ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესი დასრულებულია.
"კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეათე დღისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებები არ შედის გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 513 884 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა დაბეჭდილი სიები მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი იმუშავებს. აღნიშნული 11 უბნიდან უმრავლესობა სასჯელაღსრულების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში გაიხსნება. ჯამში, გამონაკლის შემთხვვეაში შექმნილ 11 უბანზე დაახლოებით 3 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
"საარჩევნო კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს "სპეციალური უბანი". კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები არსებობს. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნილია 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი. კანონმდებლობაში დეტალურად არის გაწერილი იმ პირთა სია, ვინც გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბანზე ხმას აძლევს. მასში შედიან როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე შსს-ს, დაცვის, სპეცსამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბნიდან უმრავლესობა, 10 მათგანი გაიხსნება სასჯელაღსრულების სამინისტროს კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულებში, ხოლო ერთი უბანი გაიხსნება ხონის სამკურნალო დაწესებულებაში", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე ინფორმაციით, სამხედრო პირები ხმას მისცემენ საკუთარი დისლოკაციის ადგილების მიხედვით. ისინი ხმას მისცემენ იმ ოლქებში, სადაც მათი დანაყოფებია დისლოცირებული. სამხედროები ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე.