გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყოველ ნაბიჯზე ატყუებენ. გარდა იმისა, რომ აირბალონებს დაუშვებლად მაღალ ატმოსფეროზე ტუმბავენ, გაზგასამართ ობიექტებში სისტემა ტექნიკურადაც ისეა მოწყობილი, რომ მყიდველი შეძენილი აირის მოცულობასა და ფასშიც მოტყუვდეს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, თბილისში აირბალონები ყველგან 220-230 ატმოსფეროზე იტუმბება, ხოლო რეგიონებში ეს მაჩვენებელი 250-260 ატმოსფეროსაც აღწევს, რაც უსაფრთხოების ნორმის უხეში დარღვევაა და ნებისმიერი ასეთი შემთხვევა შესაძლოა, ფატალური შედეგითაც დამთავრდეს.
"ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა, სპეციალისტებზე დაყრდნობით, გაერკვია, რა მეთოდს იყენებენ გაზგასამართ სადგურებში მომხმარებელთა მოტყუების მიზნით, როგორ იტუმბება ბალონები და რა საფრთხე ემუქრება როგორც ავტომფლობელს, ასევე გარშემომყოფებსაც.
შემთხვევითი არ არის, რომ მანქანების აფეთქების 90%-ზე მეტი სწორედ გაზგასამართ სადგურებზე ხდება. როგორც კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი, ნოდარ რამიშვილი განმარტავს, ასეთი შემთხვევების უმეტესობას ბალონების არასწორად დატუმბვა იწვევს. მისი ინფორმაციით, ავტომობილებში გაზის დატუმბვის დროს ტემპერატურული რეჟიმი დარღვეულია, რის გამოც ბალონებში ნაკლები გაზი ჩადის და მომხმარებელს რეალურად მეტის გადახდა უწევს. ტყუვდება უკლებლივ ყველა მომხმარებელი, ამიტომ ავტოგასამართ სადგურებზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს და ნებისმიერი შემთხვევა შეისწავლონ. "გაზის ნებისმიერ ბალონს აქვს წარწერა, რომ 15 გრადუსზე უნდა დაიტუმბოს. ასეა საერთაშორისო სტანდარტით, რომელსაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ითვალისწინებენ. ბალონის დატუმბვის დროს ცხელდება გაზი, ტემპერატურა მაღლა იწევს და გაცხელების შედეგად მყისიერი გაფართოება ხდება. კომპრესორი ცხელდება მუშაობის პროცესში, მით უმეტეს, ზაფხულში, თუმცა ზამთარშიც არაფერს აკლებენ, საამისოდ სხვადასხვა ხერხს იყენებენ.
ბალონი 60 გრადუსზე თუ გაცხელდა, შესაბამისად, 60 ატმოსფეროთი იმატებს გაზის წნევა. ამ გაზს გადიდებული წნევით უშვებენ ბალონში და უკვე შემდეგ, როცა ნორმალურ ტემპერატურამდე ცივდება, გამოდის, რომ მომხმარებელი 30-60 ატმოსფეროთი მოატყუეს ყოველი დატუმბვის დროს", - აცხადებს რამიშვილი და ბოლო შემთხვევასაც იხსენებს, როცა თავადაც ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურში მოატყუეს.
"სულ ახლახან გავები მახეში. 100 ატმოსფერო მქონდა 13 კბ-იან ბალონში, მაქსიმუმ უნდა ჩასულიყო 7-8 ლარის ბუნებრივი გაზი, მაგრამ 12 ლარის გაზი ჩამიტუმბეს. ნაცნობმა ოპერატორმა პირად საუბარში მითხრა კიდეც, რომ ვერაფერს მოახერხებს, რადგან სისტემა ტექნიკურად ისეა დამონტაჟებული, რომ ციფერბლატზე 10 ლარს წერს, როცა სინამდვილეში 9 ლარის გაზი იტუმბებაო.
ფაქტია, რომ ხალხს ყვლეფენ და ამ მაქინაციებში თითქმის ყველა გაზგასამართი სადგური მონაწილეობს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ და რა პირობებში იტუმბება ბალონი", - ამბობს რამიშვილი.