დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო წიგნის კითხვისთვის თუ ვერ იცლის, სამაგიეროდ, ზაფხულში, დასვენების პერიოდში, უკვე მეორე წიგნს კითხულობს და მესამის წაკითხვასაც აპირებს... მომღერალ მაკა ზამბახიძის "წიგნის თაროს" გაგაცნობთ.
-რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში წიგნს ბავშვობაში უფრო დიდი ადგილი ეკავა, ვიდრე ახლა, რადგან მთელი ბავშვობა სწავლის პროცესია და წიგნიც ჩვენი განუყრელი მეგობარია.
-ახლა რომელ წიგნს კითხულობთ?
-ჩემმა შვილმა ჯეკ ლონდონის "წინაპართა ძახილი" წაიკითხა და მეც მომინდა, წამეკითხა. უკვე ნაწარმოების შუამდე ვარ მისული: ძაღლის შესახებ საინტერესო ამბებია მოთხრობილი. საერთოდ, ჩემს შვილს ცხოველები ძალიან უყვარს და ამის ეშხით გადავწყვიტე, წამეკითხა. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია...
-ზოგჯერ მშობლები წუწუნებენ, -ახალ თაობას წიგნის კითხვა არ უყვარსო...
-რომ გითხრათ, სალომეს წიგნს ხელიდან ვერ ვაგდებინებ-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ ახლა, დაბადების დღეზე, მამაჩემს ემილი ბრონტეს "ქარიშხლიანი უღელტეხილი" დააბარა...
-გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდათ, რომ თქვენს გოგონას წიგნის კითხვა შეჰყვარებოდა?
-რაღაც პერიოდის განმავლობაში, მშობელი ბავშვს ყოველთვის მიუთითებს, რომ წიგნი წაიკითხოს და შეიყვაროს. ეს დრო უკვე გამოვიარეთ. ახლა სალომე საკუთარი სურვილით კითხულობს.
-საკუთარი სურვილით, პირველად, თქვენ რომელი ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხეთ, გახსოვთ?
-ნოდარ დუმბაძის ტომეული. მერე ისტორიულ რომანებს ვკითხულობდი... საერთოდ, რომანების კითხვა უფრო მიყვარს, რადგან რომანტიკული ვარ (იცინის). დეტექტიური, საგამომძიებლო ამბები დიდად არ მხიბლავს.
-განსაკუთრებულად რომელი რომანი მოგწონთ?
-რა ვიცი, ჩემთვის საყვარელი ბევრი წიგნია... მაგალითად, ჯეკ ლონდონის "დიდი სახლის პატარა დიასახლისმა" ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.
-რატომ იყო შთამბეჭდავი?
-ნაწარმოების მთავარ გმირ ქალს ერთდროულად, ორი მამაკაცი უყვარს. ძალიან შთამბეჭდავი ფაქტი ის არის, რომ ამ გრძნობას ვერ უმკლავდება და თავს იკლავს. მთელი ნაწარმოები გრძნობების აღწერას, გრძნობების ჭიდილს ეთმობა, ფინალი კი ისეთი მოულოდნელია, რომ მკითხველი პირდაღებული რჩები...
-როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, ქალს ორი მამაკაცი ერთდროულად უყვარდეს?
-კი, რა თქმა უნდა, მაგრამ 50/50-ზე ვფიქრობ, რომ ეს გამორიცხულია. პროცენტულად მცირე შანსია, რომ ასეთი რამ მოხდეს. ამ ნაწარმოების შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ქალს მეუღლესთან დარჩენა არ უნდოდა, უფრო მეტად მეორე მამაკაცთან ყოფნა სურდა, მაგრამ ამას ვერ აკეთებდა და თავი მოიკლა... განაგრძეთ კითხვა