დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის ბოლომდე ითანამშრომლოს გამოძიებასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა. მისი თქმით, ქუმსიშვილი ასევე მზად არის შესაბამისი უწყების მიღების შემთხვევაში არა მხოლოდ ლონდონში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წავიდეს.
„დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის ბოლომდე ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ჩვენ გვაქვს ფაქტები და მასალები და გამოძიების მსვლელობის დროს მზად ვართ გამოვიკითხოთ, მივაწოდოთ გამოძიებას ეს მასალები.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია ლონდონის სასამართლოსთან დაკავშირებით. შესაბამისი უწყების მიღების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავემგზავროთ არა მარტო ლონდონში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში", - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ნახსენებია დიმიტრი ქუმსიშვილის სახელი და გვარი და ეს ჩანაწერები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი ვიღაცას ხელს უშლიდა.
„ამ ხელშეშლით შესაძლო კორუფციული გარიგებები თუ არაკანონიერი მოქმედებები ვერ განხორციელდა", - განაცხადა გაბუნიამ.
დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ შეიტანა.
გაბუნიას განცხადებით, გავრცელებულ ჩანაწერებში ლევან ყიფიანი ახსენებს ქუმსიშვილის გვარს და ამბობს, თითქოს მასთან შეთანხმებით სთავაზობდა "ომეგა ჯგუფს" კონკრეტულ გარიგებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ქუმსიშვილი მსგავს ფაქტს ემიჯნება და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.
"საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება, რითაც ის ითხოვს ლევან ყიფიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას. საქმე ეხება გახმაურებულ აუდიოჩანაწერებს. კონკრეტულად, ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში (თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია) ყიფიანი ახსენებს დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს და გვარს, თითქოს მასთან შეთანხმებით „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს სთხოვს კონკრეტულ გარიგებას. ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას და ეს არის ამ ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი.
საქართველოს მთავარი პროკურატურისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა ლევან ყიფიანის მიმართ. დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის ხვალვე გამოცხადდეს პროკურატურაში, მისცეს ჩვენება. დიმიტრი ქუმსიშვილი მსგავს ფაქტს ემიჯნება, ასეთი ფაქტი არ მომხდარა", - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, მათთვის ცნობილია, თუ რატომ და რისთვის დაიგეგმა ქუმსიშვილის მიმართ ეს ყველაფერი.
„ეს არის ფაბრიკაცია. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რატომ და რისთვის დაიგეგმა ეს ყველაფერი. ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ განცხადებისგან. ერთადერთის თქმა შემიძლია, შესაძლოა ვიღაც მეწარმე სუბიექტებს არ უნდათ ბიუჯეტში თანხების გადახდა და ეს ყველაფერი, ფაბრიცირებული ჩანაწერების გამოყენება არის სწორედ მიმართული დიმიტრი ქუმსიშვილის დისკრედიტაციისკენ და მათ შორის დღეს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ანგაჟირება თემის, თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა დანაშაული ჩაიდინა ან მისი სახელით ვინმემ ისპეკულირა, ამისთვის პასუხი უნდა აგოს არა მარტო ლევან ყიფიანმა, არამედ სხვა ვინც გამოჩნდება. ჩანაწერებს პორცია-პორცია გვაწვდიან და რატომღაც 90% შემთხვევაში დიმიტრი ქუმსიშვილია ნახსენები. ეს არის კარგად ორგანიზებული ფაბრიცირებული ქმედება. აქვე მინდა გავაფრთხილო ყველა ის პირი, ვინც ეს დაგეგმა, რომ მკაცრად აგებენ პასუხს დროის გარკვეულ მონაკვეთში კანონის წინაშე. ეს არის კარგად დაგეგმილი შავი პიარი კონკრეტულად დიმიტრი ქუმსიშვილის და ყოფილი პრემიერის მიმართ“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ ე.წ. შავი პიარის ორგანიზატორებში შს მინისტრს არ მოიაზრებს. „ამ კონკრეტულ შეკითხვაზე დღეის მდგომარეობით ვერ გიპასუხებთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია. გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ამას სჭირდება მტკიცებულება. შს მინისტრთან დაკავშირებით, კონკრეტულად სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურები ალბათ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. ჩვენ ვერ დავადასტურებთ ამ ინფორმაციას. ნამდვილად არ მოვიაზრებ ორგანიზატორებში გიორგი გახარიას“, - განაცხადა გაბუნიამ.