როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 14 თებერვლამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლჭყაპი და წვიმა, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ასევე იწვიმებს. საქართველოს მთასა და მაღალმთაში კი, ითოვებს. ამჟამად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმს. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში 11-12 თებერვალს თოვლჭყაპს პროგნოზირებენ. ზოგიერთ რაიონში კი, იწვიმებს. ღამით ჰაერის ტემპერატურა ბარში -1;+4, ხოლო დღისით +3;+8 გრადუსი იქნება. 11 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რომლის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება. სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, 14 თებერვლის შემდეგ საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და მცირედით დათბება.