი იყო მათი რეაქციები. მაქსიმ გალკინის, ვალერი მელაძისა და ვერა ბრეჟნევას პოპულარობის მიუხედავად, რუსებმა აქტიურად დაიწყეს უკმაყოფილების გამოხატვა საყვარელი არტისტების მიმართ. პრიმადონას ახალგაზრდა ქმარს არა მხოლოდ სოლო კონცერტები გაუუქმეს, არამედ გალკინმა თითქმის ყველა სარეკლამო კონტრაქტი დაკარგა, რის შემდეგაც მან მაშინვე დატოვა რუსეთი ცოლ-შვილთან ერთად. რაც შეეხება ბრეჟნევას, მან ომის დაწყებიდან მალე დატოვა რუსეთი და პოლონეთში მოხალისედ მუშაობს და უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება დაბინავებაში.
რუსულ მედიაში წერენ, რომ მათ რუსეთის წყალობით პანდემია არც უგრძნიათ, რადგან დაკავებულები იყვნენ საახალწლო პროგრამებში, სადაც სერიოზული ანაზღაურება აიღეს. სია ფართოა და ამ ეტაპზე აკრძალულ მომღერლებს ანჟელიკა ვარუმისა და ლეონიდ აგუტინის დუეტიც დაემატა. წყვილს ორი დღის წინ სამარაში კონცერტი უნდა გაემართა, მაგრამ მაყურებლებმა ბილეთები დააბრუნეს და კონცერტი ოქტომბრამდე გადაიდო.
"კონცერტები არ იქნება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაყურებელი მივიდეს. ისინი ვერც საახალწლოდ იმღერებენ რუსულ ტელეარხებზე, არ მიიღებენ გრანტებს, სუბსიდიებს და მონაწილეობას ვერ მიიღებენ სახალხო დღესასწაულებში. თუ სიტუაცია ასე განვითარდება, მაშინ ვალერი მელაძეს კონცერტები საერთოდ არ ექნება. მათ, სავარაუდოდ, უკვე დაურეკეს დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა და უთხრეს, რომ თუ რუსეთში კონცერტებს გამართავენ, მათ ვილებს და ანგარიშებს დააყადაღებენ. და მათ სხვა რამე აირჩიეს", - განუცხადა ჟურნალისტებს PR სააგენტოს ხელმძღვანელმა ანტონ ვუიმამ.
რუსულ მედიაში მათ "შერცხვენილ და პაციფისტ არტისტებად" მოიხსენიებენ და წერენ, რომ ერთადერთი გზა რაც არსებობისთვის დარჩათ, უცხოეთში კორპორატიული წვეულებებია.
აქვე გეტყვით, რომ რუსების მიერ "შერცხვენილთა სიაში" ქართული წარმოშობის მომღერლებიდან მხოლოდ ვალერი მელაძეა. თამარ გვერდწითელი და ქეთა თოფურია ამ დრომდე მხოლოდ გადადებული კონცერტებით შემოიფარგლნენ. რაც შეეხება გრეგორი ლეპსსა და სოსო პავლიაშვილს, ისინი ძველებურად აგრძელებენ რუსეთში სიმღერას. დიანა ღურწკაიას პოზიცია კი უცნობია. შემსრულებელს ამ დრომდე არ გამოუხატავს პროტესტი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.