რამდენიმე თვეა, ძალოვნები ჩვილი ბავშვების დაბადების მოწმობების გაყალბებასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებენ და არკვევენ, მართლა მოხდა თუ არა საზღვარგარეთ ჩვილების უკანონოდ გაყვანის ფაქტები.
ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა, პროკურატურას დაწყებული გამოძიების გონივრულ ვადებში დასრულებისკენ მოუწოდეს. თუმცა, ძალოვანებს ჯერჯერობით არ უცნობებიათ საზოგადოებისთვის, დადასტურდა თუ არა დანაშაული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ორგანიზაცია - "მომავლის იმედის" მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ დანაშაულის სავარაუდო სქემა ასეთია: კანონის მიხედვით, სუროგატ დედას დაბადებული ჩვილის მშობლად ცნობის უფლება არ აქვს, რადგან ის არ არის ბავშვის ბიოლოგიური დედა. ამიტომ სუროგატი დედები სუროგაციის ფაქტს მალავდნენ, ისინი რეესტრში კანონიერ დედებად რეგისტრირდებოდნენ და ბავშვის მამად ასახელებდნენ იმ უცხოელს, რომელსაც ჩვილის საქართველოდან გაყვანა სურდა. შემდეგ ბიოლოგიურ დედად მითითებული პირი დედობაზე უარს ამბობდა, რაც ბავშვის მამად მითითებულ უცხოელს შესაძლებლობას აძლევდა, პატარა საქართველოდან გაეყვანა.
"მომავლის იმედის" ხელმძღვანელი - თამარ ხაჭაპურიძე ამ მაქინაციებში "ნიუ ლაიფ ჯორჯიას" ხელმძღვანელ მარიამ კუკუნაშვილს ადანაშაულებს. მათ შორის დავა დიდი ხანია მიმდინარეობს. თავად კუკუნაშვილმა უკვე უჩივლა ხაჭაპურიძეს ცილისწამებისთვის და მის დასჯას ითხოვს.
მარიმ კუკუნაშვილი:
ეს ადამიანი, იმისათვის, რომ გამოჩნდეს ტელევიზიაში, ექვსი წელიწადია მებრძვის და ტყუილებს იგონებს. ისიც კი თქვა, თითქოს ჩემი შვილებიც გასაყიდად მინდოდა და ამის გამო, დნმ-ის ტესტის გაკეთება მოგვიხდა. სხვადასხვა უწყებაში მიჩივლა. პროკურატურა ვალდებულია, საქმე აღძრას შემოსულ განცხადებაზე და მოიკვლიოს დეტალები. მართალია, ყველა საქმე დანაშაულის ნიშნის არარსებობის გამო იხურება, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებში ჩვენების მისაცემად სიარული არა მარტო მე მიწევს, არამედ ორსულ სუროგატებსაც, ექიმებსაც. რაც შეეხება მის ბრალდებას, რომ ეს იყო საქართველოდან ბავშვის გაყვანის მეშვიდე შემთხვევა, ამას ვადასტურებ, მაგრამ აქვე განვმარტავ: ბრიტანეთის საელჩო წყვილებს მიუთითებდა, რომ ჩვილის დაბადების მოწმობაში სუროგატი დედა ჩაეწერათ.
შემდეგ ბრიტანული კანონმდებლობით, როცა მშობლები თავიანთ ქვეყანაში ჩავლენ, სასამართლოს გზით ხდება სუროგატი დედის ამოწერა ამ მოწმობიდან და ჩვენც მოგვდის შეტყობინება ამის შესახებ, იქვე მითითებულია ბავშვის ბიოლოგიური მშობლების სახელი. შვიდმა ბრიტანელმა წყვილმა გააკეთა მსგავსი რამ და ამის გამო ატეხა ხაჭაპურიძემ ხმაური. მერე ისიც თქვა: ჩემს პაციენტსაც მოსთხოვეს საელჩოში ანალოგიური სქემით ემოქმედაო.