ავტორი:

"გიზოს დაუწყია სიმღერა "შემოვიდნენ წითლები“... წამომხტარა ფეხზე ხუხა, თოფი გამოუტანია, ეს როგორ იმღერეო!" - ვინ იყო ცნობილი სიმღერის გმირი ეძგვერაძე ბარნაბა

"გიზოს დაუწყია სიმღერა "შემოვიდნენ წითლები“... წამომხტარა ფეხზე ხუხა, თოფი გამოუტანია, ეს როგორ იმღერეო!" - ვინ იყო ცნობილი სიმღერის გმირი ეძგვერაძე ბარნაბა

(ფოტოკოლაჟი: ბარნაბა ეძგვერაძე და მისი შვილიშვილები, მათ შორის რუსუდან ღელეყვა)

ამას წინათ სოციალურ ქსელში გაყვითლებული გაზეთის ამონაჭრის ფოტოს გადავაწყდი. ფოტოდან მამაკაცი გვიმზერდა და იქვე წარწერაც გვაუწყებდა: "ეძგვერაძე ბარნაბ სიმონის ძე (დაბ. 1884)“. მყისვე მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი - იმერეთში გავრცელებული და, როგორც ჩანს, შინაარსით ყველა ეპოქისთვის აქტუალური სიმღერა ამეკვიატა: "შემოვიდნენ წითლები,/ ატყდა დავიდარაბა,/ რომელ პარტიას ეკუთვნის/ ეძგვერაძე ბარნაბა?" აღმოჩნდა, რომ ბარნაბა ეძგვერაძე რეალური პიროვნება იყო. ამბობენ, მას ქუთაისში ჰქონდა დუქანი, სადაც ჩუმად იკრიბებოდნენ ბოლშევიკები, ვითომ ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ და დუქანს საქეიფოდ ესტუმრნენ, სინამდვილეში კი სამომავლო ნაბიჯებს გეგმავდნენო. იმასაც ამბობენ, თითქოს, ამ დუქანში იკრიბებოდნენ მენშევიკებიც და ისინიც, ასევე შენიღბულები, თავის მომავალ საქმეებზე ბჭობდნენ. იმიტომაც შეიქმნა ბარნაბაზე ამგვარი სიმღერა - ვერ გაარკვია ხალხმა, საბოლოოდ ვის მხარეს იყო იგიო. 1956 წელს ამ უკანასკნელს შრომის წითელი დროშის ორდენიც კი მიუღია. როგორც მითხრეს, ბარნაბა ქუთაისში, "სახანძროს" უკან, ახლანდელი ყვავილების ბაზრობის გვერდით ცხოვრობდა. სხვათა შორის, ბარნაბას მონაცემები ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც ყოფილა შეტანილი. მაგალითად, 3 ტომად გამოცემულ საქართველოს "უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში“ მასზე ამოვიკითხე: "ეძგვერაძე ბარნაბა (1884-1966 წწ.) რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში“.

საქართველო პატარაა და ძებნა-ძებნით საბოლოოდ ისევ ქუთაისში მივაკვლიე ბარნაბა ეძგვერაძის ერთ-ერთ შვილიშვილს, ქალბატონ რუსუდან ღელეყვას (ქალიშვილობის გვარით - დვალაძეს). ქალბატონ რუსუდანს სიმღერა რომ ვუხსენე, იმწამს სიცილით მომიგო, რომ იცოდეთ, მეც რამდენჯერ მიმღერია ეგ სიმღერა. მისი ტექსტი, მგონი, ყველამ იცის და ყველგან მღერიან - ოჯახებში, ქორწილებში, რესტორნებში, თანაც - არა მარტო საქართველოში. მე თვითონ მოსკოვის რესტორნებშიც კი მოვისმინე ქართველი მომღერლებისგანო.

- ქალბატონო რუსუდან, მაინც ვინ და როგორი იყო ბარნაბა ეძგვერაძე, რომლის ცხოვრებასა და პოლიტიკურ ორიენტაციაზე ბევრ ვერსიას ჰყვებიან, ამბობენ, ხან ბოლშევიკებისკენ იყო, ხან მენშევიკებისკენო და ასე შემდეგ. თქვენ რას მიამბობთ?

- ბაბუა კარგად მახსოვს, რადგან მერვე კლასში ვსწავლობდი, ის რომ გარდაიცვალა. ბევრი რამ არც მე ვიცი, მაგრამ რაც ვიცი, აუცილებლად გიამბობთ.

ბარნაბა ეძგვერაძე ქუთაისიდან 15 კილომეტრში, სოფელ გუბში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა სახლი ქუთაისშიც ჰქონდა.

მას მართლაც ჰქონდა დუქანი და იქ ბოლშევიკები იკრიბებოდნენ, თუმცა ზოგჯერ მენშევიკებიც შედიოდნენ ხოლმე. ბაბუა ბოლშევიკების მხარდამჭერი იყო, თავდადებული ბოლშევიკი. მონათხრობით, ერთი ასეთი ინციდენტი მახსოვს: სავარაუდოდ, ახალგაზრდა ლენინი დაუჭრიათ და ამ ამბავს ბაბუა ძალიან განიცდიდა. იმ პერიოდში ქუთაისში ვიღაც მისი ნაცნობი ჩასულა და, ალბათ, ბაბუამ იფიქრა, დედაქალაქიდან ახალ ამბავს ჩამოიტანდაო, ამიტომ მისთვის ჩუმად უკითხავს, - ამხანაგი ლენინი როგორ არისო? - იმ კაცს კარგად შეუკურთხებია ლენინისთვის, ოხ, მაგის დედაცო და ბაბუა გაგიჟებულა, ეს როგორ თქვიო! ანუ პოლიტიკური ორიენტაციის კუთხით ბარნაბას გაურკვევლობა არ ჰქონია, იგი ნამდვილი, თავდადებული ბოლშევიკი იყო. საბჭოთა ენციკლოპედიის ინფორმაციით, ბაბუა კომუნისტური პარტიის წევრი 1903 წელს გამხდარა.

რაც მახსოვს, იმ პერიოდში, მას უზომოდ აფასებდნენ და არც არის გასაკვირი. მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის თეატრში საგანგებო ლოჟა იყო გამოყოფილი. პრემიერას არ აცდენდა არათუ ქუთაისის თეატრში, არამედ - თბილისშიც. სულ პატარა კი ვიყავი, მაგრამ მეც მუდამ თან მატარებდა. ეგ კი არა, ბაბუამ ისე დამაკავშირა თეატრს, რომ საბოლოოდ მთელი ცხოვრება მართლაც თეატრს დავუკავშირე, მეუღლეც კი - გიზო ღელეყვა მსახიობი მყავს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობია. აღლუმებზეც, სკოლიდან რომ გავყავდით ხოლმე, კარგად მახსოვს, მთავარ, სამთავრობო ტრიბუნასთან რომ ჩამოვივლიდით, ბაბუაც იქ იდგა. კიდევ ერთი დეტალი მახსენდება - ბაბუამ ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წაგვიყვანა შვილიშვილები და იქ მასთან ერთად ფოტო გადაგვიღეს და იქვე გამოუკრავთ. მერე და მერე, იმ მუზეუმში სკოლიდან რომ წაგვიყვანდნენ ხოლმე, ისე მიხაროდა, ჩვენს ფოტოს რომ ვნახულობდი.

რომ წერენ, ბარნაბა ეძგვერაძე ქუთაისში ახლანდელი ყვავილების ბაზრის გვერდით ცხოვრობდაო, მართალი არ არის. იქ ბაბუა კი არა, ჩვენ ვცხოვრობდით - ბარნაბას ქალიშვილი, დედაჩემი, მამაჩემი და ჩემი და-ძმა. თვითონ ბაბუა, ჩემს ბავშვობაში ცხოვრობდა ქუთაისის ახლანდელი საჯარო ბიბლიოთეკის შენობის ერთ ნაწილში. მახსოვს, წინ აივანი ჰქონდათ, რომელიც ქუჩას გადმოჰყურებდა. თბილისშიც უნდა აეღო ბინა, მაგრამ ბებია არ მიჰყვებოდა და ამიტომ უარი თქვა. ბებია არათუ თბილისში, ქუთაისშიც არ მოყვებოდა ბაბუას, ძირითადად, სულ სოფელ გუბში იყო და ამიტომ, ბაბუაც გუბი - ქუთაისის გზას იყო გადებული. მოგვიანებით ის შენობა დასჭირდათ და ბაბუას სთხოვეს, თქვენი ნაწილი დაგვითმეთო და ბაბუამაც დაუთმო, მის სანაცვლოდ კი ბარნაბას ქუთაისის სხვა უბანში - ბალახვანში, საუკეთესო ადგილას - ასსაფეხურიანი კიბის გვერდით მისცეს ბინა. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ იმ სახლში მისი ვაჟი ანუ ჩემი ბიძა - ხუხა ეძგვერაძე ცხოვრობდა.

მარცხნივ ხუხა ეძგვერაძე

მე ძალიან დადებით ადამიანად მახსენდება ბაბუა - მეუღლეც სამაგალითო იყო, მამაც და ბაბუაც. მეც მახსოვს და დედაჩემისგანაც ვიცი, რომ ბებია ძალიან უყვარდა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. ბაბუა ცოლ-შვილს დასასვენებლად რომ უშვებდა, მათ გარეშე დიდხანს ვერ ძლებდა და ლამის, ყოველ მეორე დღეს აკითხავდა ხოლმე. ბებია ძალიან ლამაზი ქალი იყო. ის ბაბუას შემდეგ გარდაიცვალა. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ, ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი და ერთ-ერთი იყო დედაჩემი - თინათინი. ვაჟი - მიტუშა დიდ სამამულო ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მეორე ქალიშვილი კი არ გათხოვილა და არც შთამომავლობა დარჩენია. ბაბუას მეორე ვაჟიც ჰყავდა - ხუხა. ბაბუა სოფლიდან ქუთაისში რომ ჩამოდიოდა, ყოველთვის ჩვენთან მოდიოდა ხოლმე, ჩვენთან ვიკრიბებოდით, ბიძაჩემი ხუხაც ოჯახით გვსტუმრობდა, ხან კიდევ ყველანი ერთად მივდიოდით სოფელში და შესანიშნავ დროს ვატარებდით. მოგვიანებით გუბის სახლი გაიყიდა, მაგრამ იმ ადგილს დღემდე შემორჩა ბაბუასდროინდელი სახელი - ბარნაბას გაჩერება.

რაც შეეხება ხუხას, იგი მართლაც კოლორიტი პიროვნება იყო, გასაოცარი და მთელ საქართველოში გამოჩენილი კაცი. ხუხასთან იკრიბებოდნენ მსახიობები, გამოჩენილი ადამიანები. კარგად მახსოვს, მასთან მეგობრობდნენ და ხშირად სტუმრობდნენ: ჩვენი უდიდესი ბალერონი, ვახტანგ ჭაბუკიანი, საოპერო მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე, მსახიობები ოთარ მეღვინეთუხუცესი, დოდო აბაშიძე და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. საოცარი კიდევ რა იყო, იცით? ბაბუა ხომ როგორი ბოლშევიკი იყო, ბიძაჩემი კი - ბოლშევიკებს და კომუნისტებს კატეგორიულად ვერ იტანდა. ისეთი სასაცილო იყო: 7 ნოემბერს და პირველ მაისს ხომ როგორ დღესასწაულობდნენ - ჯერ აღლუმები ეწყობოდა და შემდეგ სუფრასთან გრძელდებოდა მოლხენა. ხუხა ბიძია იმ დღეს, კომუნისტებისადმი პროტესტის ნიშნად, ლობიოს ხარშავდა ხოლმე.

- ერთ-ერთ "ფეისბუქპოსტში" ხუხა ეძგვერაძეს მართლაც დიდებულად ახასიათებენ: "1950-60-იანი წლების ეპოქის ლეგენდარული ტიპაჟი, უზარმაზარი ტორსით, კეთილი თვალებითა და უკან გადავარცხნილი ფაფრით მახსოვს, ტროსტით დადიოდა ბალახვანშიო“...

- იმ წლებში ხუხა უკვე ტროსტით დადიოდა. ერთხელ ახალგაზრდა ხუხა თბილისის ქუჩაში მდგარა და კონსტანტინე გამსახურდიას გაუვლია. ეტყობა, იმდენად წარმოსადეგი იყო, მწერალს თვალში მოხვდა და მასთან მისულა, - ყმაწვილო, რა გქვიათო? მას შემდეგ ხშრად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

სხვათა შორის, ბაბუა 1965 წელს, ასაკოვანი წავიდა ამ ქვეყნიდან, 80-81 წლისა, ხუხა კი მასზე ბევრად ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, თუმცა იმ პერიოდისთვის ბაბუა უკვე აღარ იყო ცოცხალი. ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა ხუხას, მერე მისი შვილები გერმანიაში წავიდნენ და ძალიან დაგვეკარგნენ... ასე რომ, გერმანიაშიც არიან ეძგვერაძეები. ცნობილი მხატვარი გია ეძგვერაძეც ჩვენი ბიძაშვილია, დედას ბიძაშვილის შვილი და ისიც გერმანიაში ცხოვრობს.

გიზო ღელეყვა

ამ ცნობილ სიმღერაზე კი უცებ ერთი ამბავი გამახსენდა: არ მგონია, ბაბუას ის ოდესმე მოესმინა, თორემ მეცოდინებოდა. სავარაუდოდ, იგი მოგვიანებით შეიქმნა. ბიძაჩემ ხუხას კი ძალიან აღიზიანებდა ეს სიმღერა. ჩემი მომავალი მეუღლე - გიზო ქუთაისის თეატრში ძალიან ახალგაზრდა, განაწილებით ჩამოვიდა და თეატრის წამყვან მსახიობებს - ვახტანგ მეგრელიშვილს, ანზორ ხერხაძეს და კიდევ რამდენიმეს დაუმეგობრდა. მე გიზო მოგვიანებით გავიცანი, მანამდე კი... ერთხელაც მსახიობები სადღაც სათევზაოდ წასულან და უკანა გზაზე ვახტანგს უთქვამს, ხუხა არის გუბში და მოდი, გავუაროთო - ვახტანგი და ანზორი მასთან ძალიან ახლობლობდნენ, გიზომ კი არც იცოდა, ხუხა ვინ იყო. მოკლედ, მისულან, კარგად მოულხენიათ და გიზოს დაუწყია სიმღერა "შემოვიდნენ წითლები“... წამომხტარა ფეხზე ბიძაჩემი, გასულა ოთახიდან და უკან სანადირო თოფით გამოსულა, ეს როგორ იმღერეო! ძლივს დაუწყნარებიათ ხუხა, ეს ბიჭი ახალი ჩამოსულია, ჩვენი მსახიობიაო და ა.შ. მოკლედ, ძლივს შეარიგეს და მერე კი გიზო მისი სიძე გახდა! სხვათა შორის, ხუხას ძალიან შეუყვარდა სიძე. მას შემდეგ გიზოს ეს სიმღერა აღარ უმღერია, მაგრამ ჩემი ძმა - ლექსო კი მღეროდა, ოღონდ მცირედ შეცვლილი ტექსტით: - შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავიდარაბა, შენს შვილიშვილ ლექსოს ვენაცვალეთ, ეძგვერაძე ბარნაბაო! რადგან კვლავ ბარნაბა ვახსენეთ, ერთ ამბავსაც გეტყვით: ბოლშევიკების ცოდვების შესახებ დღეს ყველამ კარგად ვიცით. არ ვიცი, ბაბუა ბარნაბას რა აქვს გაკეთებული, რაში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ... საოცარი რამ მოხდა - აღდგომა დღეს გარდაიცვალა, მაშინ, როდესაც სამოთხის კარი ღიაა და ნათქვამია, იმ კვირაში ვინც გარდაიცვლება, ყველა სამოთხეში ხვდებაო. ეს სულ ნუგეშად მაქვს - ალბათ, ღმერთმა აპატია ბარნაბას, რაკი ასეთ დღეს წაიყვანა!

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"შორენა თეთრუაშვილი მეუფე ანტონის კონტაქტია, ის  თვითიზოლაციაშია... პატრიარქს, შესაძლოა, ტესტის გაკეთება შესთავაზონ" - ცისანა შარტავა

"წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის.." - პატრიარქი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა