ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში პროფესიული განათლება პრიორიტეტული და მოთხოვნადია. ამასთან, ერთად, მაღალანაზღაურებადიც.
საქართველოში პროფესიული სასწავლებლები პოპულარობით არ სარგებლობს. მათთვის, ვისაც პროფესიის დაუფლება სურდა კი, მთავარ დაბრკოლებას პროფესიული სასწავლებლის დიპლომი წარმოადგენდა, რომელსაც რიგ შემთხვევებში, დამსაქმებლისთვის სკოლის დამამთავრებელ დიპლომზე დაბალი შეფასება ჰქონდა.
ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გადაწყვიტა, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრობას. უფრო კონკრეტულად, სკოლის საბაზო განათლების მქონე პირებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ და სრული ზოგადი განათლების მქონე პირების მსგასად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ექნებათ.
ამასთან, სამინისტროს პროექტის თანახმად, პროფესიული განათლების მიმართულებით, ზრდასრულებისთვის სპეციალური კურსები შემუშავდა.
ამ რეფორმებთან ერთად, საქართველოს მთავრობისა და გერმანიის საელჩოს თანამშრომლობით, პროფესიული განათლების მიმართულებით, მასშტაბური პროექტი დაიწყო. კერძოდ, 15 და 16 ივნისს, თბილისში, „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გაიმართება. მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ტარდება და პროფესიული განათლებით დასაქმებასა და განვითარებას უწყობს ხელს.
ღონისძიება „უნარები საქართველოსთვის“ სამი ნაწილისაგან შედგება: სახალხო ღონიძიება, დარგობრივი კონფერენცია „Expert to Expert talks“ და Skills4Georgia talks. სახალხო ღონისძიება 15 ივნისს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
სხვადასხვა თემატურ ზონაში თვალსაჩინოდ იქნება ნაჩვენები არაერთი პროფესია და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები. გარდა ამისა, ადგილზე იქნება განსხვავებული საკვები და პუბლიკაციების ზონა. 4 საათიდან დიდ სცენას დაიკავებს ელის ბენდი, 7 საათიდან მათ ჩაანაცვლებს ელენე კალანდაძე, 10 საათიდან კი DJ წვეულება დაიწყება.
დარგობრივი კონფერენცია Expert to Expert Talks კი ასევე 15 ივნისს რესპუბლიკის ღონისძიებების სივრცეში პირველი რესპუბლიკის მოედნის მოპირდაპირედ ჩატარდება. დაახლოებით, 150 ექსპერტი და სტუმარი პროფესიული განათლების მნიშვნელოვან საკითხების განხილვაში მონაწილეობას ერთად მიიღებს. ცნობილი გერმანელი ექსპერტები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს აკადემიური ფორმატი ხელს შეუწყობს ცოდნის გაზიარებას ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზებისთვის.
Skills4Georgia Talks გაიმართება კვირას, 16 ივნისს ასევე რესპუბლიკის ღონისძიებების სივრცეში. ღონისძიებას ღია და საინტერესო საუბრის სტილი ექნება. ქართველი ექსპერტების და გერმანული კომპანიის Studio2B წარმომადგენლების ძირითადი ყურადღება დაეთმობა პროფესიულ უნარებსა და დასაქმებისთვის მათ მნიშვნელობას.
პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით გერმანია-საქართველოს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, AMBEBI.GE-ს საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ესაუბრა.
მისი თქმით, გერმანიისა და საქართველოს მრავალწლიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა აკავშირებს. ჰუბერტ ქნირშმა ხაზგასმით აღსანიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაც. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში ბოლო 25 წლის განმავლობაში გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაერთი ისეთი მიმართულებით. მაგალითად, ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა, სასმელი წყლისა და ელექტოენერგიის მიწოდება, უკეთესი საჯარო სერვისები. ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველო-გერმანიამ პროფესიული განათლების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობა დაიწყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში პროფესიული განათლება პრიორიტეტული გახდეს?
გერმანიაში პროფესიულ განათლებას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. პროფესიული განათლება არის ჩვენი თანამედროვე ეკონომიკის წარმატების რეცეპტი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში პროფესიულ განათლებას სკეპტიკურად უყურებენ. მიაჩნიათ, რომ მსგავსი პროგრამები ვერ აძლევთ იმ უნარებს, რაც სჭირდებათ. მსმენია, რომ ქართველი ახალგაზრდების მხოლოდ 2% ირჩევს პროფესიულ განათლებას, თუმცა ქვეყანას მეტი სჭირდება. ჩვენ გვსურს, საქართველოს გერმანიის პროფესიული განათლების საიდუმლო გავუზიაროთ.
თქვენს ქვეყანაში დუალური პროფესიული განათლება დიდი ხანია, დაინერგა. ბოლო წლებში, ის ჩვენს ქვეყანაშიც შემოვიდა და ვითარდება. რას ნიშნავს სწავლების ეს მეთოდი და რატომ არის უფრო წარმატებული?
პროფესიული განათლება მხოლოდ თეორიული სწავლების სახით არამედარ უნდა მიმდინარეობდეს. კარგად კოორდინირებული პროგრამის ფარგლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო კომპანიებში პარალელურად, პროფესიული პროგრამები უნდა ხორციელდებოდეს. მხოლოდ ასე შეიძლება რელევანტური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გადაცემა, რაც წარმატების მისაღწევად ასეთი მნიშვნელოვანია.
ეს მოდელი სასარგებლოა, ერთი მხრივ, ახალგაზრდებისთვის, რადგან ეს არის ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისკენ, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ. მეორე მხრივ, დუალური განათლება მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, რადგან ის ქმნის პროფესიონალ კადრებს ქართული ბიზნესის მდგრადი განვითარებისა და კონკურენტუნარიანობისთვის. ეს კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
როგორ ხდება საქართველოში პროფესიული განათლების ამ მოდელის ტრანსფერი?
ცხადია, ამ ტრადიციული გერმანული მოდელის სხვა ქვეყანაში ტრანსფერი მარტივი არაა, თუმცა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KFW) ერთადამ მიმართულებით ვმუშაობთ. ბოლო წლებში, განსაკუთრებით, GIZ-მა პროფესიული პროგრამების შემუშავების პროცესში დიდი ძალისხმევა ჩადო. გერმანული გამოცდილების გათვალისწინებით და GIZ-ის დახმარებით, შემუშავდა 12 დუალური პროფესიული პროგრამა მევენახეობა-მეღვინეობის, ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით. ეს პროგრამები უკვე ხორცელდება 6 კოლეჯისა და 50-ზე მეტი კერძო კომპანიის მიერ. დუალური მიდგომით სწავლისას ეს კომპანიები სტუდენტებს ასაქმებენ და ანაზღაურებას აძლევენ.