ივნისში თბილისი კიდევ ერთ ფესტივალს უმასპინძლებს. One life უკრაინული ფესტივალია, რომელიც ახალგაზრდა არტემ სურიმ ჩამოაყალიბა. One life ჯერ ახალგაზრდა ფესტივალია, თუმცა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჩატარდა. როგორ აღმოჩნდა ბიზნესიდან მწერლობაში და მწერლობიდან გასართობ საქმეში, ფესტივალის ორგანიზატორი ამას თავად გიამბობთ.
- მოგვიყევით თქვენს შესახებ და იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეთ ამ ფესტივალის გაკეთება?
-2008-ში მივედი ONE LIFE-ში, მანამდე ბიზნესით ვიყავი დაკავებული და საკმაოდ წარმატებულადაც. შემდეგ მივხვდი, რომ მხოლოდ ბიზნესი არ არის მთელი ცხოვრება. ცხოვრება ბევრად საინტერესოა, ვიდრე ჩანს და მხოლოდ ფულით და წარმატებით არ განისაზღვრება. ბიზნესიდან წამოვედი, მილიონიანი ბრუნვით და თავი მოგზაურობას მივანდე. თავიდან იყო ჩრდილო პოლუსი, შემდეგ ორი უდაბნო, ამერიკის გადაკვეთა ოკეანიდან-ოკეანამდე. დავიწყე მოგზაურობაზე წერა, მქონდა ბლოგი, რომელსაც დავარქვი ONE LIFE , რამაც ბევრის მოწონება დაიმსახურა. ჩამოყალიბება დაიწყო ორგანიზაციამ, რომელშიც ერთიანდებოდნენ ადამიანები, რომელთაც საერთო მსოფლმხედველობა და ცხოვრების სტილი ჰქონდათ: "მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, ამიტომ იცხოვრე ბოლომდე". ONE LIFE უკვე დიდი ხანია გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია და ბრენდი. ბევრ ქვეყანაშია ONE LIFE და საქართველოც არ უნდა იყოს გამონაკლისი.
- მოგვიყევით ფესტივალის ისტორიის შესახებ, რომელ ქვეყნებში ჩატარდა, როგორ ერთობიან თქვენი მეგობრები და რა მასშტაბებს მოიცავს ფესტივალი?
- ჩვენმა ONE LIFE ივენთებმა, მოზაურობამ ექსპედიციებმა და სხვა აქტივობებმა, უკვე ნახევარი მსოფლიო დაიპყრო. აფრიკიდან ამერიკამდე და ევროპიდან აზიამდე. რაც შეეხება გახსნას, თავიდან ვგეგმავდით რუსეთში გაგვეხსნა, თუმცა ჩაერთო შეშლილი პოლიტიკა, ამიტომ მისი გახსნა შარშან ბაქოში შედგა და ეს იყო შესანიშნავი. აქვე აღვნიშნავ, რომ ONE LIFE -ში არის მხოლოდ ერთი აკრძალვა, საუბრები პოლიტიკაზე, დანარჩენი ყოველივე დასაშვებია. რაც შეეხება ფესტივალის მასშტაბებს, ჩვენ უკვე დავამყარეთ რამდენიმე რეკორდი: მაგალითად, ესპანეთში კუნძულ იბიცაზე, 52 იახტით 500 ადამიანი გავიყვანეთ 2 კვირიან მოგზაურობაში "ONE LIFE Yacht week." მსგავსი აქამდე არავის გაუკეთებია.
-რატომ გადაწყვიტეთ, რომ შემდეგი გაჩერება იყოს საქართველო, რით მოგხიბლათ ჩვენმა ქვეყანამ?
- გასულ წელს პირველად ვიყავი თქვენს ქვეყანაში, სრულიად შეყვარებული ვარ საქართველოზე. თქვენ თავადაც იცით ყველაფერი, გაქვთ საოცარი ბუნება, ტრადიციები, სამზარეულო, სტუმართმოყვარეობა და რაც მთავარია, ხალხი. გარდა ამისა, მაგ დღეებში მე აღვნიშნავ ჩემს 35-ე დაბადების დღეს და შემთხვევით არ ამირჩევია ამ დღისათვის საქართველო, პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია.
- საიდან ჩამოვლენ სტუმრები, ვინ მიიღებს მონაწილეობას და რას ელით?
- სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ, ბევრი იქნება უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლატვიიდან, ამერიკიდან, ევროპიდან... ეს, რაც მე ზუსტად ვიცი, თუმცა იქნებიან ისეთებიც, ვინ სიურპრიზის სახით მოულოდნელად ჩამოფრინდება. ერთი შემიძლია დაგპირდეთ, რომ მთელი მსოფლიოდან საინტერესო ადამიანები ჩამოვლენ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ცხოვრებისეული გამოცდილებაა.
- საქართველოს შემდეგ სად გეგმავთ ფესტივალის ჩატარებას?
- საქართველოს შემდეგ ჩვენ იტალიასა და საფრანგეთში გავემგზავრებით, ორ კუნძულზე - სარდინიასა და კორსიკაზე, ჩვენ გავმართავთ ზაფხულის ტრადიციულ ივენთს "ONE LIFE italy yacht week".
- რა არის ის ხიბლი, რითაც მუდმივად იზრდება ONE LIFE -ის მეგობრების რიცხვი?
- ONE LIFE -ის რიცხვი ვინმეს ხიბლის გამო არ იზრდება, ხალხი მასში ხედავს ღირებულებებს, აქ შენ შეგიძლია გაიცნო უამრავი ადამიანი მთელი მსოფლიოდან, გაიჩინო ნამდვილი მეგობრები, რაც არც ისე ადვილია რეალურ სამყაროსა და ჩვენს ასაკში, აქ შენს გვერდით არის მთელი არმია, ONE LIFE - არის მთელს მსოფლიოში და რაც არ უნდა მოგივიდეს, მარტო არასდროს იქნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ფასობს. მონაწილეობას იღებ საოცარ მოგზაურობებში, ეს იქნება იახტით, რომელშიც როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები არიან ჩართულნი, ასევე იქნება ექსპედიციები მთებში, რომელიც ცვლიან ცხოვრებასა და მსოფლმხედველობას. აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საკმაოდ მისაღებია ღირებულება - მთელი კვირით იახტით სეირნობა ევროპაში საშუალოდ 1200-1500 ევრო ჯდება, ამიტომ ბევრი აძლევს თავს ამის უფლებას და შესაბამისად, იზრდება ჩვენი რიცხვიც.
-რა მუსიკას დაუკრავენ არტისტები, იქნება თუ არა ქაფი ფართი და ა.შ?
- იქნება არა "პაპსა", არამედ ის არტისტები, რომელთა სახელებიც დიდი ასოებით იწერება, რომელთაც ძალიან ვაფასებთ და ხარისხიან მუსიკას გვჩუქნიან. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგან საბოლოო მოლაპარაკებები არ დასრულებულა. თუმცა ერთს დავამატებ, ძვირფასო ქართველებო, არ გამოტოვოთ ეს მოვლენა.
თამარ ბოჭორიშვილი