პანკისში 17 წლის გოგონას სირიაში მებრძოლს საჩუქრად უგზავნიდნენ. ეს ამბავი გოგონას ნათესავებმა გაიგეს, რის შემდეგაც ისინი სირიაში მყოფ 21 წლის ვახა ტოხოსაშვილის ახლობლებს სახლში მიუვარდნენ. გოგონას ახლობლების განცხადებით, არასრულწლოვანი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და პანკისში ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა. პანკისელი მამაკაცები კი, მას სირიაში 21 წლის ვახა ტოხოსაშვილს უგზავნიდნენ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დაჯგუფებაში იბრძვის. გოგონას ოჯახი და ნათესავები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პანკისიდან სირიაში 5 ახალგაზრდა წავიდა, მათ შორის ორი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. იგივე წყარო წერს: "დაზუსტებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდები ივლისსა და აგვისტოში "სამუშაოდ" თურქეთში წავიდნენ, საიდანაც მალევე სირიაში გადავიდნენ და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა შემადგენლობაში იმყოფებიან".
"კვირის პალიტრის" მკითხველისთვის ცნობილია, რომ გამოცემის ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე პერიოდულად ჩადის პანკისი ხეობაში, რათა ადგილზე საკუთარი კავშირების გამოყენებით, ადგილზე შეისწავლოს სიტუაცია. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და გოგონების სირიაში მებრძოლებისთვის საცოლედ "გაგზავნის" ფაქტები ადრეც მომხდარა.
- ასეთი რამ პანკისის ხეობაში, ახალი არ არის, - მიმდინარე წლის 28 აპრილს ხეობა, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა, მე-11 კლასის მოსწავლე, ასევე 17 წლის გოგონამ, მშობლების თანხმობით დატოვა და სირიაში საქმროსთან გაემგზავრა. მაშინ ამბობდნენ, რომ გოგონა სირიაში მეომარ საქმროს სადედამთილომ ჩაუყვანა (იქაური წესის მიხედვით მოჯაჰედის მონახულება მხოლოდ დედას და მეუღლეს შეუძლიათ). პატარძალს სირიაში ბექა ტოხოსაშვილი ელოდებოდა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა. როგორც თემურ ბათირაშვილმა (ომარ ალ შიშანის მამა) პირად საუბარში მითხრა, ბექა თარხან ბათირაშვილთან არის. მან ასევე გვითხრა, რომ პანკისიდან სირიაში პატარძლების ჩაყვანა პირველი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა ვერ გაუგია, რატომ გზავნიან გოგონებს მშობლები იმ ქვეყანაში, სადაც ომი და სისხლია.
- რას ამბობენ ადგილობრივები, რატომ გზავნიან მშობლებს შვილებს სირიაში?
- საქმე ის არის, რომ ეს ადგილობრივთა ერთ ნაწილსაც ძალიან უკვირს, თუმცა, ამბობენ, რომ ამის თავი და თავი სოციალური პრობლემებია. 'ვერ დავიჯერებ, რომ მშობელს შვილი, მით უმეტეს, გოგონა, ომისთვის ემეტებოდეს, მაგრამ გაჭირვებას რა ვუთხარიო", - ჩემთვის პანკისელებს არაერთხელ უთქვამთ... იქ ხალხი სიღატაკის პირასაა (არის შემთხვევები, როცა ვაჟის ოჯახი საპატარძლოსთვის გარკვეულ თანხას იხდის). ისე კი, შესაძლოა, გოგოს ოჯახიც ვაჰაბიზმის მიმდევარი იყოს და შვილის მოჯაჰედისთვის მითხოვებაში ცუდს ვერაფერს ხედავდეს". კითხვაზე, თუ რატომ თანხმდებიან გოგონები სირიაში წასვლაზე, პანკისელი ახალგაზრდების პასუხი ასეთია: - ხეობა ჩაკეტილია, აქ არაფერი ხდება, ახალგაზრდებს შეზღუდული აქვთ ურთიერთობები. მუდმივად იზოლირებული ყოფნა იმდენად აუტანელია, ოღონდ კაცმა ხეობიდან გააღწიოს და თანახმაა, თუნდაც სირიაში წავიდეს...