ავტორი:

ვინ და როგორ მოკლა "ირანის ბირთვული პროგრამის მამა", მეცნიერი, რომელიც საიდუმლო პროგრამას ხელმძღვანელობდა - ირანის მუქარა და ბრალდებები ისრაელს

ვინ და როგორ მოკლა "ირანის ბირთვული პროგრამის მამა", მეცნიერი, რომელიც საიდუმლო პროგრამას ხელმძღვანელობდა - ირანის მუქარა და ბრალდებები ისრაელს

ირანის დედაქალაქ თეირანის აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ აბსარდში გასულ პარასკევს მოკლეს ირანელი მეცნიერი, მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ბირთვული მიმართულებით მუშაობდა და როგორც ისრაელისა და დასავლეთის დაზვერვის სამსახურების წყაროები ამბობენ, ის ირანის ბირთვული პროგრამის შექმნის მთავარი ინსტრუმენტი იყო.

ირანი მეცნიერის მკვლელობის საქმეში პირდაპირ ადანაშაულებს ისრაელს და ირანიდან გაძევებულ ოპოზიციურ ჯგუფებს.

  • როგორ მოკლეს ფახრიზადე?

ირანში ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება არსებობს. თავდაპირველი ვერსიით, ფახრიზადეს დაცვის წევრებსა და თავდამსხმელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მეცნიერი მძიმედ დაიჭრა.

"ტერორისტებსა და პირად დაცვას შორის შეტაკების დროს ბატონი ფახრიზადე მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმების ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა“, - ნათქვამი იყო ირანის თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველ განცხადებაში.

თუმცა ბოლო ვერსიით, ფახრიზადე მოკლეს იარაღით, რომელიც დისტანციურად იმართებოდა. ამის შესახებ ირანის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალი შამხანმა მეცნიერის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა გამოიყენეს "ელექტრონული ტექნიკა.“

ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი, ადიმრალ შამხანიც ადასტურებს, რომ საქმე ეხება დისტანციურ შეტევას "სპეციალური მეთოდების გამოყენებით.“

"ეს იყო ძალიან კომპლექსური მისია ელექტრონული აღჭურვილობის გამოყენებით“, - განაცხადა მან მეცნიერის დაკრძალვაზე. ასევე, მკვლელობის მომზადებასა და ორგანიზებაში ბრალი დასდო ირანიდან გადასახლებულ ოპოზიციურ ჯგუფსა და ისრაელს.

ირანული მედიის ინფორმაციით, მეცნიერი მოკლეს "დისტანციურად მართული ტყვიამფრქვევით, ან იარაღით, რომელიც იმართებოდა სატელიტიდან.“

"ფორბსის“ თანახმად, ასეთი იარაღები ახლა ფართოდ გამოიყენება მთელ შუა აღმოსავლეთში. მათ იყენებენ, როგორც პროფესიონალურ არმიებში, ასევე მოიხმარენ ბოევიკებიც.

  • ირანის უზენაესი ლიდერის განცხადება

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შესაბამის უწყებებს მკვლელობის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.

"თავისი დიდი სამეცნიერო ძალისხმევით მან სიცოცხლე შესწირა ღვთის გზას და მოწამეობის მაღალი სტატუსი მისი ღვთიური ჯილდოა. ყველა შესაბამისმა თანამდებობის პირმა ორი დღის წესრიგი უნდა დასახოს : პირველი, გამოიძიოს ეს დანაშაული და მკაცრად დასაჯოს დამნაშავეები და პასუხისმგებელი პირები, მეორე : უზრუნველყოს მოწამის სამეცნიერო და ტექნოლოგიური საქმიანობის გაგრძელება ყველა სექტორში, სადაც ის მოღვაწეობდა,“- წერს აიათოლა ალი ხამენეი "ტვიტერში“.

  • მკვლელობის იარაღი

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი სპეციალისტი, მოჰსენ ფახრიზადე ისრაელში წარმოებული იარაღით მოკლეს. "ტერორისტული აქტის განხორცილების ადგილიდან ამოღებული იარაღზე ისრაელის სამხედრო ინდუსტრიის ლოგო და სპეციფიკაციაა დატანილი,“- იუწყება ირანული მედია. ირანის საგარეო საქმეთა სტრატეგიული საბჭოს ხელმძღვანელი კამალ ხარაზი აცხადებს, რომ მეცნიერის მკვლელებს ქვეყანა კატეგორიულ პასუხს გასცემს.

  • რას აცხადებენ ისრაელში?

ფახრიზადეს მკვლელობის ბრალდებაზე ოფიციალურ ისრაელს განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ისრაელის დაზვერვის მინისტრმა, ელი კოენმა ორშაბათს ერთ-ერთ რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან არ იცის ვინ დგას ამ მკვლელობის უკან.

  • რატომ გახდა ფახრიზადე სამიზნე?

ისრაელისა და დასავლეთის უსაფრთხოების წყაროების ინფორმაციით, ფახრიზადე ირანის ბირთვულ პროგრამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. როგორც ამბობენ, ფიზიკის პროფესორი ხელმძღვანელობდა "პროექტ ამადს“, პროგრამას, რომელიც ირანმა სავარაუდოდ, 1989 წელს დაიწყო პოტენციური ბირთვული ბომბის შესახებ კვლევის ჩასატარებლად.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, პროექტი 2003 წელს დაიხურა, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნათანიაჰუმ 2018 წელს განაცხადა, რომ მის მიერ მოპოვებული დოკუმენტები ცხადყოფდა, რომ ამ პროგრამას ფახრიზადე ხელმძღვანელობდა და პროექტ "ამადზე" მუშაობა ფარულად მიმდინარეობდა.

მაშინ თავისი გამოსვლის დროს ნათანიაჰუმ ფახრიზადეს შესახებ თქვა - "დაიმახსოვრეთ ეს სახელი.“

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი ისრაელს მეცნიერის მკვლელობაში სდებს ბრალს. 2010-2012 წლებში ირანი ისრაელს ოთხი ირანელი ბირთვული მეცნიერის მკვლელობაში ადანაშაულებდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო მკვლელობა მიზნად ისახავდა არა ირანის ბირთვული საქმიანობისთვის ზიანის მიყენებას, არამედ მის დასრულებას და მცდელობას, რომ ირანი და აშშ დაუბრუნდნენ 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებას.

2018 წელს დონალდ ტრამპმა უარი თქვა ამ გარიგებაზე და აღადგინა სანქციები ირანის წინააღმდეგ. საპასუხოდ კი ირანმა ურანის მარაგით გამდიდრება დაიწყო, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენება.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით

ძლიერი გვალვა ირანში და წყლის დეფიციტით გამოწვეული საპროტესტო აქციები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - პროტესტის პოლიტიკური მხარე: "აცხონე, ალაჰო, რეზა-შაჰის სული“

ბავშვის სქესის გამხელის წვეულებაზე გაჩენილი ხანძრის გამო, წყვილს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი კალიფორნიის მასშტაბურ ხანძარზე

აშშ-ში უიშვიათესი დაავადების შემთხვევას იკვლევენ - რა არის მაიმუნის ყვავილი, რამდენად გადამდებია ადამიანისთვის და რა სირთულეები ახასიათებს