ფრანგმა სამართალდამცავებმა ქართველი კოლეგების თხოვნა გაითვალისწინეს და ძებნილ ექსმინისტრს ნიცის აეროპორტში ხელბორკილები დაადეს. სასამართლომ 40-დღიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. ამ დროში პროკურატურამ საფრანგეთში დოკუმენტაცია უნდა გაგზავნოს და საფრანგეთის სასამართლო უნდა დაარწმუნოს, რომ კეზერაშვილი დამნაშავეა და მისი დაკავების პოლიტიკური საფუძველი საქართველოში არ არსებობს.
35 წლის დავით კეზერაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევა, დიდი ოდენობით ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლის მიღება. კიდევ ერთი ბრალდება ტელეკომპანია "იმედის" გასხვისებას ეხება.
უგულავა-კეზერაშვილი როგორ იყენებდა გავლენასა და ძალაუფლებას პირადი კეთილდღეობისთვის, ამის ერთ-ერთი სქემა გაზეთ "კვირის პალიტრის" #40-ში გამოქვეყნებული ჩემი კოლეგის, ემა ტუხიაშვილის სტატიითაც გაიშიფრა. გარე რეკლამაზე მოპოვებული მონოპოლია ერთ-ერთია იმ საეჭვო სქემებიდან, რომელიც ამ მაღალჩინოსნების სახელს უკავშირდება. დოკუმენტებში აშკარად ჩანს, როგორ ცვლიდნენ საკუთარი სურვილით ტენდერის პირობებს. მთავარი პროკურორი ადასტურებს, რომ პროკურატურაში კიდევ არის აღძრული რამდენიმე საქმე, სადაც კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს. ყოფილი ჩინოსნისთვის წაყენებული ბრალი 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კეზერაშვილის დაკავების შემდეგ ბევრმა მისი ექსტრადირების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა და ითქვა, ვინაიდან ის ისრაელის მოქალაქეც არის, ეს იქნება უარის თქმის საფუძველიო. "კვირის პალიტრა" მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩილინგარაშვილს ესაუბრა:
- საერთაშორისო სტანდარტია - როდესაც ძებნილს დააკავებენ მეორე სახელმწიფოში, დამკავებელი ატყობინებს ინიციატორს. ჩვენ ინტერპოლით შევიტყვეთ და დავუდასტურეთ, რომ ის იძებნებოდა. ამის შემდეგ ძებნის ინიციატორი ამზადებს ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობას, სადაც აღწერილია დანაშაულის ფაქტობრივი გარემოება, ძებნილის საიდენტიფიკაციო მონაცემები, წაყენებული მუხლის ამონაწერები თავისი დეფინიციებით. შუამდგომლობას ერთვის რამდენიმე დოკუმენტი: ბრალდების შესახებ დადგენილება, სადაც აღწერილია ბრალდების ფორმულირება, შესაბამისი დანაშაულების მითითებით და დაპატიმრების ორდერი, ჩვენს შემთხვევაში ეს არის მოსამართლის დადგენილება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე.
- ითქვა, რომ უცხოეთში ბევრი სხვა დაკავებულიც მტკიცებულებების უქონლობის გამო გაუშვეს და არ მოხდა მათი ექსტრადირება.
- არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ ითხოვს მტკიცებულებებს, გარდა ისრაელის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის.
ეს სამი ქვეყანა საქმის არსებითი განხილვის შემდეგ თუ მიიჩნევს, რომ პირი დამნაშავეა, მაშინ ექსტრადირება ხდება. არსებობს კონვენციით გათვალისწინებული გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაში ექსტრადიცია არ განხორციელდება. მაგალითად, თუ ძებნილისთვის წაყენებული ქმედება არ არის დასჯადი იმ სახელმწიფოში, სადაც პირს აკავებენ. სავალდებულო მოთხოვნაა ასევე, წაყენებული მუხლი სასჯელის სახით მინიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას მაინც ითვალისწინებდეს. უარის თქმის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს დანაშაულის ხანდაზმულობა, თუ დაკავებულს რომელიმე ქვეყანაში მინიჭებული აქვს პოლიტიკური დევნილის სტატუსი ან აქვს თავშესაფარი. და კიდევ, თუ პირი იმავე დანაშაულისთვის მსჯავრდადებული იყო სხვა ქვეყანაში და მოხდილი აქვს სასჯელი.