კუნელი ძალზე ძვირფასი მცენარეა. ის მეტად პოპულარულია არა მხოლოდ ტრადიციულ (ხალხურ), არამედ თანამედროვე (კლასიკურ) მედიცინაშიც. მას აქტიურად იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
კუნელის ლათინური სახელწოდება ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს, რომელიც "მაგარს" ნიშნავს. კუნელი მართლაც "მაგარი მცენარეა", ამ სიტყვის მრავალმხრივი გაგებით. მისი თვისებები სავსებით შეესაბამება სახელწოდებას.
კუნელი მრავალწლიანი, როგორც ბოტანიკოსები ამბობენ, დღეგრძელი მცენარეა - მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 300 წელს აღწევს. ბუჩქნარი გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცითა და გამძლეობით.
შემადგენლობა
კუნელის ნაყოფის შემადგენლობაში შედის მცენარეული შაქრები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები, საპონინები, ფლავონოიდები, გლიკოზიდები, ქოლინი, კაროტინი, ასევე - ორგანული მჟავები: ასკორბინისა, ლიმონისა, ვაშლისა, ღვინისა და სხვა.
კუნელის თესლი შეიცავს ძვირფას ეთერზეთებს და მეტად სასარგებლო ნივთიერებას - ამიგდალინს. ყვავილებში უხვადაა სასარგებლო მჟავები - კოფეინისა, ქლოროგენისა და სხვა, ასევე - ეთერზეთები, ფლავონოიდები და საპონინები.
სამკურნალო თვისებები
სამედიცინო პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის კუნელი, ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას. კარგ ეფექტს იძლევა ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, არითმია, ტაქიკარდია, სტენოკარდია. უხდება გულის სისუსტეს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და, იმავდროულად, აქვეითებს მის აგზნებადობას, დაბლა სწევს მაღალ
არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც გულის, ასევე თავის ტვინის სისხლძარღვებში, აწესრიგებს გულის რიტმს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტთა საერთო მდგომარეობას. განაგრძეთ კითხვა