ექიმებს თავი დაგვანებეთ, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ. ჩვენ, ექიმები აპოლიტიკური პიროვნებები ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ექიმების მიმართ ხდება პოლიტიკური ქვეტექსტების შემცველი კითხვების დასმა.
„ექიმები ჩართული ვართ ამ უზარმაზარ გამოწვევასთან ბრძოლაში ყველაზე უფრო წინა ხაზზე. ექიმებს თავი დავანებოთ, ნუ ვრთავთ პოლიტიკაში. ექიმებს ჩვენი საქმე გვაქვს, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მე ხომ არ ვმალავ, როდესაც მეკითხებით როგორ მოქმედებს შეკრებები პანდემიაზე, გეუბნებით, ცუდად მოქმედებს. პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური პროცესი დღეს პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას უშლის ხელს, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში ვერავინ ვერ შეაჩერებს იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას მომავალი 4-5 წლის განმავლობაში, როგორი პარლამენტი იქნება, ამ პროცესს ვერავინ გააჩერებს, მაგრამ მეორე მხრივ, ექიმებს თავი დაგვანებეთ, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ. პოლიტიკაში არ ვერევი, განა არ შემიძლია, მაგრამ დღეს ჩემთვის მთავარია ქვეყანა, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ამას ვახმარ ჩემს გამოცდილებას და ცოდნას“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ის ფარგლებშია, რაოდენობრივად ეს დაახლოებით 2000 არის. მას შემდეგ რაც სამედიცინო პერსონალი კორონავირუსისგან განიკურნება, სამუშაო ადგილს დაუბრუნდება.
„იცით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მობილიზაციის მოწოდება. კარგია, რომ ძალიან ბევრი გამოეხმაურა ამ მოწოდებას. მე მხედველობაში მაქვს არამომუშავე ექიმები, პენსიაზე მყოფი ექიმები.
ასევე აქტიურად არიან ჩართულები მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები, როგორც ექიმთა ასისტენტები ან ექთნად მომუშავეები.
სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ის ფარგლებში გვაქვს. რაოდენობრივად ეს დაახლოებით 2000 არის. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა 2 კვირის განმავლობაში ჯანმრთელდება და ისევ უბრუნდება თავის სამუშაო ადგილს, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ კრიტიკული ადამიანების, განსაკუთრებით რეანიმატოლოგების და ინტენსიური თერაპიის ექიმების დაინფიცირება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ბატონო ამირან, თქვენ უკვე ხართ კოვიდ-19 -ის მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში ჩართული!!!
ნეტა, ვინმე თქვენიანმა წაიკითხოს ეს კომენტარი: თქვენ ხართ უპირველესი სწორედაც ამ ქოვიდპოლიტიკაში! სამწუხაროდ! თქვენ ყველაფერს აკეთებთ ადამიანების დასატრესად და სახლებში გამოსაკეტად ზრუნვის საბაბით!:(( ვირუსით მანიპულირებთ და ადამიანებს ერთმანეთით აშინებთ, სიძულვილსა და უსიყვარულობას თესავთ:((( შიშმა დაისადგურა ადამიანებში და ვისაც არ გვეშინია( ვირუსის როგორ არ მეშინია და ვფრთხილობ კიდეც) და პანიკაში არ ვართ, ადამიანებს ასეთებისკენ აქეზებთ!... არადა, როგორ მჯეროდა თქვენი და როგორ პატივს გცემდით!... სახალხოდ მოგიხდით ბოდიშს, თუ ასე არ აღმოჩნდება:(((