თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეთოთხმეტედ გაიამართა. კინოფესტივალი 2-8 დეკემბერს მიმდინარეობდა. Ambebi.ge-ს მკითხველი დაუკავშირდა, რომელმაც ფესტივალთან დაკავშირებული საკუთარი შტაბეჭდილებები გაუზიარა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
რისი მოლოდინი უნდა გქონდეთ, როდესაც კინოფესტივალზე მიდიხართ? პირველ რიგში იმის, რომ ყოველდღე, ფესტივალის ფარგლებში, შეძლებთ უყუროთ ბევრ ახალ და თუ ბევრს არა, ცოტა კარგ ფილმსაც. აღმოაჩენ შენთვის უცნობ რეჟისორებს, რომლებიც შემდეგ შეგიყვარდება. ფილმებს, რომლებსაც წლის საუკეთესო ნამუშევრების ჩამონათვალში შეიყვან. გაიცნობ ახალ ადამიანებს, რომელთანაც საერთო ინტერესები დაგაახლოვებს. ფესტივალის განმავლობაში, დროის რაღაც მონაკვეთი, კინოთეატრი მშობლიურ კერად იქცევა, სადაც ფირზე აღბეჭდილი ძველი კადრების მსგავსი კომფორტული ატმოსფერო და პომპეზური გარემო იქნება. შენ და შენი "თანამებრძოლები" აღტკინებული უგულშემატკივრებთ ფავორიტ ფილმს და ისე განიცდით მის გამარჯვებას, თუ მარცხს, როგორც საყვარელი საფეხბურთო კლუბისას.
ივლით მასტერკლასებზე რეჟისორებთან, რომელთა აზრიც, თქვენთვის ავტორიტეტული იქნება, მიიღებთ მათგან ბევრ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას. დაუსვამთ კითხვებს, რომელზეც პასუხები მუდამ გაინტერესებდათ. კონკრეტული ფილმის გამო, გააცდენთ სკოლას, უნივერსიტეტს, სამუშაოს, იმიტომ, რომ მთელი წელი ელოდით მას. მოკლედ, მთელი დღეების განმავლობაში, შეჭამთ, დალევთ და ბუნებრივ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებთ კინოთეატრში, ხოლო დღის ბოლოს, ფილმებისგან მიღებული შთაბეჭდილებებით გაეშურებით სახლში და გადაღლილს მალევე ჩაგეძინებათ, მეორე დღის, პირველი სეანსის მოლოდინში.
ყველაფერი ზემოთთქმული არის ის, რასაც სიტყვა კინოფესტივალი თავის თავში აერთიანებს. ახლა დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ რა ხდება კინოფესტივალზე ჩვენთან. თბილისის მეთოთხმეტე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად შაბათს, არაოფიციალურად კი კვირას დასრულდა. შაბათს გამოვლინდა გამარჯვებულები, გავიდა 2009 წლის ფილმი "უკანასკნელი სადგური", და ასე წყნარად, ჩუმად, თითქოს არც არაფერი დაწყებულაო, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი შემდეგი წლისთვის დაგვემშვიდობა.
ყველაზე მეტად, ჩვენი კინოფესტივალი ღარიბულ ქორწილს ჰგავს. წყვილის ოჯახები დიდი გაწამაწიის შემდეგ, როგორღაც ახერხებენ, რომ შეაგროვონ მცირედი ბიუჯეტი, რომლითაც ერთ-ორ ლიტრ კარგ ღვინოს იყიდიან, დანარჩენს კი, როგორც გაწვდებიან. ქვეყნად სახელგანთქმულ თამადას, რა თქმა უნდა, ვერ მოიწვევენ, მაგრამ ერთეულებისთვის ავტორიტეტულ ფიგურას მაინც დასვამენ მაგიდის თავში. სტუმრები მხოლოდ იმისთვის მოვლენ, რომ ჭამონ, დალიონ და გოგოები/ბიჭები გაიცნონ, რეალურად, ღონისძიება, მისი მთავარი მოქმედი პირები და მათი ბედ-იღბალი, ყველას ფეხებზე ეკიდება. შემდეგ სტუმრებს ღვინო არ მოეწონებათ, თეფშის შეცვლას იმდენი ხნით დაუგვიანებენ, მადას დაკარგავენ, ხოლო კერძების ასორტიმენტი ისეთი აღმოჩნდება, როგორიც სახლშიც ყოველდღე აქვთ. საბოლოოდ კი ისეთი მოვლენიდან, რომელზეც მხიარულება, პომპეზურობა, გართობა, და უამრავი პოზიტიური შეგრძნება უნდა გეუფლებოდეს, გამოხვალ გაწბილებული და იმედგაცრუებული.
როგორც ყველა "ივენთი" ჩვენ დედაქალაქში, კინოფესტივალიც არ იყო გამონაკლისი და იყო ცუდად ორგანიზებული. თითქმის არცერთი ფილმი არ დაწყებულა თავის დროზე, ხოლო რაც შეეხება ამ ფილმების კინემატოგრაფულ ღირებულებას, ცალი ხელის თითები თავისუფლად გეყოფათ მათ გადასათვლელად. ამასთან, უმეტესობა სურათებისა, ინტერნეტში მარტივად მოსაპოვებელი გახლდათ. მასტერკლასებს ატარებდნენ რეჟისორები, რომელთა შესახებ, მხოლოდ უმაღლესი ლიგის სნობებს სმენიათ. ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხალხი კინოში დადიოდა არა იმიტომ, რომ რაიმე ფილმს განსაკუთრებულად ელოდებოდნენ ან კონკურსანტი ფილმების ბედი აღელვებდათ, ან ირგვლივ გამეფებული საზეიმო განწყობა იზიდავდათ, არა, მიზეზი ის გახლდათ, რომ ბილეთის ფასი მიზერული, ორი ლარი იყო.
კინოფესტივალზე ყოფნისას, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მაყურებელს თავი მოეყარა იაფფასიანი კინოს კვირეულზე. აქ ვერ ნახავდით ეგზალტირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ენერგიულად საუბრობდნენ სასურველი ფილმების მოლოდინში. არც ცხარე კამათს მოკრავდით სადმე ყურს იმაზე, თუ რომელი სურათი იმსახურებდა ფესტივალზე გამარჯვებას. ყველაფერმა ჩაიარა უხმაუროდ და მოსაწყენად. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი არც შეუმჩნევია, ჩატარდა თუ არა რაიმე ფესტივალი და მოიპოვა თუ არა მთავარი პირიზი ქართულმა ნამუშევარმა. და მოხდა ეს პირველად თუ მეთოთხმეტედ.
დარწმუნებული ვარ დიდად არც გაინტერესებთ, მაგრამ სტატიის ინფორმაციულობისთვის გეტყვით, რომ მთავარი პრიზი - ოქროს "პრომეთე" მოიპოვა არჩილ ქავთარაძის ფილმმა "კომა", რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხს, ციხეში პატიმრების წამებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ თემატიკა ჯერ კიდევ მტკივნეულია საზოგადოებისთვის, ფილმი იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ მთავარი პერსონაჟებისადმი თანაგრძნობა გაგიჩინოს. ვერცხლის "პრომეთე" საუკეთესო რეჟისურისათვის გადაეცა ფილმ "ნაწილაკი"-ს თურქ რეჟისორ ერდემ ტეპეგოზს. სპეციალური პრიზი ფილმის განსაკუთრებული ესთეტიკისა და ვიზუალისათვის კი მექსიკელმა სცენარისტმა ორლანდო ტირადომ მოიპოვა ფილმისთვის "მედეა".
საბოლოოდ, ყველაფერმა უკვალოდ ჩაიარა. დარწმუნებული ვარ, ფესტივალის მესვეურებს კეთილი სურვილები ამოძრავებთ და როგორც ქართული კინემატოგრაფისთვის, ისე ქართველი მაყურებლისთვის საინტერესო, ცოცხალი და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების (მთავარი დატვირთვა სიტყვაზე კულტურული) ტრადიციის დანერგვა სწადიათ. ამისთვის კი საჭიროა, მზადება უკვე დღეიდან დაიწყონ და არა შემდეგ წელს, როდესაც ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი. მათ მაყურებელს ისეთი რამ უნდა შესთავაზონ, რასაც კომპიუტერთან მჯდომი, ინტერნეტში თავად ვერ გადააწყდები. ისეთი არტისტები უნდა გააცნონ, ვისი მოსმენაც ისეთივე ამაღელვებელი იქნება, როგორც პირველი პაემანი. მოკლედ და კონკრეტულად, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იმიტომ კი არ უნდა იმართებოდეს, რომ პრეცედენტი შეიქმნას, ის უნდა იმართებოდეს იმისთვის, რომ ყოველწლიურ დღესასწაულს ელოდოს ხალხი, მასში მონაწილეობა პატივსაცემი იყოს, ხოლო ფესტივალში გამარჯვება, იმის ექვივალენტური, რომ ლაურეატ სურათს მაღალი კინემატოგრაფული ღირებულება გააჩნია. მაგრამ სანამ ამ ყველაფრის შესაცვლელად არ გადაიდგმება ნაბიჯები და საკონკურსო ფილმების შერჩევა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება პრინციპით - "ბევრ ნაგავში, რომელიც უფრო ნაკლებ ყარს", თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს არავინ მოეკიდება სერიოზულად და მისი არსებობა, იქნება უმნიშვნელო და აზრსმოკლებული.
გურამ ზვიადაური