ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების მშობლები გამოძიების გაჭიანურების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. დაღუპულების მშობლებმა ზაქარია დემეტრაშვილმა, ელგუჯა ხვიჩიამ და გრიგოლ ზაქრაძემ დღეს სასამართლოს ჩვენება მოწმის სტატუსით მისცეს. მათ ტრაგედიის დღე გაიხსენეს და ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვეს, ვისი დაუდევრობითაც ბავშვები დაიღუპნენ. ელგუჯა ხვიჩია უკმაყოფილოა იმის გამო, რომ შემთხვევიდან 10 თვე გავიდა და ამ დრომდე სასამართლოს განაჩენი არ გამოუტანია.
"10 თვე გავიდა და ალბათ კიდევ 10 წელი უნდა ველოდოთ შედეგს. აქ ჩამომსვლელი აღარ ვარ. მოვითხოვ, გამოძიება გადავიდეს თბილისში. გვითხრან, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის დამნაშავე", - აღნიშნა ელგუჯა ხვიჩიამ.
მომხდარის გამო დამნაშავის დასჯას ითხოვს სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონის, დაკავებული ზაზა ართმელაძის ოჯახიც. დაკავებულის და ლია ართმელაძე პასუხისმგებლობას ანსამბლ "სიხარული 2"-ის ხელმძღვანელს, გოგი მარღანიას აკისრებს.
"დღეს მშობლებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს და მათთვის ძალიან რთული იყო ეს. ისევე, როგორც მათ, ჩვენც გვინდა გავარკვიოთ, ვინ არის ნამდვილი დამნაშავე. მოსამართლეს ვენდობით და ველოდებით გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ლია ართმელაძემ.
დაკავებულ ზაზა ართმელაძეს გამოძიება სახანძრო და სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ე.წ. "ხასანას" სასტუმროში 2015 10 მაისს გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.