2013 წლის 7 ოქტომბერს, გვიან ღამით, რესტორან "ნაჭარმაგევიდან" მომავალი, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, იგივე "სუს"-ის თანამშრომლების კუთვნილი შკოდას მარკის ავტომანქანა ორ ჯარისკაცს დაეჯახა. სამხედროები ადგილზევე გარდაიცვალნენ. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში, ბენზინგასამართ სადგურ "ლუკოილთან" მოხდა.
როგორც გაირკვა რესტორანში 30-35 კაციან სუფრაზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს-ი) რეგიონული სამმართველოს უფროსის გოგა ხუხუას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. რესტორნიდან მომავალ ავტომანქანას კი სუს-ის ხაშური-ქარელის განყოფილების უფროსი გიორგი ხაჩიძე მართავდა. მანქანაში სხვა თანამშრომლებიც ისხდნენ. "საქმეს საპატრულო პოლიცია იძიებს. თუ გამოძიებით და მიმდინარე ექსპერტიზით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, პოლიციის თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთება, საქმე პროკურატურის დაქვემდებარებაში გადმოვა და ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება" - აცხადებს სამხარეო პროკურორი კახა ლაითაძე.
როგორც გაირკვა, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მისვლამდე, სამხედრო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს უფროსი გია ედიშერაშვილი და მისი თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც ფოტოები გადაიღეს. თუმცა შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოები qartli.ge-ს ჟურნალისტს საპატრულო პოლიციაში არ წარუდგინეს. სამხედრო პოლიციაში კი განაცხადეს, რომ სამმართველოს უფროსი გია ედიშერაშვილი შვებულებაში გავიდა.