თბილისის ტრამვაის ისტორია XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ქალაქში ელექტრო ტრამვაის წინაპარი, ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. "კონკა" 1883 წელს გამოჩნდა. მისი პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს აკავშირებდა.
მარშრუტი მალევე გააგრძელეს თავისუფლების მოედნამდე, ხოლო 1904 წელს ხაზი გაიყვანეს კირხნის ქუჩაზე (ახლანდელი მარჯანიშვილის ქუჩა).
1904 წელს, ბელგიურმა კომპანიამ ელექტრო ტრამვაის მშენებლობა დაიწყო. 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა ელექტრო ტრამვაი, რომლის ლიანდაგის სიგანე 1000 მილიმეტრი იყო. 1910 წელს "კონკამ"არსებობა შეწყვიტა. 1969 წელს ლიანდაგის საერთო სიგრძემ 105 კილომეტრს მიაღწია, მას შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა სიტუაცია კილომეტრაჟთან დაკავშირებით, თუმცა, ყველაფერი ტრამვაის სასარგებლოდ ხდებოდა; 1974 წელს ტრამვაის ქსელი ორ ნაწილად გაიყო, ახლადმშენებარე გარეუბნებში ტრამვაის გავრცობა გრძელდებოდა. 1989 წელს დაიწყო ტრამვაის ქსელის პერმანენტული შეკვეცა, რაც 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაისა და ტროლეიბუსის ლიკვიდაციით დასრულდა.
მასალა მომზადებულია ვიკიპედიაზე დაყრდნობით