მომღერალი ჯენიფერ ლოპესი 250 მილიონ დოლარს ფლობს, თუმცა ყოველთვის ასეთი შეძლებული არ ყოფილა. ლოპესმა ჟურნალ W Magazine-ს ინტერვიუ მისცა და საკუთარ ბავშვობაზე, მშობლებსა და პროფესიის არჩევანზე გულახდილად ისაუბრა. ვარსკვლავმა აღიარა, რომ 18 წლის ასაკში დედასთან სერიოზულად იჩხუბა და ამის გამო სახლიდან წასვლა მოუწია.
"18 წლის ასაკში დედასთან ვიჩხუბე. უნდოდა, რომ სხვა გოგონების მსგავსად კოლეჯში ჩამებარებინა, მაგრამ მხოლოდ ცეკვა მაინტერესებდა. ამიტომ სახლიდან წამოვედი. უზარმაზარ მეგაპოლისში, ნიუ-იორკში უსახლკაროდ დავრჩი. ღამე ცეკვის სტუდიაში, დივანზე მეძინა, მაგრამ ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ამაზე ბევრს ვიცინებდი და დიდ წარმატებას მივაღწევდი. რამდენიმე თვეში, როგორც წარმატებულ მოცეკვავეს ევროპაში სამსახური შემომთავაზეს. როდესაც დავბრუნდი, ლოს-ანჯელესში დავბინავდი. თავდაპირველად ლოს-ანჯელესი მძულდა. ყველას ვეკითხებოდი, სად არის რძის მაღაზია? ქუჩაში რატომ არავინ სეირნობს? ახლა ეს ქალაქი ძალიან მიყვარს. უკვე შვილები მყავს და ვხვდები, რას გრძნობდა დედა. ბავშვები არასდროს აკეთებენ იმას, რასაც ეუბნები, ისინი ისევე იქცევიან, როგორც მათი მშობლები", - განაცხადა ვარსკვლავმა ჟურნალ W Magazine-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მომზადებულია W Magazine-ს მიხედვით.