საქართველოს მთავრობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას იწყებს. ამის შესახებ ჯერ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ისაუბრა, შემდეგ კი ეს ჩანაფიქრი მისმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა გაახმოვანა. როგორც ჩანს, საპენსიო რეფორმის განხორციელებაში ჩვენს მთავრობას მსოფლიო ბანკის დახმარების იმედიც აქვს. ცნობილი გახდა ისიც, რომ დაგროვებითი პენსია საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება. როგორია ევროპული სტანდარტების საპენსიო სისტემა? - სწორედ ამ შეკითხვით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ სოსო არჩვაძესთან:
- ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, საპენსიო უზრუნველყოფაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ბისმარკის დროიდან დაიწყეს - ანუ მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან. სისტემა, რომელზეც ჩვენი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და მისი მოადგილე საუბრობენ, თითქმის ყველა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მოქმედებს - დაწყებული აშშ-ით და ჩილეთი დამთავრებული. დაგროვებითი საპენსიო სისტემა გულისხმობს ადამიანის მიერ თავის კეთილდღეობაზე წინასწარ ზრუნვას - არა მარტო მაშინ, როცა შრომობს, არამედ შემდეგ - უკვე საპენსიო ასაკში. როგორც ვიცით, ის, რასაც ჩვენ დღეს პენსიას ვუწოდებთ, პენსია არ არის, ეს არის სოციალური დახმარება და სანახევროდაც ვერ აკმაყოფილებს ასაკოვანი ადამიანის საჭიროებებს.
- ბატონო სოსო, რას ნიშნავს დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა?
- თუ ადამიანს სურს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგაც ჰქონდეს შემოსავალი და უზრუნველყოფილი იყოს, სისტემატურად უნდა გადარიცხოს თანხა სპეციალურ ფონდში, რომელსაც სახელმწიფო დააფუძნებს, ან - სპეციალურ ანგარიშზე. ხანდაზმულ ასაკში მას დაგროვილი თანხა დანამატებით უკან დაუბრუნდება, როგორც პენსია. საქმე ის გახლავთ, რომ გადარიცხულ თანხას ფონდი ათავსებს მომგებიან აქტივებში, რის გამოც ამ ფულს მოგება მოაქვს. საპენსიო ფონდში ფული სეიფში კი არ არის ჩაკეტილი, ის სულ მოძრაობაშია. ამიტომ, პენსიაზე გასულ ადამიანს მარტო თავისი შენატანიდან კი არ ექნება შემოსავალი, არამედ იმ მოგებიდანაც, რომელიც ამ შენატანებმა უზრუნველყო გასული წლების განმავლობაში. ამდენად, მას მოგება მოაქვს ფონდისთვისაც და იმ ადამიანისთვისაც, ვინც ამ ფონდში თანხას რიცხავს. თუმცა აქ აუცილებლად გაჩნდება ერთი პრობლემა, კერძოდ - ნდობის ფაქტორი: ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს თანხა არ დაეკარგება. ჩვენს მოსახლეობას საკმაოდ მძიმე სინდრომი სჭირს: მოგეხსენებათ, რომ 1990-იანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ ხალხმა დაკარგა თანხა, რომელსაც ზოგი მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა და ბანკში ინახავდა. ამის გამო მოსახლეობის დამოკიდებულება ასეთი ფონდების მიმართ საკმაოდ სკეპტიკური და ფრთხილი იყო. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.
- დაგროვებითი საპენსიო სისტემა გაცილებით პროგრესული და ეფექტიანია.
- რა თქმა უნდა. ამის დასტურად გამოდგება აშშ-ის მაგალითი, სადაც სიღარიბის დონე 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ორჯერ დაბალია საშუალო ამერიკულ მაჩვენებელთან შედარებით.
- ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, რუსეთსა და აზერბაიჯანში, არა აქვთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა, მაგრამ პენსია ბევრად მეტია...
- იმიტომ, რომ იქ ეკონომიკა უფრო მეტად არის განვითარებული. ამავე დროს, მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკოვანი ადამიანების წილი მთლიან მოსახლეობაში. ჩვენთან მათი რაოდენობა საკმაოდ მაღალია, საშუალო ასაკის მოსახლეობის წილი კი - შემცირდა. სამწუხაროდ, ეს არ არის გამოწვეული სიცოცხლის გახანგრძლივებით - სიცოცხლის ხანგრძლივობა რაც 1980-იან წლებში იყო, იგივეა დღესაც, მაგრამ სამაგიეროდ, შობადობა შემცირდა. მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი და საშუალო ასაკის ადამიანთა რაოდენობაც კლებულობს. მეზობელ ქვეყნებს ამ მხრივ ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ: ჩვენთან მოსახლეობის საშუალო ასაკი თითქმის 38 წელია, აზერბაიჯანში - 29 წელი, ხოლო სომხეთში - 32 წელი. ეს ნიშნავს, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობა ნაკლები გვყავს, ხოლო პენსიონერი - მეტი. ამას ემატება უმუშევრობაც და რაც უფრო ნაკლები ადამიანი მუშაობს, პენსიაც ნაკლებია.
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)