ყველასთვის საყვარელ ადამიანს, ფოტოხელოვან გოგა ჩანადირს გუშინ მთელი "ფეისბუქი" პირველი შვილის დაბადებას ულოცავდა. გაჩნდა პატარა ანიტა (3.400 კგ, 51 სმ).
მამა ბავშვის დაბადებას დაესწრო. "სამშობიარო ბლოკში ვიყავი და ნათიას ვამხნევებდი, ყველაფერი კარგად არის, მშვენიერი გოგონა გაჩნდა", - ამბობს გოგა.სახელი თავადვე დაარქვა - "როდესაც ექიმმა მკითხა, - რა ჰქვია ბავშვსო? მაშინვე ვუპასუხე, - ანიტა, რადგანაც სახელი მოფიქრებული მქონდა... მანამდე რომ მეკითხებოდნენ, ბიჭი გინდა თუ გოგო, ვპასუხობდი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, ბავშვი ჯანმრთელი ყოფილიყო... რომ დავხედე, რაღაც საოცარი ემოცია დამეუფლა, უზომოდ გახარებული ვარ. ნათია მეუბნება, რომ ჩემი თვალები აქვს, სხვები ამბობენ, რომ ჩემი ცხვირი აქვს", - გვითხრა გოგამ.
ხოლო კითხვაზე, გააცნობიერა თუ არა უკვე მამობა, ასე გვითხრა: "საფენს რომ გამოვუცვლი, ამას მეტად მერე მივხვდები".
დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, მამა ძალიან გახარებულია. ჩვენც ვუერთდებით ამ ბედნიერებას და ვულოცავთ გოგას და ნათიას პატარა ანიტას დაბადებას.
ლალი ფაცია
AMBEBI.GE