ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლების ამერიკული შთაბეჭდილებები ISEF-ის მასშტბური კონკურსიდან

ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლების ამერიკული შთაბეჭდილებები ISEF-ის მასშტბური კონკურსიდან

11 მაისს ამერიკაში intel ISEF 2016-ის მსოფლიო ფინალი გაიმართა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლებიც მონაწილეობდნენ. intel ISEF ახალგაზრდა მეცნიერ-გამომგონებელთა პროექტების უმსხვილესი საერთაშორისო კონკურსია, რომლის პირველადი შესარჩევი ტური მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 7 მილიონ სკოლაში ჩატარდა.

INTEL ISEF 2016 ამერიკაში, ფენიქსში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 75 ქვეყნის 1800-მდე მეცნიერ-გამომგონებელმა, 800 განსხვავებული პროექტით. საქართველოს სახელით კონკურს "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულები მონაწილეობდნენ.

AMBEBI.GE-ს მკითხველი გუნდი "სოლარის" წევრებს (გიორგი მარგიანი, ბექა მიქაძე, ვახო კონტრიძე, გიორგი ნიორაძე) და პროექტ FOLLOW ME-ს ავტორებს (გიორგი შელეგია და ამირან აფციაური) უკვე იცნობს. AMBEBI.GE ბიჭებს ამერიკაში გამგზავრებამდეც ესაუბრა, ამჯერად კი INTEL ISEF-ის კონკურსის ფარგლებში მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები გაგვიზიარეს.

ქართული "სოლარის" წევრები ISEF-ის კონკურსზე ინოვაციური პროექტით წარსდგნენ. მზის ენერგიის მარგი ქმედების კოეფიციენტის ინოვაციური ტექნოლოგიით გაზრდა, აპრილში NASA-ს კენედის ცენტრში საერთაშორისო სამიტზე, მაისში კი ფენიქსში გამოსცადეს.

ბექა მიქაძე: არიზონას შტატში, ქალაქ ფენიქსში გამოფენებისთვის სპეციალური გრანდიოზული შენობაა მოწყობილი. სწორედ იქ გაიმართა ფინალი. საგამოფენო დარბაზი იმდენად დიდი იყო, რომ 1800-ვე მონაწილე საკუთარ სტენდეთან ერთად, ერთ სივრცეში ეტეოდა. შეუძლებელია, დაფარო შთაბეჭდილება, რომელიც ჩვენ ამ კონკურსიდან გამოგვყვა. იქაური გარემო მართლაც სრულფასოვნად იყო მოწყობილი იმისთვის, რომ კონკურსანტებს თავი საუკეთესოდ წარგვედგინა. 1800 მონაწილიდან 400 დააჯილდოვეს. კონკურსანტებს ჟიურის 12 წევრი აფასებდა. წელს, სამწუხაროდ, პრიზიორთა შორის ვერ მოვხვდით. ამ მასშტაბის ჩვენი პირველი მცდელობა იყო და ალბათ, გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებდით. კონკურენცია ძალიან დიდი იყო. მაგრამ, ვფიქრობ, ჟიურის სიმპატია ნამდვილად დავიმსახურეთ" - ამბობს "სოლარის" წევრი.

გიორგი შელეგიამ და ამირან აფციაურმა ISEF-ის ფინალში მათ მიერ გამოგონებული პორტატული ელექტროგენერატორი წარადგინეს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოიქმნას ენერგია, რომლიც აკუმულირდება და usb-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტს და სხვა გაჯეტებს. ბიჭების ეს გამოგონება "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსის გამარჯვებულია. პროექტ FOLLOW ME-ს ავტორები მომავალში გამოგონების მაქსიმალურად დახვეწას და გაუმჯობესებას აპირებენ.

გიორგი შელეგია: ISEF-ის კონკურსმა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება შეგვძინა თითოეულ მონაწილეს. ჩვენ შევხვდით ნობელის პრემიის ლაურეატებს. მათთან ლექცია ძირითადად ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ვესწრებოდით სიმპოზიუმებს და მასტერკლასებს. ქართველი კონკურსანტების მიმართ ყველას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დაჯილდოებისას გარკვეულწილად ადგილი ჰქონდა მიკერძოებას. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, არ მინდა ამ დონის კონკურსს ჩემი სიტყვებით რაიმე ჩრდილი მივაყენო. ვიტყვი იმას, რომ მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღებაც, ჩვენთვის სერიოზული მიღწევაა".

ბიჭები, სხვა ქართველ მონაწილეებთან ერთად კონკურსის ფარგლებში გამართულ გრანდიოზულ ვახშამზეც მიიწვიეს. მიუხედავად ჟიურის სიმპატიისა, წელს ქართველი კონკურსანტები საქართველოში პრიზის გარეშე, თუმცა შთაბეჭდილებებით სავსე და მოტივირებულები დაბრუნდნენ.  ქართველი გამომგონებლები კონკურსში მონაწილეობას კვლავ გეგმავენ. წარდგენილი პროექტის კიდევ უფრო დახვეწა, სრული მოდიფიკაცია, მასალების გაუმჯობესება და საბაზრო ფასის დაწევა უკვე დაგეგმილია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია