თითქმის ერთი თვეა ქარელის რაიონის მოსახლეობას ავი სული მოსვენებას უკარგავს. სოფელ ზღუდეს მცხოვრებლებს მორიგეობით სძინავთ, უხილავი არსება ხალხს ქვებს ესვრის, მოჩვენება განსაკუთრებით ღამის თერთმეტ საათზე აქტიურდება. ავი სული თავდაპირველად ჯაბაშვილების ოჯახს დაესხა თავს და სახლს ქვებს ესროდა.
დიმიტრი ჯაფარაშვილი: - ქარელში ბებიასთან დასასვენებლად ვიყავი, ბავშვობიდან იქ ვისვენებ და ასეთი რამ არასდროს შემიმჩნევია. ერთ საღამოს, როცა ბიჭებთან ერთად ეზოში ლუდს ვსვამდით, საშინელი კივილის ხმა გავიგონეთ, ბებიაჩემი ქუჩაში გავიდა და როცა დაბრუნდა, თქვა, რომ ჯაბაშვილების ოჯახს ქვებს ესროდნენ. თავდაპირველად ეს სოფლის მკვიდრი ეგონათ, მაგრამ როცა ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს იწყებოდა ქვების წვიმა, სოფელში თქვეს, რომ ამას ავი სული აკეთებდა.
- საიდან ისროდნენ ქვებს?
- ზუსტი ტრაექტორია დაუდგენელია, ჯაბაშვილების ოჯახს მინები ჩაუმსხვრია, ერთხელ შევაგინეთ და განსაკუთრებით მაშინ გააქტიურდა. სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ ის ან ავი სულია, ან უცხოპლანეტელი. მე პირადად დამწვარი ფარდების და ჩამსხვრეული ფანჯრების გარდა არაფერი დამინახავს.
ავი სულისგან თუ უცხოპლანეტელისგან შეწუხებულმა მოსახლეობამ საქმეში საპატრულო პოლიცია ჩართო, ხელმოწერები შეაგროვეს და რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციის ეკიპაჟი სოფელ ზღუდეში პატრულირებდა, მაგრამ ვერც ქვების წარმომავლობა დაადგინეს, ანაბეჭდიც ვერ აიღეს და დამნაშავეც ვერ დააკავეს. მოსახლეობა ბავშვებს ქუჩაში არ უშვებს, ავი სულის თუ უცხოპლანეტელის გამოჩენას მეზობელ სოფლებშიც შიშით ელოდებიან.
ამ უცნაურ მოვლენაზე სასაუბროდ სოფელ ზღუდეს საკრებულოს წევრ დავით ჯოხთაბერიძეს დავუკავშირდით:
- ბატონო დავით, ავი სული ზღუდეს მოსახლეობას მართლა ესხმის თავს?
- ამ დროისთვის შეწყვეტილია ავი სულის თავდასხმა მოსახლეობაზე.
- რა ხდებოდა, როცა ავი სული შემოდიოდა სოფელში?
- ავი სული განსაკუთრებით ღამის 11 საათის მერე აქტიურდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ნანა ჯაბიშვილის ოჯახს მოულოდნელად დაესხა თავს და ეზოში ქვების წვიმა იყო. პირადად საკუთარი თვალით არაფერი მინახავს და რა გითხრათ, აბა. ჩვენი სოფელი სულ ტყეშია ჩაფლული.
- გინდათ თქვათ, რომ ტყიდან გამოდის ავი სული?
- რა გითხრათ აბა? არ ვიცი, ვინ ესხმის თავს მოსახლეობას, ადამიანია თუ არა (იცინის). პოლიციამ ვერც ანაბეჭდები იპოვა, მაგრამ როცა პატრული მორიგეობდა, სოფელში ქვების წვიმა არ ყოფილა, ესე იგი, ადამიანია.
- როგორც ვიცი, წერილიც დატოვა ავმა სულმა თუ უცხოპლანეტელმა...
- მეზობლებმა პოლიციაში წარსადგენად ხელმოწერები შეაგროვეს, ეტყობა ამაზე გაბრაზდა ის ამოუცნობი ობიექტი და ჯოხთაბერიძეებს წერილი დაუტოვა, იმუქრებოდა, ყველას დაგხოცავთო. პოლიციამ ამ წერილითაც ვერ დაადგინა სიმართლე. ერთ მეზობელს გაუბრაზდა და ფარდებს ცეცხლი წაუკიდა, შეაგინეს და მაგაზე განრისხდა.
- ფიზიკურად არ გინახავთ?
- ერთმა მეზობელმა მოჰკრა თვალი, დილის რვის ნახევარზე იდგა მის აივანზე. ამბობს მაღალი, გამხდარი შუა ხნის მამაკაციაო. გაეკიდა, მაგრამ გაუჩინარდა. აქამდე ასეთი რამ ქარელში არასდროს მომხდარა და ამ ამბავს ვერაფერს ვუკავშირებ. ბოლო რამდენიმე დღეა ზღუდეში ქვების წვიმა აღარ მოსულა.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)