კონკურს "ახალი ტალღის" ჟიურის მოწვეული წევრი ტოტო კუტუნიო რუსული ესტრადის "პატრიარქი მომღერლით" იოსებ კობზონით ჩაანაცვლეს, - ამის შესახებ ქართველი კონკურსანტის, სალომე ქათამაძის ბებიამ, ნატალია მაღლაფერიძემ "ამბები.გე"-ს განუცხადა.
როგორც ნატალია მაღლაფერიძე ამბობს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი კონკურსზე არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაა, რის გამოც ტოტო კუტუნიომ სალომეს დაბალი ქულა მიანიჭა.
-როგორც მითხრეს, ნასვამი იყო და სალომეს გამოსვლის დროს ეძინა. ნამღერის შეფასების დროს ის გაუღვიძებიათ. ამაზე გაბრაზებულა და დაბალი ქულა დაუწერია. კუტუნიოს ნაცვლად კობზონი იქნება ჟიურიში.
-თქვენ ვინ შეგატყობინათ ეს ამბავი?
-იურმალადან დამირეკეს და მითხრეს. ვერ გეტყვით, ვინ მითხრა.
ვინაიდან ტოტო კუტუნიო ჟიურის მოწვეული სტუმარია, მისი სხვა წევრით ჩანაცვლება ნაკლებად სავარაუდოა. ინფორმაციის გადასამოწმებლად "ამბები.გე" იურმალაში სალომე ქათამაძის მუსიკალურ პროდიუსერ რუსა მორჩილაძეს დაუკავშირდა.
- ნამდვილად არ ვიცი, ჩანაცვლებენ თუ არა კუტუნიოს კობზონით. ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს და ვერაფერს ვიტყვი.
-მაინც რა მოხდა, რატომ დაუწერა გუშინდელ ტურზე ასეთი დაბალი ქულა კუტუნიომ?
-ამბობენ ნასვამი იყოო და არაადეკვატური. მე მოვისმინე კრუტოი და რევზინი როგორ საყვედურობდნენ მას. მე ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, რაც იქ მოვისმინე.
-საქართველოში სალომეს გულშემატკივრებმა კუტუნიოს გადაწყვეტილება მტკივნეულად აღიქვეს და სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.
-ჩემთვის კუტუნიოს, როგორც მუსიკოსის აზრი, მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ის ჟიურის წევრია და არაფერი შეიცვლება. ჟიურიში სხედან ის პროფესიონალები, რომელიც წლებია ამ მუსიკალურ კონკურსზე მუშაობენ, მათ სალომეს დამსახურებული და შესაბამისი მაღალი ქულები დაუწერეს. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი.
-წინ მესამე ტურია, ხომ არ ნერვიულობს სალომე?
-არ ნერვიულობს, სალომე ფორმაშია, გავდივართ რეპეტიციებს. ის მოწოდების სიმაღლეზეა. ცუდი იქნება, თუ მესამე ტურის კონკურსზე აღმოჩნდება ისეთივე არაადეკვატური შემფასებელი და დაბალ ქულას დაუწერს. აი, მაშინ იქნება ცუდი. მაგრამ, იმედს ვიტოვებ ჟიური ობიექტური იქნება. ამის იმედი მაქვს.
გიორგი ბერიძე