ჯაგმით სინი (Jagmeet Singh), სიქხიზმის აღმსარებელი კანადელი პოლიტიკოსი, 2 დღის წინ კანადის ახალი დემოკრატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს. სინი პირველი არათეთრკანიანი პოლიტიკოსია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტიის ხელმძღვანელი გახდა.
ჯაგმით სინი 38 წლისაა, 2019 წელს ფედერალურ არჩევნებზე ის ჯასტინ ტრიუდოს და კონსერვატორ ენდრიუ შიერს დაუპირისპირდება.
ახალგაზრდა, ქარიზმატული პოლიტიკოსი ინდოელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა 1979 წელს. მისი მშობლები კანადაში ინდოეთიდან, პანჯაბიდან ჩავიდნენ.
HuffPost Canada-სთან ინტერვიუს დროს სინმა აღნიშნა, რომ ბავშვობაში მისი თანატოლებისგანაც და ზრდასრულებისგანაც მუდმივად განიცდიდა ბულინგს, მას დასცინოდნენ როგორც სახელის, ასევე - იდენტობის, სიქხიზმის გამოც.
"იმის გამო, რომ მქონდა მუქი კანი, გრძელი თმა და ჩემი სახელი სასაცილოდ ჟღერდა, არაერთ პრობლემასთან მომიწია გამკლავება. რამდენიმეჯერ დამიპირისპირდა პოლიციაც მხოლოდ ჩემი კანის ფერის გამო, სხვა მიზეზი მათ არ ჰქონდათ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ყველას ვაძლევ პირობას, რომ პოლიცია კანის ფერის გამო არავის გააჩერებს," - განაცხადა სინმა.
ახალგაზრდა პოლიტიკოსის შესახებ პორტალი BuzzFeed წერს, რომ ის კანადაში "ყველაზე მოდურად ჩაცმული პოლიტიკოსია", რომელიც სამსახურში ველოსიპედით დადის და ძალიან აქტიურია "ინსტაგრამზეც".