აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, პრეზიდენტობისთვის 8 კანდიდატი იბრძვის, თუმცა, ადგილობრივი პოლიტოლოგების ვარაუდით, დანარჩენებს გამარჯვების შანსი, ალიევის ფონზე, ნაკლებად აქვთ.
მმართველი პარტიის, “ახალი აზერბაიჯანის” კანდიდატის, ილჰამ ალიევის გარდა, არჩევნებში მონაწილეობენ კიდევ 5 პარტიისა და ერთი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი. ესენი არიან - ერთიანი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის,“ სოციალ-დემოკრატიული პარტიის”, “აღორძინების მოძრაობის”, დემოკრატიული პარტიისა და “თანამედროვე მუსავათის“ კანდიდატები, გუდრატ ჰასანგულიევი, არაზ ალიზადე, ფარაჯ გულიევი, სარდარ მამედოვი და ჰაფიზ გაჯიევი. რაზი ნურულაევი და დამოუკიდებელი კანდიდატი ზაჰიდ ორუჯი კი საინიციატივო ჯგუფის კანდიდატები არიან.
იმ მოტივით, რომ არჩევნები კვლავ გაყალბდება და ისევ ალიევი გაიმარჯვებს, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა თებერვალში ილჰამ ალიევმა, იმ მოტივით, რომ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღნიშვნასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ფორუმის ჩატარებას ხელი არ შეეშალოს, ვადამდელი არჩევნების 11 აპრილს ჩატარების შესახებ გამოსცა განკარგულება.
Ekhokavkaza.com-თან ინტერვიუში აზერბაიჯანელი პოლოტოლოგი ილგარ ველი-ზადე აცხადებს, რომ ქვეყანაში მოულოდნელობის განცდა არავის აქვს. ადგილობრივი პოლიტოლოგები იმაზეც კი საუბრობენ, რომ რუსეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, არაფრის მომცემი არჩევნები თითქმის ერთდროულად ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს სამი სახელმწიფო მმართველობის სტილით ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
ილგარ ველი-ზადეს თქმით, თავიდანვე ნათელია, რომ სომხეთის მიმართ დამოკიდებულება და პოლიტიკა, მით უფრო, ყარაბახის კონფლიქტის ფორმატში, არ შეიცვლება.
“სიმართლე გითხრათ, კომპრომისის ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ, განსაკუთრებით დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით. ის მცირე პოზიტიური მომენტები კი, მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის. არ ჩანს, რომ მხარეები რამე გადამწყვეტი ცვლილებებისთვის ემზადებოდნენ”, – აცხადებს ის.
რაც შეეხება, რუსეთთან ურთიერთობას, პოლიტოლოგის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, რეგიონში რაღაცნაირი განსაკუთრებული ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კავშირშია და რომელიც ცდილობს, რეგიონში გავლენის შენარჩუნებას, მაშინ, როდესაც აქ უკვე სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ, - მაგალითად, ევროკავშირი და ამერიკა.
ილგარ ველი-ზადე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანმა რეგიონში უკვე დაიმკვიდრა თავისი ნიშა და ახლა მთავარია, როგორ შეძლებს ის ისეთ მსხვილ მოთამაშეებთან, როგორიც არიან - ირანი, თურქეთი და რუსეთი, ურთიერთობის დალაგებას. “არსებულ ვითარებაში აზერბაიჯანი ეთგვარი მოედანი გამოდის და ყველა მათგანი ეცდება მის სათავისოდ გამოყენებას, მთავარია, ჩვენ არ დავუშვათ, რომ ვიღაცამ თავისი პოლიტიკური თამაშებისთვის გამოგვიყენოს”, - წერს აზერნიჯანელი პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, აზერბაიჯანული ოპოზციის ერთ-ერთი მინუსი ის არის, რომ მათ დასავლეთის მიმართ ინტერესი დაკარგეს, რაც ძალიან სახიფათოა.
“მათ აღარ აქვთ კრეატიული იდეები, რის გარშემოც კონსოლიდაციას შეძლებდნენ და საპირისპიროდ განწყობილ ელექტორატსაც კი გააერთიანებდნენ. განხეთხილება მოხდა ორ წამყვან ოპოზიციურ პარტიას - "მუსავათსა" და "სახალხო ფრონტს" შორის. შესაბამისად, თუ დასავლეთი რესურსს ვერ ხედავს, არც თავად ინტერესდება. დასავლეთს ახლა აქვს ასეთი პოზიცია - ჯობია იმეგობროს ოფიციალურ ბაქოსთან, ვიდრე მხარი დაუჭიროს რაღაც პროექტებს პოლიტკურ სფეროში. ამიტომ არის აზერბაიჯანული ოპოზიცია იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის”, - დასძენს ის.
აზერბაიჯანის მოსახლეობა ილჰამ ალიევს უკვე 15 წელია იცნობს. ის ქვეყანას 2003 წლიდან მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მას ავტორიტარულ მმართველობაში და განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დევნაში ადანაშაულებენ, ახლაც უპირობო ლიდერად სახელდება.
2016 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 5-დან 7-წლამდე გაიზარდა.