ახალ სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედის" ზოგიერთი გადაცემა სახეცვლილებით გავა. ტელეკომპანიის გადაცემების პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს დავუკავშირდით და ვთხოვეთ, ჩვენთვის სიახლეების შესახებ მოეთხრო.
- ახალი ისაა, რომ ის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც "სიმართლის დროზე" მუშაობს, ამჟამად "ინტუიციის" კეთებითაა დაკავებული. ეს გადაცემა განახლებული სახითა და ახალი წამყვანით გავა ეთერში. რაც შეეხება "სიმართლის დროს" - პაუზა აიღო, რაც შეწყვეტას არ ნიშნავს და გარკვეული დროის შემდეგ, აუცილებლად დაბრუნდება ეთერში. "მაფიის ღამეც" ჩვეულებრივად გაგრძელდება და თითოეულ გადაცემაში ერთი და იმავე პროფესიის ადამიანები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
- ისევ მხოლოდ ცნობილი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას თუ შესაძლოა, უცნობი სახეებიც ვიხილოთ?
- არა, ცნობილები იქნებიან.
- წამყვანი ამ გადაცემასაც ხომ არ შეუცვალეთ?
- არა, "მაფიის ღამეს" კვლავ მალხაზ ქვრივიშვილი წაიყვანს.
- "სიმართლის დროის" შეჩერება ფინანსურ პრობლემებთან ხომ არ არის დაკავშირებული?
- იმდენად - არა, უბრალოდ მივიჩნიეთ, რომ ბოლო სეზონზე მაყურებელს დიდი დოზით ჰქონდა ეპატაჟი. ცოტას დავასვენებთ და შემდეგ, განსხვავებული კუთხით, დავაბრუნებთ. ჯერჯერობით ამაზე არაა ლაპარაკი და ახალი წლის შემდეგ შესაძლოა, მოვიფიქროთ.
- რატომ ჩაენაცვლა "ინტუიციაში" ნანკა კალატოზიშვილი ნიკა ქავთარაძეს?
- ასეთი აზრი გაჩნდა - რომ ფორმატს ქალი უფრო მოუხდებოდა და არჩევანი ნანკაზე შევაჩერეთ: კარგი წამყვანია და მაყურებელსაც მოსწონს.
- თქვენ შესახებაც გვიამბეთ - რა პროფესიის ხართ და რას საქმიანობდით ტელევიზიაში მუშაობის დაწყებამდე?
- პედაგოგიური უნივერსიტეტი დავამთავრე, ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ - ასპირანტურა, პოლიტოლოგიის განხრით, მეორადი ფაკულტეტი კი - ფსიქოლოგია. საზღვარგარეთ სხვადასხვა თემაზე ბევრი ტრენინგი და სემინარი მაქვს გავლილი. რაღაც პერიოდი გაეროს პროექტშიც ვმუშაობდი, შიდსისა და ნარკომანიის პრევენციის თემაზე; მერე - სარეკლამო კომპანია "სარკეში"; შემდეგ - "თი-ბი-სი ტი-ვი-ში" წავედი, სადაც გენერალური პროდიუსერი გახლდით. ტელევიზიამ "მოწამვლა" იცის... "იმედთან" უკვე მეორე სეზონია, ვთანამშრომლობ, მანამდე "რუსთავი 2"-შიც ვიყავი, მარკეტინგის მენეჯერად, და ცოტა ხანს "ჯეოსტარსაც" ვაკეთებდი.
- თქვენი მეუღლე, ეკა სამხარაძე როდის გაიცანით?
- მე და ეკამ "რუსთავი 2"-ში გავიცანით ერთმანეთი. რომ დავოჯახდით, მერე ამ ტელევიზიიდან მალე წამოვედი, მაგრამ გარკვეული პერიოდი ერთ შენობაში, სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდით.
- რითი მოიხიბლეთ ყველაზე მეტად?
- ყველაფერი მომეწონა - გარეგნობა, ხასიათი, ნიჭი... ძალიან ჭკვიანია, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ადამიანში, და როცა ეს ყველაფერი გაერთიანებულია, მნიშვნელოვანია.
- როგორ ახერხებთ დღის განმავლობაში ერთმანეთის ნახვას, როცა ორივეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ?
- ეკა სახლში დილას რომ მოდის, მე მაშინ სამსახურში მივდივარ ან - პირიქით, მაგრამ დღის განმავლობაში ვცდილობთ, დრო გამოვნახოთ და ერთმანეთი ვნახოთ, ყავა დავლიოთ, ვივახშმოთ; შაბათ-კვირა კი თავისუფალი გვაქვს.
- მარკეტინგი და პროდიუსინგი თქვენი პროფესიებისგან განსხვავებული სფეროებია...
- მართალია, მაგრამ ფსიქოლოგია ახლოსაა: ცდილობ, ადამიანებს ის მოარგო და შესთავაზო, რაც მათ ინტერესებში ჯდება. ამიტომ ეს პროფესია ძალიან დამეხმარა საქმიანობაში.
- საერთოდ, რა შედის პროდიუსერის ფუნქციებში? დღეს ძალიან მომრავლდნენ ამ სპეციალობის ადამიანები და პოპულარულია. თუმცა შესაძლოა, ბევრმა არც კი იცოდეს ბოლომდე მისი მნიშვნელობა... თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი პროდიუსერი?
- პირველ რიგში, კარგი ხედვა უნდა ჰქონდეს იმისა, თუ რამდენად ღირებული და გაყიდვადია ის პროდუქტი, რომელსაც ქმნის. ცოტა რისკის უნარიც უნდა ჰქონდეს - ამის გარეშე არაფერი გამოვა. აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომუნიკაციების დიდი ბაზა და განათლება.
- თქვენ რამდენად ადვილად აუღეთ ალღო ამ საქმიანობას? შეცდომას ხშირად უშვებდით?
- თავიდანვე მივხვდი, რომ რაღაცნაირად, "ჩემი" იყო ეს ყველაფერი - სარეკლამო კომპანიაში მუშაობის დაწყებიდანვე... ძალიან მნიშვნელოვანია, იმ საქმეს აკეთებდე, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, - ამ შემთხვევაში, ყოველთვის კარგ შედეგს აღწევ; როცა იღლები, მაგრამ.. არ იღლები (იღიმის).
თამთა დადეშელი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)