მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული პრემიების გაცემის ერთიანი წესის პროექტის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის მაქსიმალური ოდენობა მის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ განაცხადა.
რაც შეეხება პრემიის გაცემის პერიოდულობას, ქარდავას განმარტებით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ, შესაბამისი დასაბუთებით.
"ამასთან, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი პირების შეზღუდვა, ვერ მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის თაობაზე. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს დაწესებულების ხელმძღვანელი, მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების შემთხვევაში გადაწყვეტს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი დასაბუთებით. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყეტს შესაბამისი მინისტრი, ხოლო იმ საჯარო დაწესებულის ხელმძღვანელზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო, ანუ არ იმყოფებიან კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიების გაცემის საკითზე გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი", - განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.
გარდა ამისა, მისივე განმარტებით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პრემიის გაცემის მიზნობრიობის განსაზღვრაც.
"კერძოდ, პრემიის მიზანი უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისება და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებებში უნდა დაინერგოს შეფასების ერთიანი სისტემები, რომელთა შესამუშავებლადაც საჯარო უწყებებს დაევალებათ, საჯარო სამსახურის ბიურის წარუდგინონ შეფასების სისტემის შესახებ ინფორმაცია მათი სპეციფიკის გათვალისწინებით. საჯარო სამსახურის ბიურო წარმოდგენილი ინფორმაციის განზოგადების საფუძველზე წლის ბოლოს მთავრობას წარუდგენს ერთიანი სახელფასო და შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ დასაბუთებულ ხედვას", - აღნიშნა ეკატერინე ქარდავამ.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ინფორმაციით, აღნიშნული წესი მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას ეხება და ის არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე.
"მთავრობა მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, მათ სისტემაში არსებულ მოხელეებზე პრემიის გაცემისას მთავრობის მიერ შემუშავებული წესის ძირითადი მიმართულებები გაითვალისწინონ", - აღნიშნა ქარდავამ.
პრემიების გაცემის წესის შესახებ პროექტი მთავრობის სხდომას 26 ივნისს წარედგინება.