შს ლაგოდეხის სამმართველო ერთ-ერთ სოფელში 15 და 17 წლის ძმების მიერ, ამავე სოფელში მცხოვრები 6 წლის ბიჭის შესაძლო გაუპატიურების ფაქტს იკვლევს. როგორც მოზარდის მშობელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მისი შვილი თანასოფლელებმა მოტყუებით წაიყვანეს და მასზე ძალა იხმარეს. მათივე თქმით, ბავშვს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
"5-6 საათი იყო ბავშვის ძებნა რომ დავიწყეთ. შემდეგ დავინახეთ, რომ ეზოს ბოლოდან მოდიოდა შეწუხებული და მტირალი. ძალიან ტალახიანი იყო, თან მეუბნებოდა, მუხლი მტკივა, აქ მტკივა, იქ მტკივაო. სამზარეულოში შევიყვანე და გავხადე. ბავშვს მუხლები დაკაწრული ჰქონდა და ვერ ჯდებოდა. რომ ვკითხე, რატომ გტკივა-თქო, მაშინ მითხრა, დათომ და პაატამ გამაუპატიურესო. მწყემსები არიან და ჩვენი საქონელი დაყავდათ ნახირში. ფული რომ არ მქონდა, ხან ხორცს ვაძლევდი, ყავაზე ვპატიჟებდი და თუ რამე საჭმელი მქონდა, მეცოდებოდნენ და ვაჭმევდი. სულ ეფერებოდნენ ჩემს შვილს და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი არ ვიცი. მომხდარიდან სამი დღის შემდეგ ბავშვი ლაგოდეხში წავიყვანე ექიმებთან. ორივე საავადმყოფოში მითხრეს, რომ პოლიციაში უნდა წახვიდეთო. ახლა ექსპერტიზის პასუხს ველოდებით", - განაცხადა ბავშვის დედამ.
15 და 17 წლის ძმების მიერ თანასოფლელის შესაძლო გაუპატიურებას გამორიცხავენ სოფლის მაცხოვრებლები. ისინი 6 წლის ბავშვის დედას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. პოლიციამ მეზობლები და სკოლის მასწავლებლები უკვე დაკითხა.