საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მოქალაქეები მათთვის სასურველი ვაქცინის შერჩევას თავად შეძლებენ.
როგორც ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ნებაყოფლობითი იქნება როგორც ვაქცინაცია, ასევე ვაქცინის ამორჩევა.
„დღეს გვაქვს შეხვედრა სამედიცინო ასოციაციებთან, რომელთა როლი და ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი ამ პროცესში. მათ აქვთ წვდომა, როგორც სამედიცინო პროფესიონალებთან, ასევე მოსახლეობასთან და გაზიარებული იქნება მათთვის ჩვენი პლატფორმა. ეს მოახდენს როგორც ექიმებში, ასევე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას. მოსახლეობის განწყობა დეკემბერთან და იანვართან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და კიდევ გვაქვს გარკვეული ღონისძიებები განსახორციელებელი. პირველ რიგში, ეს იქნება ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიები. ვაქცინაცია საქართველოში არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ამას ვემხრობით. ასევე ნებაყოფლობითი იქნება ვაქცინის არჩევა და ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას მათ აირჩიონ მათთვის სანდო ვაქცინა, რომელსაც ისინი მეტად ენდობიან“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მან ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანაზეც ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება მის ხარისხს ეჭვქვეშ არ აყენებს და ჩინური ვაქცინა ტრადიციულ მეთოდებზეა დამზადებული, რაც „ბევრი მოქალაქისათვის უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორია“.
„ხარისხის კომპონენტზე საუბრისას მთავარია მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება. მაშინ, როდესაც ჩინურ ვაქცინასაც აქვს და ექნება მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან მკაცრი აღიარება, ეს მის ხარისხს არ აყენებს ეჭვის ქვეშ, ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე, რაც ბევრი მოქალაქისათვის უპირატესობის განმსაზღვრელი ფაქტორია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას აჩერებს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ავსტრიის წამლის ეროვნულმა მარეგულირებელმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერა, რაც ოთხ ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.
ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ჯგუფის გამოყენება შეაჩერა, რათა ევროპის წამლის სააგენტოსთვის გამოძიების ჩასატარებლად დრო მიეცათ.
ევროპის წამლის სააგენტოს თქმით, ვაქცინის იმ ჯგუფის გაკეთება, რომელიც ავსტრიაში გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ის გარდაიცვალა მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით, ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ.
მეორე პაციენტს ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელის გამოჯანმრთელება მიმდინარეობს. სისხლის შედედება კიდევ იმ ორ პაციენტს გამოუვლინდა, რომელმაც ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.
ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია. ამასთან, თრომბოზი არ შედის ვაქცინის პოტენციური გვერდითი ეფექტების ჩამონათვალში. მათი თქმით, ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.
ცოლ-ქმარიდან ერთ ერთი მაინც თუ აიცრა შვილი აღარ გაუჩნდებათ