სევდიანი და ტრაგიკული ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს - დედა, რომელმაც ერთი წლის წინ, წითელ პარასკევს, უკურნებელი სენით დაავადებული 9 წლის შვილი დაკარგა, ახლა მეორე შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის. ბავშვს ექიმებმა კუნთების განლევა, ანუ კუნთების ატროფია დაუდგინეს. ოჯახის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ისინი დროებით საცხოვრებელს არიან შეფარებული, სადაც ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობებიც არ არის შექმნილი. ასეთია "იმედის დროში" გასული სიუჟეტის გმირების უმძიმესი ყოფა...
9 წლის მარიამის დედა, ბელა უბილავა იმ მძიმე წლებს იხსენებს, როცა მისი პატარა ქალიშვილი უკურნებელ სენს ამაოდ ებრძოდა: "სულ ვეუბნებოდი, ჩვენი დედაშვილობის ჯაჭვი არ გაწყდებამეთქი, მაგრამ ეს პირობა ვერ შევუსრულე. ვერ შევძელი დაავადების შეჩერება, ვერც სიკვდილს გავუმკლავდი". მარიამს დიაგნოზი დაბადებიდან ექვს თვეში დაუდგინეს, ამის შემდეგ მისი ცხოვრების ცხრა წელი რეანიმაციულ განყოფილებებსა და პალატებში გაილია. ექიმები სიცოცხლის მაქსიმალურ ასაკს სამ წელს ასახელებდნენ, მარიამმა იმაზე გაცილებით დიდხანს იცოცხლა, ვიდრე მედიცინა ვარაუდობდა.
9 წლის გიგასაც დის მსგავსად კუნთების ატროფიის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა. ბელა უბილავა ახლა მეორე შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის. იცის, რომ დაავადება ჯერ არ იკურნება, თუმცა მისი შეჩერება შესაძლებელია, ამისთვის პაციენტს სამედიცინო მასაჟი და ვარჯიში სჭირდება, ამ ყველაფერს კი - ფინანსები, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. უბილავების ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. საერთო საცხოვრებელი, სადაც დედა-შვილია შეფარებული არმაზის ხეობაში მდებარეობს. აქ ექიმების მიყვანა დამატებით პრობლემას წარმოადგენს.
გიგა მთელი დღე ეტლში ზის და ქუჩაში გასვლაზე ოცნებობს. სკოლა, მასწავლებლები და კლასის მეგობრებიც მისი ოცნებაა. ახლა მხოლოდ უმცროს დასთან თამაშობს, მასწავლებლობას კი დედა უწევს. გიგას კიდევ ერთი ოცნება საკუთარი სახლი და ცისფერი ოთახია. 30-საფეხურიანი კიბე, რომელიც პატარას გარესამყაროსთან აშორებს, გიგასთვის დამოუკიდებლად გადაულახავი წინაღობაა. დედა კეთილი მეზობლების იმედადაა, ეზოში ბავშვის გაყვანაში სწორედ ისინი ეხმარებიან ბელა უბილავას.
ისტორია, რომელსაც "იმედის დროს" ჟურნალისტი თითქმის ერთი წლის მანძილზე ადევნებდა თვალს, უბილავებისთვის კარგი ამბით სრულდება. გადაცემის გუნდმა ასობით კომპანიას დაურეკა და ყველა მათგანს გიგას ოცნებები გაუმხილა. რამდენიმე თვეში უბილავებს ახალი სახლი ექნებათ, საიდანაც გასვლას გიგა მარტოც მოახერხებს, ეზოში სხვა ბავშვებთან იმეგობრებს, სკოლაშიც ივლის და სჯერა, რომ მალე დედა მისთვის ახალი ეტლის შეძენასაც შეძლებს...