მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში მანქანა გადავარდა.
შემთხვევის ადგილას უამრავი ხალხი შეიკრიბა, რომლებმაც სამაშველო და საპატრულო გამოიძახეს. თვითმხილველების თქმით, მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელმაც ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირი გაარღვია და წყალში აღმოჩნდა. ბიჭმა მანქანიდან გამოძრომა მოახერხა და სახურავზე ამძვრალი ელოდებოდა მაშველების მისვლას.
როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მსუბუქ ავტომანქანას 21 წლის მამაკაცი მართავდა. მძღოლი მაშველებმა მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. იგი დაშავებული არ არის და სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და ორი სამაშველო ჯგუფი იმყოფება.
მაშველებს მტკვარში ჩავარდნილი ავტომანქანა ამოჰყავთ.