ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის ვაჟი დეგი დუდაევი ლიტვის ქალაქ კაუნასში სასამართლოს წინაშე წარსდგა. მოულოდნელად, სასამართლოზე დუდაევმა დანაშაული აღიარა. გამოძიების ვერსიით, საქართველოს მოქალაქე, 30 წლის დუდაევი დაკავშირებული იყო დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც ყალბ ლიტვურ პასპორტებს უმზადებდა ვილნიუსში მცხოვრებ ქართველებს.
საქმეზე საბრალდებო დასკვნას მოსამართლე საათნახევრის განმავლობაში კითხულობდა. ამის შემდეგ დუდაევმა, რომელიც ადრე ბრალდებას უარყოფდა, მოულოდნელად დანაშაული აღიარა.
ბრალდებულის თქმით, ის ამ ყველაფერს კეთილი განზრახვით აკეთებდა და არავისთვის ზიანის მიყენება არ სურდა.
"არაფერს ცუდს არ ვხედავ იმაში, რომ მინდოდა დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებიც კავკასიაში, საშიშ ზონაში ცხოვრობენ. მსურდა დავხმარებოდი მათ მოხვედრილიყვნენ ევროპაში. ესენი არიან ბავშვიანი ოჯახები. მაგრამ მე არ ვიცი, სად აპირებდნენ ისინი სამომავლოდ გამგზავრებას, მე მხოლოდ მსურდა მათ ევროპაში ჩამოსვლაში დავხმარებოდი", - აღნიშნა დუდაევმა. დუდაევის სიტყვებს ლიტვური გამოცემა Delfi ციტირებს.
დუდაევი 2012 წლის მარტში დააკავეს. მის მანქანაში 7 ყალბი ლიტვური პასპორტი ნახეს. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მას დოკუმენტები ვილნიუსში მცხოვრები ქართველებისთვის მიჰქონდა.
მომზადებულია ntv.ru-ს მიხედვით.