რუსეთი საქართველოსგან 28 წლის ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის გადაცემას ითხოვს. ე.წ. "ბილეთების საქმის" ავტორი თბილისში გასული წლის ნოემბერში დააკავეს და ამჟამად სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
რუს ჰაკერს თავის სამშობლოში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას და ყალბი პასპორტის გამოყენებას, ასევე პოლიციელის ევგენია შიშკინას მკვლელობის საქმეში მონაწილეობას ედავებიან.
ვიცე-პოლკოვნიკი შიშკინა სწორედ სუმბაევის ჰაკერულ საქმეებს იძიებდა და ის 2018 წლის 10 ოქტომბრის დილას, მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკის რაიონში მოკლეს. გამომძიებლის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის მკვლელობამდე მობილურ ტელეფონზე მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდა, რომ "შეეწყვიტა ამ საქმის გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დასრულდებოდა".
რუსული მედიის ცნობით, საუმბაევი საკმაოდ ცნობილი ჰაკერია. მას დანაშაულებრივი ჯგუფი ჰქონდა შექმნილი. ჯგუფის წევრები 2013-2014 წლებში ტურისტული სააგენტოების სახელით რკინიგზის ყალბ ბილეთებს ყიდდნენ, რის შედეგადაც მომხმარებლებისგან მილიონობით რუბლი მიიღეს.
29-კაციანი ჰაკერული დაჯგუფება დაახლოებით 60-მდე თაღლითობის საქმეშია ეჭვმიტანილი. მათ 31 კომპანიაში ჩაატარეს ფინანსური მაქინაციები. წარმოშობით ასტრახანელ იაროსლავ სუმბაევს, გამომძიებლები "ტვინს" ეძახიან, რადგან წლების განმავლობაში ურთულეს კიბეროპერაციებს წარმატებით გეგმავდა და ახორციელებდა.
ის, როგორც რუსეთის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო მასშტაბებით იძებნება. მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის საქმეა აღძრული. რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, თუმცა პასუხის შესახებ ცნობილი არაფერია.
თავად სუმბაევი შიშკინას მკვლელობის საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მის შესახებ მხოლოდ დაკავების შემდეგ შეიტყო. რუსეთის შს სამინისტროს ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკ ქალს, უცნობმა მამაკაცმა ორი ტყვია მაშინ ესროლა, როდესაც ავტომანქანას აყენებდა. ის კისერში მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ცნობით, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, მას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს, თუმცა, უარი თქვა.
შიშკინას ოჯახის ადვოკატის ალექსანდრ კარაბანოვის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ შიშკინას მობილურ ტელეფონზე შემოსული სმს მუქარები სწორედ სუმბაევს ეკუთვნის.
თუმცა, უფრო ადრე, შიშკინას ვაჟმა bbc.com-ს უთხრა, რომ მუქარები შესაძლოა "ბილეთების საქმის" სხვა მონაწილეს, სუმბაევის თანამზრახველს მაქსიმ მატიუშევს ეკუთვნოდა.
bbc.com-ის ერთ-ერთი წყაროს ვარაუდით, შესაძლოა იაროსლავ სუმბაევი საქართველომ რუსეთს აპრილამდე გადასცეს. რუსეთის მიერ საქართველოში გაგზავნილი საექსტრადიციო დოკუმენტის ფრაგმენტის მიხედვით, რუსეთის გენერალური პროკურატურა გარანტიას იძლევა, რომ სუმბაევი პასუხისგებაში მხოლოდ იმ საქმეზე მიეცემა, რომლის გამოც მისი ექსტრადიცია მოითხოვეს.
იაროსლავ სუმბაევის ყოფილი ადვოკატის ზურაბ თოდუას ცნობით, სუმბაევი კიბერდანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა გამომძიებლის მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.