ავტორი:

რა ბედი ეწია შევარდნაძის ცნობილ ჭიქას, საიდანაც სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" დროს ჩაი დალია

რა ბედი ეწია შევარდნაძის ცნობილ ჭიქას, საიდანაც სააკაშვილმა "ვარდების რევოლუციის" დროს ჩაი დალია

ერთ თვეში "ვარდების რევოლუციიდან" 15 წელი ხდება. ამ დღეს ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წითელი ვარდით შეიჭრა და ტრიბუნასთან მყოფ პრეზიდენტ შევარდნაძეს გადადგომა მოსთხოვა. მერე კი ტრიბუნასთან თავად მიიჭრა და შევარდნაძის ჩაიც დალია. იმ დღის შემდეგ წითელი ვარდი და ჩაის ჭიქა რევოლუციის სიმბოლოდ იქცა. ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ კაცი, რომელიც იმ წითელ ვარდს წლებია ჩარჩოში ინახავს და ეს ყოფილი დეპუტატი კობა ამირხანაშვილია. ახლა კი გვინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელმაც შევარდნაძის ჩაის ჭიქა ქორწილში საჩუქარად მიიღო და მას მერე ამ ნივთს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

"შევარდნაძის ცნობილი ჭიქა, რომლიდანაც მიშამ 2003 წელს პარლამენტში ჩაი დალია, 23 ნოემბრიდან ჩემთან ინახება", - გვეუბნება ინტერნეტმედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე. ჭიქა, რომელიც დღესდღეობით, როგორც ვთქვით, "ვარდების რევოლუციის" სიმბოლო და უკვე რელიკვიაცაა. ალბათ საინტერესოა, როგორ მოხვდა ჟურნალისტის არქივში ეს ნივთი და რას ნიშნავს გიორგისთვის შევარდნაძის ჭიქა, ამაზე დეტალურად Ambebi.ge-ს თავად უამბობს.

გიორგის ზუსტად იმ დღეს, 2003 წლის 23 ნოემბერს ქორწილი ჰქონდა და მეგობარმა, რომელიც მაშინ პარლამენტში იმყოფებოდა, ამის აღსანიშნად, ქორწილში რევოლუციის მთავარი სიმბოლო - ჭიქა აჩუქა.

"საერთოდ, სიმბოლოებს დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. "ვარდების რევოლუციის" შესახებ მსოფლიომ სწორედ მაშინ შეიტყო, როცა შევარდნაძე პარლამენტიდან გაიქცა, ტრიბუნასთან კი ოპოზიციის მაშინდელი ლიდერი მივიდა და მისი ჭიქიდან ჩაი დალია", - ამბობს გიორგი და რევოლუციის სიმბოლოებზე საუბარს განაგრძობს: "როგორც ვიცი, ყოფილ დეპუტატთან, კობა ამირხანაშვილთან ის წითელი ვარდი ინახება, რომლითაც სააკაშვილი პარლამენტის დარბაზში შევიდა... მე კი, როგორც უკვე გითხარით, მაქვს ჭიქა. რევოლუციის შემდეგ, მალევე იყო შემოთავაზება, შევარდნაძის ჭიქა ერთი ცნობილი ადამიანისთვის დამეთმო, მაგრამ, ვერ გავიმეტე... სხვათა შორის, კრწანისის რეზიდენციაში მივედი და შევარდნაძეს ვუთხარი იმის შესახებ, რომ მისი ჭიქა მე მქონდა. გაიცინა და მითხრა, - შესაძლოა, ერთ დღეს ის ძალიან ძვირად გაყიდოო", - დასძენს გიორგი კაპანაძე.

ჭიქას ჩვენი რესპონდენტისთვის უდიდესი სიმბოლური დატვირთვა აქვს, მისი თქმით, - ეს არის ნივთი, რომელიც ჩვენი პატარა და მშვენიერი ქვეყნის მნიშვნელოვან ეპიზოდს იტევს. ეს ხომ ორი პრეზიდენტის ფაქტობრივი გზაგასაყარი და ახალი ეპოქის დასაწყისია..."მსოფლიო ისტორიაში ბევრი მაგალითი არსებობს, როცა მსგავსი სიმბოლოები ვიღაცისთვის ინსპირაციის წყარო გამხდარა. იყო ფაქტები, როცა მსოფლიო ჰეგემონიის იდეით შეპყრობილი ლიდერები სხვადასხვა სიმბოლოს ეძებდნენ და სწამდათ, ხელში ჩაიგდებდნენ, მიზანსაც მიაღწევდნენ. რა თქმა უნდა, ვერცხლის სადგამიანი ჩაის ჭიქა ჩემთვის უბრალოდ, "ვარდების რევოლუციის" ათვლის წერტილია და ამდენად, მნიშვნელოვანიც", - აღნიშნავს რესპონდენტი.

- იცოდა თუ არა მიხეილ საკაშვილმა იმის შესახებ, რომ შევარდნაძის ჩაის ჭიქა, საიდანაც პრეზიდენტის ჩაი დალია, თქვენთან ინახებოდა?

- არ ვიცი, იცოდა თუ არა მიშამ ამის შესახებ, - მე არ მითქვამს, მაგრამ, როგორც გითხარით, შევარდნაძე კი ნამდვილად იყო საქმის კურსში.

- დაგილევიათ ამ ჭიქიდან ჩაი, ან ვინმესთვის ხომ არ შეგითავაზებიათ?

- სააკაშვილის შემდეგ, ამ ჭიქიდან ჩაი არასოდეს არავის დაულევია. ალბათ იმიტომ, რომ მე და ჩემს ახლო მეგობრებს პრეზიდენტობის ამბიცია არ გვაქვს. არც სხვისთვის შემითავაზებია ჩაის დალევა შევარდნაძის ჭიქიდან (ერთ-ორს კი დავალევინებდი, მაგრამ უმჯობესია, ამომრჩეველმა თვითონ გააკეთოს არჩევანი).

- შვილებს, როგორ აუხსენით ამ სიმბოლოს მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ?

- ანიმ, რომელიც საკმაოდ ბევრს კითხულობს, იცის, როგორც რევოლუციის ამ სიმბოლოს მნიშვნელობის შესახებაც, ზოგადად, მისი ისტორიაც. ბარბარე ჯერ მსგავსი ამბებისათვის პატარაა, სულ 6 წლის არის.

ბოლოს კი, აპირებს თუ არა გიორგი ამ ნივთის გაყიდვას: "არა, არ ვფიქრობ, რომ მას გავყიდი, თუმცა იცი, რაც არ იყიდება, უფრო ძვირად იყიდება".

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

დიდ დიღომში ერთ-ერთი საწყობის ეზოში ხანძარი გაჩნდა

"კომენტარებს ვაწყდები, თითქოს უამრავი დაავადება ჰქონდა და კორონა არ არსებობს, უტიფრები ხართ" - რას წერს COVID-19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილი