საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მეორადი ავტომობილის შეძენას ერთი მიზეზის გამო ამჯობინებს - ასეთი ავტომობილი ახალთან შედარებით იაფი ღირს. ბუნებრივია, მეორადი ავტომობილის შეძენისას მყიდველი ცდილობს შედარებით ახალი და კარგად შენახული მანქანა შეარჩიოს, მაგრამ ამას ბევრი ვერ ახერხებს. რა უნდა ვიცოდეთ ავტომობილის ყიდვისას, რომ მოტყუებული არ დავრჩეთ? - ეს შეკითხვა ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს დავუსვით, რომელიც ჩვენს მკითხველს რამდენიმე სასარგებლო რჩევას აძლევს.
ირაკლი უტიაშვილი: სამწუხაროდ, ასეთი გაუგებრობები ხშირად ხდება, ადვოკატებსაც გვიწევს შეხება ისტორიებთან, როდესაც დაზარალებული კეთილსინდისიერი გადამხდელი ანუ ავტომობილის ახალი მეპატრონეა. როდესაც ადამიანი მეორადი ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტს, ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში, კლიენტმა საფუძვლიანად უნდა შეამოწმოს ავტომანქანა, გადაამოწმოს მისი დოკუმენტაცია და დარწმუნდეს, რომ მის მესაკუთრეს ვიდეოჯარიმები არა აქვს დარიცხული. თუ ავტომობილის ყოფილ მფლობელს ჯარიმა არა აქვს გადახდილი, მაშინ მისი გადახდა ახალ მფლობელს მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის უფლება აქვთ.
- ბატონო ირაკლი, ხომ შეიძლება ახალმა მფლობელმა სასამართლოს მიმართოს და თავი იმართლოს?
- რა თქმა უნდა, დაზარალებულ მყიდველს შეუძლია სასამართლოს მიმართოს იმის დასამტკიცებლად, რომ ჯარიმები მას არ ეკუთვნის, მაგრამ ამის დამტკიცებას ზოგჯერ თვეები სჭირდება. სასამართლო განხილვა და პროცედურებიც ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამის გამო მათი უმრავლესობა ჯარიმას თვითონ იხდის, რადგან ადვოკატის დაქირავებას და სასამართლოში დავას თავს არიდებს. ზოგიერთ მათგანს საკმაო თანხის გადახდა უწევს იმის გამო, რომ ძველ მესაკუთრეს ბანკის, ან სულაც კერძო პირის ვალი ჰქონდა. ამ დროს შეიძლება ბანკმა (ან ფიზიკურმა პირმა) სარჩელი შეიტანოს ავტომობილის მესაკუთრის სახელზე, ამოიღოს ავტომანქანის მონაცემები და მას ყადაღა დაადოს. საბოლოოდ კი, დავალიანების გადახდა ახალ მეპატრონეს მოუწიოს. არის შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ლომბარდშია ჩადებული. მესაკუთრე არ იხდის თანხას და ამის გამო ლომბარდი ავტომობილს სულ სხვა პირზე ჰყიდის, პატრონს კი ეს მანქანა უკვე გაყიდული აქვს და ამ დროსაც ძალიან დიდი გაუგებრობა იქმნება. ამიტომ მე არავის ვურჩევ, ავტომობილი ლომბარდიდან შეიძინოს.